სტუმრად ჯუმბერ პატიაშვილის ეზო-კარში

საქართველოს ცეკას ყოფილ პირველ მდივანს - ჯუმბერ პატიაშვილს მცხეთაში, მის კარმიდამოში ვეწვიეთ. ბატონი ჯუმბერი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ იქ დასახლდა, - თბილისი დატოვა და საცხოვრებლად მიწათმოქმედთა ინსტიტუტის დასახლებაში გადავიდა. უყვარს საკუთარი ეზო-კარი და იქაურობას დიდხანს ვერ ტოვებს. პროფესიით აგრონომია, ასოცირებული პროფესორი, უყვარს ბუნება და დარგი, რომელსაც წლების განმავლობაში სწავლობდა.

კარ-მიდამოს დათვალიერებას მასპინძელთან ერთად, სახლით ვიწყებთ და იმ ოთახისკენ მიგვიძღვის, სადაც მისი განვლილი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოებია გამოფენილი.

როგორც მასპინძელი ამბობს, ამ ადგილს საგამოფენო დარბაზს უწოდებს. იქ საარქივო მასალაა

თავმოყრილი (15 ტომი, მათ შორის ფოტოები), რომლებიც ამ ადამიანის მიერ განვლილ ცხოვრებას ასახავს. "გადავარჩიეთ, გადავანაწილეთ და ყველაფერი აქ, კედლებზეა გაშლილი, რამაც სტიმული მომცა, უკვე წიგნზე "ოცდასამი წლის შემდეგ" მეფიქრა...

ეს განვლილი გზა მარტო მე არ მეკუთვნის, ჩემი ნათქვამით არ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს იმდროინდელი პერიოდი. როცა საუბარია შენს მოღვაწეობაზე, სხვისი შეფასება უფრო ღირებულია, მით უფრო, რომ საკუთარ თავზე არ მიყვარდა და არ მიყვარს ლაპარაკი.



- მართლა ბევრი უნიკალური ფოტოა...

- დიახ, აქ არიან ისინი, ვისაც ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ, საქმიანი ურთიერთობა მქონია, ვისთანაც ვმეგობრობდი, ვინც საქართველოს საპატიო სტუმარი ყოფილა და ა.შ. ამ კედელზე წარსულში ჩვენი პარტიული ფუნქციონერების, ხელმძღვანელების, სხვადასხვა კარგი პიროვნების ფოტოა გამოფენილი, მაგალითად, ვასილ მჟავანაძის, რომელიც ღირსეულად ემსახურა თავის ქვეყანას და როცა პენსიაზე გავიდა, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, თბილისში მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა, ისიც მეუღლის დაკრძალვაზე... 1985 წელს, როცა ცეკა-ს მდივნად ამირჩიეს, ჩამოვიდა, შემხვდა და მითხრა: ხომ იცი, საქართველო ძალიან რომ მიყვარს, ყოველთვის ვცდილობდი, მისთვის მხოლოდ კარგი გამეკეთებინა, ამიტომ, რაც ყველაზე მეტად მინდა, მისთვის ბევრი სიკეთეაო... ჩემდამი დამოკიდებულება ასე გამოხატა. ამ ფოტოზე ერთად ვართ აღბეჭდილები. აქვეა ფოტო - ლეონიდ ბრეჟნევთან...



პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც კომკავშირის ცეკა-ს პირველი მდივანი ვიყავი... ეს კი ბორის ელცინთან გადაღებული ფოტოა, თავისებური პიროვნება გახლდათ, თუმცა ჩემდამი კეთილად იყო განწყობილი, რასაც ხმამაღლა აცხადებდა. აქვე ფოტოებზე არიან აღბეჭდილები საკავშირო მთავრობის წევრები: გრომიკო, გარბაჩოვი, ლიგაჩოვი... აქ კი მე ქართული ხელოვნების, მეცნიერების, სპორტის დიდებულ წარმომადგენლებთან ერ­თად გახლავართ: მაგალითად, შესანიშნავი ფოტოა, ვერიკო ანჯაფარიძის, ზურაბ ანჯაფარიძის, ვანიკო მაჭავარიანის, ივიკო საყვარელიძის, ზურაბ სოტკილავასი, ეთერ ანჯაფარიძის, ლადო გუდიაშვილის, მარიკა ლორთქიფანიძის, მაია ჩიბურდანიძის, ირაკლი აბაშიძის, მედა ჯაფარიძის, ლანა ღოღობერიძის, როინ მეტრეველის, მზექალა შანიძის, აქვეა სომეხი მსახიობი, გენიალური ფრუნზიკ მკრტიჩიანი, კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვა, ჩემი რუსი მეგობარი სერგეი კუპრევი, რომიც ჩემთან ერთად, კომკავშირში მოღვაწეობდა, აქ წყნეთში ვართ ერთად.

ეს ტეტჩერის საქართველოში ჩამოსვლის ამსახველი კადრია. რაც 1987 წელს, საკმაოდ დიდი მოვლენა იყო. ერთი დღით ჩამოვიდა, ქორწინების სახლში ახალგაზრდების ქორწინებას დაესწრო და დალოცა ისინი. შემდეგ ზურაბ წერეთელმა მისი პორტრეტი გააკეთა და გადასცა.



საინტერესო პიროვნება იყო ნიკო კეცხოველი, ჩვენ მეზობლები ვიყავით. ის მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა, ჩვენ - ბარნოვზე... მახსოვს, როდესაც ბატონმა ნიკომ, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტის რექტორი იყო, უნივერსიტეტში "პირველი სხივი" გამოსცა და მამას წარწერით აჩუქა. მანაც განძივით მოიტანა ის სახლში. მერე, როცა წლები გავიდა და პარტიული ფუნქციონერი გავხდი, ერთმანეთს ხშირად ცენტრალურ კომიტეტში ვხვდებოდით, მაგრამ ყოველთვის შემორჩენილი გვქონდა ურთიერთობა, რომ მე პატარა ბიჭი ვიყავი, ის კი, დიდი მეცნიერი. მას მუდამ თან ჰქონდა ფოტოაპარატი, როგორც განუყრელი მეგობარი და თავადვე უყვარდა კადრის შერჩევა, ხშირად კადრისთვის პატარა სცენასაც დადგამდა და მერე ფოტოებს ადრესატებთან გზავნიდა.

- რას ნიშნავს ეს ფოტოები თქვენთვის?



- სინანულიც არის, მაგრამ სიმართლეა, აქ მოგონილი არაფერია, ურთიერთობაა, მეგობრობაა, თუმცა მყავდა ოპონენტები (ახლაც არ მაკლია), მაგრამ რა დამოკიდებულებაც მქონია ადამიანთან, ყოველთვის პირდაპირ მითქვამს. სიმართლე და პირდაპირობა აუცილებელია, რაც ჩვენს ცხოვრებას ძალიან აკლია.

- ამ ოთახში ბილიარდის მაგიდა დგას, - ბილიარდს კარგად თამაშობთ?


- რომ გითხრათ, ძალიან კარგად-მეთქი, - არა, თუმცა შვილიშვილებთან კარგად ვერთობი...

- თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი აქ რომელია?



- სახალხო მხატვარ ნინო შალიკაშვილის ნაჩუქარი საკუთარი ნამუშევრები. როდესაც 90-იან წლებში მიწათმოქმედების ინსტიტუტის დირექტორი გახლდით და თან უკვე აქ ამ დასახლებაში ვცხოვრობდი, ერთ-ერთი კარგი პიროვნების, თანამშრომლის დაკრძალვაზე ვიყავი. იქ ერთმა ქალბატონმა სიტყვა მოითხოვა, ცოტა გამიკვირდა, რადგან სუფრას თამადა ჰყავდა. მან ჩემი სადღეგრძელო თქვა, ვფიქრობდი, - ვინ არის ეს ქალი და რაშია საქმე-მეთქი? (თუმცა იქ მას ბევრი იცნობდა, გარდაცვლილის მეგობარი იყო). ქალბატონმა თანადგომისთვის მადლობა გადამიხადა და საჩუქრად საკუთარი წარწერით თავისივე ნახატი გადმომცა. თურმე მისთვის გარკვეული პერიოდის წინ ბინა მიმიცია, რაც არ მახსოვდა, რადგანაც ასეთ განცხადებას თვეში 100-ს მაინც ვაწერდი ხელს, როდესაც ადამიანები მიღებაზე მოდიოდნენ. ეს ქალბატონიც მათ შორის ყოფილა... სურათით რომ დამასაჩუქრა, შემდეგ მითხრა, - ახლა მინდა, ჩემი სახლი გაჩვენოთ, სად ვცხოვრობო და თავისთან საბურთალოზე, ოროთახიან ბინაში მიმიწვია. კედელზე ბევრი სურათი ეკიდა. რომელი მოგწონთო? - მკითხა. ყველა კარგია-მეთქი. მერე ადგა, ერთი ნახატი ჩამოხსნა და მაჩუქა. ახლა ამ ნამუშევრებს ჩემს სახლში სერიოზული ადგილი უკავია.

ეს ჩემი ნახატია, მეორე ჩემი ნამუშევარი კი დავკარგე. როცა ამ ნახატზე მეკითხებიან, ვინ არის ავტორიო? მიჭირს პასუხი, რადგანაც ისეთი მხატვრების გვარებს ასახელებენ, მრცხვენია. არადა, 40 წლის წინ დავხატე, - დედამიწა, ცა და მის ქვემოთ არსებული სამყარო. აბსტრაქციაა.

მასპინძელს შემდეგ იმ შენობისკენ მივყავართ, რომელიც იქვე ეზოშია. გვეუბნება, რომ ეს ნაგებობა აქ იყო, უბრალოდ, ცოტა ხნის წინ გაარემონტა, გაახლდა, სადაც ილიას დარბაზი გახსნა (ამ საქმეში დიდი შრომა არქიტექტორ ქუჩი ჭუბაბრიას მიუძღვის). ბატონი ჯუმბერი გვეუბნება, რომ დარბაზი უმთავრესად ამ სოფლის ახალგაზრდებისთვის არის გამიზნული, მათი დამატებითი საგანმანათლებლო ცენტი იქნება, რომელსაც დირქტორიც ეყოლება. დარბაზში უამრავი საინტერესო ფოტოილუსტრაციაა წარმოდგენილი, მათ შორის, იური მეჩითოვის მიერ შექმნილი ილიას პანორამა, რომელიც მწერლის პორტრეტების მიხედვით არის გაკეთებული. დარბაზს აქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, რაც პატიაშვილების პირადი ბიბლიოთეკის ნაწილია. მასპინძელი ამბობს, რომ ამ სივრცეში ცოტა ხნის წინ გურამ დოჩანაშვილის იუბილე გაიმართა.

შემდეგ ეზოს იმ ნაწილში ვინაცვლებთ, სადაც ბამბუკები ხარობს და შესანიშნავ ტევრს ქმნის. "ამ კულტურამ აქ გაიხარა, ამასთან, ყოველ გაზაფხულზე ათეულობით ბამბუკს ვჭრი, რადგან მისი მიშვება არ შეიძლება. ფესვთასისტემა ისე აქვს განვითარებული, რომ მიდის და მიდის, ამიტომ წინაღობას ვუქმნით, რომ ძალიან არ მომრავლდეს. ჩემი ბამბუკები 15 წლის გახლავთ და ყველას მოსწონს. არც ზამთრის გადატანა უჭირს, საინტერესო კულტურაა. დღე-ღამეში 70 სმ-მდე იზრდება და მასალადაც კარგია. ფანჩა­ტურიც გავაკეთე მისგან და ილიას დარბაზის ეზოში მშვენიერი ღობეც", - ამბობს ბატონი ჯუმბერი. ბამბუკების ტევრში ამოყირავებული გლობუსი კიდია, რაზეც რესპონდენტი ასე გვპასუხობს: "მსოფლიო რეალურად ამოყირავდა, ჰოდა, ჩემს ბამბუკეთში მსოფლიოს ამოყირავება ასეა სიმბოლურად გამოსახული... ეს კლიმატსაც ეხება - ყველანაირი უბედურება ერთმანეთშია გადახლართული".



- ფანჩატურში მახვშის სავარძელი დგას...

- კი, სვანებმა მაჩუქეს, დიდთოვლობის შემდეგ, ბარში რომ ჩამოვასახლეთ, მაშინ გადმომცეს. ამ ნივთის მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი...

- მშვენიერი ხეივანი გაქვთ...

- კი, მართლა კარგი მტევნებია. რქაწითელი გახლავთ და რქაწითელზევეა დამყნობილი. ხეივანში ნახევარი თეთრი ყურძენია, ნახევარი - შავი და შემოდგომით მათ ყურებას არაფერი სჯობს.

რაც შეეხება მცენარეებს, ხელოვ­ნური ვარდებიც გვაქვს და ბუნებრივიც. ამ ბუჩქოვან მცენარეს კი სამი ფერის ყვავილი აქვს... ღობის ძირას უეკლო მაყვალი ხარობს, ის ამერიკელმა ბიზნესმენებმა საქართველოში 1994 წელს შემოიტანეს. მისი წარმოებაც უნდა დაგვეწყო, თუმცა არ გამოვიდა, მხოლოდ ჩამოტანილი ნერგები დაგვრჩა. მერე ზოგმა ითხოვა, ზოგმა ისე წაიღო და ასე გავრცელდა ეს კულტურა საქართველოში. მანამდე აქ უეკლო მაყვალს არავინ იცნობდა. სილამაზისთვის მაქვს დარგული, დიდ მოსავალს ამისგან არ ვიღებ.


- ბოსტანში პამიდორსაც უხვად ასხია...

- კი, ჩვენს ბოსტანში პომიდორი და კიტრია დარგული. წელს პომიდვრის დიდი მოსავალი გვქონდა... შეხედეთ ჩვენს კვახებს, როგორ ლამაზად ასხია. სიმინდმაც გაგვაკვირვა, - ოთხტაროიანია. ეზოში ყველანაირი ხეხილი ხარობს: კაკალი, ლეღვი, ატამი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, მუშმალა. ზეთისხილის ხეც მაქვს. ვაზი ეზოს ამ ნაწილშიც გავაშენე და აქაურობას "ვაზისუბანს" ვეძახი...

- ეზოში საცურაო აუზი და კალათბურთის მოდანიც გაქვთ.

- 4 შვილიშვილი მყავს და დიდი ჟრიამული აქვთ.

- ცხადია, ღვინოსაც აყენებთ...

- 400 კილოგრამამდე ყურძენი მოდის, ღვინოსაც ვწურავ და არაყსაც ვხდი. ჩემებური ტექნოლოგია მაქვს. გამოხდილ არაყში ვყრი თუთის ხის შუაგულიდან მოყვითალო ფერის ნაწილს... მოკლედ, აქ არის მშვიდობა, სიწყნარე, ჰაერი და რაც მთავარია, ბუნებასთან უშუალო შეხება მაქვს. ვერც კი წარმოვიდგენ, სხვაგან სად უნდა ვიყო. ჩემს შვილიშვილებსაც უყვართ აქაურობა. ერთ კუთხეს ერთ-ერთმა კაკლიანი დაარქვა, რადგანაც კაკლის ხეებია და კარგი ჩრდილიც არის...

კაცს რომ სოფელში არ უნდა წასვლა, ამაზე რა უნდა ვთქვა, არც ვიცი. უზომოდ მიყვარს ჩვენი ქვეყნის ყოველი კუთხე. ძლიერი სოფლის გარეშე საქართველო ვერ გაძლიერდება... ბატონი ჯუმბერის სახლისა და ეზო-კარის კიდევ ბევრი ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში

ლალი ფაცია

კომენტარები

mari 2023-03-05 20:44
ksvjubei თვითონ ხარ აგენტი მოგონილ სახელზეც გეტყობა ...
ნორა 2023-03-05 03:10
უაღრესად კარგი პატიოსანი ადამიანი
kachubei 2023-03-03 16:13
ვკითხულობ კომენტარებს და ვრწმუნდები,რომ როგორ არიან ხალხი ზომბირებული და დეგრადირებულები,ცრუ პროპაგანტისა და ინფორმაციის საფუძველზედ. პატიაშვილის კაი კაცობაზე. და სინამდვილეში პატიაშვილი იყო, ჩვეულებრივი სკპპ-ს ნომენკლატურა,ანუ კორუმპირებული, მექრთამე და სსრკ-ს კგბ-ს აგენტი.
nejna 2023-03-02 23:56
ამხელა თანამდებობის პირი იყო და რა მოკრძალებულად ცხოვრობს...
თინა 2017-05-04 11:47
ძალიან ვაფასებ ბატონ ჯუმბერ პატიაშვილს მე პირადი შეხება მქონდა მასთან, როდეაც კომკავსირის ცეკაში მუშაობდა. ის ნამდვილად დიდი პიროვნებაა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები