დალი ფრიდონაშვილმა ერთ წელიწადში ევროპული აგარაკი შექმნა ძეგვში

დალი ფრიდონაშვილი განათლებით ფსქოლოგია... ბევრს ალბათ ახსოვს ის, როგორც ტელეწამყვანი - დიდხანს უძღვებოდა გადაცემას "გინდ დაიჯერეთ, გინდ არა". ამჯერად რეკლამისტი-მარკეტოლოგია და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში მუშაობს... როგორც თვითონ ამბობს, ერთდროულად მისი სამსახური და აგარაკი ცხოვრების მთავარი ჰობია... ერთ წელიწადში ძეგვში ისეთი წალკოტი შექმნა, რომელიც უამრავ მნახველს იზიდავს. აგარკზე სულ მალე საგამოფენო სივრცის მოწყობასაც გეგმავს...

- ერთი წელია სოფელ ძეგვში სახლი ვიყიდე. ჯერ აქ კიდევ არ დავსახლებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი სამუშაოები ჩავატარე არნახული ტემპით. დილით ადრე ჩამოვდიოდი, ხელოსნებს დავხედავდი, შემდეგ გავრბოდი და
11 საათზე სამსახურში ვცხადდებოდი. დღესაც ვმუშაობ!
როცა სახლს ვეძებდით, მთავარი იყო თბილისთან ახლოს უნდა ყოფილიყო, სხვა კლიმატი და აუცილებლად ბაღი უნდა ჰქონოდა. ეზო ბევრი სიმწვანით და ხილით, ყვავილებს მეც დავრგავდი. სახლი პატარაც რომ ყოფილიყო, შემდეგ მე მივიყვანდი იმ კონდიციამდე, როგორიც მსურდა... ძალიან ბევრი სახლი ვნახეთ, მაგრამ მე და ჩემი ქალიშვილი როდესაც აქ პირველად შემოვედით, ვიგრძენით, რომ სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდით. ამიტომაც ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ვიყიდეთ... ორი ერთმანეთს მიდგმული, ძველი სახლი იყო, სრულიად გასარემონტებელი. ფაქტობრივად შავი კარკასი ვიყიდეთ... ცოტა უცნაურად მომივიდა: სახლს კრამიტი ჰქონდა, ვიცი, რომ კრამიტი ყველაზე ჯანმრთელია, მაგრამ კარგი რემონტის შემდეგ კრამიტს რომ ავხედე, მივხვდი, რომ სახურავი ქარიშხლის დროს შეიძლებოდა გადაწეულ-გადმოწეულიყო და მთელი შრომა წყალში ჩაგვყროდა. ამიტომაც სახლს სახურავი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გავუკეთეთ... იღბლად აგვისტოს გვალვა დაემთხვა და მზიანი ამინდები ძალიან დაგვეხმარა...

ჩემთვის ყველაზე დიდი სიამაყე და სიამოვნების წყარო ვერანდაა... ამიტომაც წინ უზარმაზარი ვერანდა გავაკეთე, რომელიც 45 კვადრატული მეტრია... ძირითად დროს ამ ვერანდაზე, ჰაერზე ვატარებ და სახლში ძალიან გვიან შევდივარ!

- ალბათ ეზოშიც დიდი სამუშაოები ჩაატარეთ...
- სახლი მაისში ვიყიდე და ეზოში სიმწვანე და ცოტა ყვავილებიც დაგვხვდა... თავიდან ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თავს ვიკავებდით, საქონლის ნაკელის სუნი იყო ეზოში. თუმცა ეს ყველაზე დიდი სიმდიდრე გამოდგა. იმდენად ნოყიერი მიწაა, აბსოლუტურად ყველაფერი იხარებს, რასაც კი დარგავ... მაშინვე დავთესე კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, მწვანე ლობიო, მწვანილები, ხახვი, ნიორი, ძალიან ბევრი სახეობის ყვავილები... სახლი რომ ვიყიდეთ, შემოსასვლელში თუთა იდგა, ნაყოფი სულ სახლის წინ იყრებოდა, რომელსაც ბუზები და ფუტკრები ეხვეოდა. ტოტები უკვე ხმებოდა და ამიტომაც მოჭრა გადავწყვიტე... ოღონდაც ისე მოვაჭრევინე, რომ თითოეული მოჭრილი ტოტი თაროებად ვაქციე. თაროებზე დავალაგე ლარნაკები, ქოთნით ყვაავილები და ძალიან ლამაზი გამოვიდა... ამის წინ ბროწეულები და სხვადასხვა ხილი დავალაგე თაროებზე და ულამაზესი ნატურმორტი იყო. ეზოში ყველა სახეობის ხილია, რაც კი საქართველოში გვაქვს...


მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები