"მთავარია სიყვარულით აკეთო და ენერგია არასდროს მოგაკლდება" - მშვენიერი ბაღი ტაბახმელაში

ნინა გვენეტაძე პროფესიით ეკონომისტია, თუმცა დაოჯახებისა და შვილების გაჩენის შემდეგ გადავწყვიტა, მთელი დრო ოჯახისთვის დაეთმო. 3 შვილის აღზრდის პარალელურად ასეთი საოცარი ბაღის გაშენებაც მოახერხა, იშვიათი ჯიშის ვარდებითურთ. სწორედ ამის შესახებ გვიამბობს.

- ყვავილების სიყვარული დედისგან მერგო. ულამაზესი ბაღი გვქონდა და ბავშვებიც ამ გარემოში ვიზრდებოდით.
შვილების წამოზრდისთანავე კი მალევე დადგა საჭიროება, რომ თბილისის გარეთ გადავსულიყავით. აგარაკი ტაბახმელაში გვაქვს უზარმაზარი ეზოთი, რომელსაც დედამთილ-მამამთილი უვლიან დიდი სიყვარულით. ჩემს დედამთილს ძალიან უყვარს მცენარეები და კარგად გამოსდის დაკალმება-გამრავლება. მეც გავანდე ჩემი იდეები ეზოსთან დაკავშირებით და ერთად
შევუდექით ბაღის დაგეგმვა-გალამაზებას. მეუღლე თავიდანვე გვერდით დამიდგა. ასეთი მხარდაჭერის გარეშე არც ვიცი, რა შედეგი ექნებოდა ჩემს შრომას. ამ პერიოდში აღმოვაჩინე ფეისბუქზე საოცარი ჯგუფი "ყვავილნარი". იქ გავიცანი ძალიან თბილი ადამიანები, ირინა ღარიბაშვილი - ჯგუფის ადმინისტრატორი. ამ ჯგუფში ძალიან დადებითი მუხტია. ვხედავდი უამრავი ადამიანის ბაღს, ვისმენდი რჩევებს და ეს ჩემს პრაქტიკაში გადამქონდა. ძალიან შემიყვარდა ეს ხალხი და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველას.


მრავალფეროვანი მცენარეები

დღესდღეობით ჩემი ბაღი 8-9 წელს ითვლის. რასაკვირველია ამ წლების განმავლობაში იყო შეცდომები, ძიებები, ცვლილებები. ამ პროცესს ვერავინ გაექცევა და ამაშია ალბათ მისი ხიბლიც. რაც მეტ ენერგიას დებ საქმეში, მით უფრო გიყვარდება და აფასებ. ბევრი მცენარე შევიძინე, ბევრიც მაჩუქეს, მაგრამ ზოგმა ვერ გაუძლო ტაბახმელის მკაცრ კლიმატს, ამიტომ ვცდილობ მოვერგო აქაურ ბუნებას.
ამჟამად ბაღში მაქვს შტამბოვანი და ხვიარა ვარდები, ულამაზესი ნაძვი Picea pungens Glauca, რომელმაც ცენტრალური ადგილი დაიკავა დამსახურებულად, ასევე - იუკა, ქრიზანთემები, პეტუნიები, დეკორატიული მიხაკები, მშვენიერი თეთრი გვირილები, გაზანიები, იპომეები (დილის ვარდი), ნარცისები, ტიტები, ენოთერები, ჰორტენზიები, შროშანები, ამარილისები, წიწვოვანები, ძახველის ერთ-ერთი სახეობა და ა.შ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეზოში ვერასდროს დავრგავ იაპონურ წითელ ნეკერჩხალს და ბზას - მკაცრი კლიმატის გამო.

მინდა, რომ ბაღი წლის ყველა დროს მწვანე და ფერადოვანი იყოს. მათ შორის ზამთარშიც. ამისთვის გადავწყვიტე, მარადმწვანე მცენარეებით გავამდიდრო - ტუიებით და ნაძვებით. შევიძინე თეთრი შინდი, რომელიც ზამთარში ფოთოლს ყრის და წითელი, ალისფერი ტოტებით იწონებს თავს. მომდევნო სეზონებზე კი ისეთ მცენარეებს შევმატებ, რომლებიც ეტაპობრივად ყვავიან და შესაბამისად მივიღებ ფერების უწყვეტ ჯაჭვს.

მცენარე ხომ ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ მოვლას საჭიროებს, მოფერებას. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ჩემი ერთ-ერთი ვარდი არ ყვავილობდა 2 წლის განმავლობაში. ერთ დღესაც გაბრაზებულმა დავტუქსე, თუ ყვავილს არ მიჩვენებდა, გავუშვებდი ეზოდან და წარმოიდგინეთ, წელს ამ ვარდმა რეკორდი მოხსნა კოკრების რაოდენობით. ამიტომ მივედი, მოვეფერე და მადლობაც ვუთხარი.

 

მოვლა

მაგრამ მარტო მოფერება ვერ უშველის, დამეთანხმებით. გაზაფხულიდან ვიწყებ კვება-წამლობას. აზოტის, ფოსფორის და კალიუმის და მაგნიუმის შემცველი სასუქების მიშველებას ეტაპობრივად. ძალიან კარგი სასუქია ნაცარი. კალიუმს, ფოსფორს და კალციუმს შეიცავს. უფრო მშრალი სახით ვუყრი მცენარეებს. ასევე აუცილებელია შეწამლვა მავნებლებზე. როგორც კი ერთი მავნებელი გამოჩნდება, ყველა მცენარე მაშინვე უნდა შეიწამლოს, რადგან ძალიან სწრაფად ვრცელდება და ხშირად შეუიარაღებელი თვალით ძნელად შეიმჩნევა. თუკი დროულად მოხდება პრევენცია, შედეგით ნამდვილად ისიამოვნებთ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ადგილმდებარეობა. ზოგი მცენარე ჩრდილს საჭიროებს, (მაგალითად, ჰოსტა, ჰორტენზია) ზოგი - პირდაპირ მზეს (ლილია, პორტულაკი, ამარილისი) და ზოგიც - გაფანტულ სინათლეს. ასევე საშიშროებას წარმოადგენს ძლიერი ქარი. ყველაზე მწარედ კი ის დღე მახსოვს, როცა ქარმა ერთდროულად რამდენიმე შტამბოვანი ვარდი გადატეხა. პლუს უნდა ვიცოდეთ, როგორი ნიადაგი მოსწონს ამა თუ იმ მცენარეს.
დილას ბაღში ჩამოვლით ვიწყებ, იმიტომ რომ დიდია ინტერესი და მოლოდინი, თუ დღეს რომელი და როგორი ყვავილი გაიშალა, ან რომელმა დაიყვავილა და გადასაჭრელია. თუ რაიმე პრობლემას ვხედავ, ვუღებ ფოტოს და შემდეგ ვიძიებ ინტერნეტში ან სპეციალისტებთან. ბაღში გასვლა, მიწასთან შეხება, ყვავილებში ფუსფუსი თავისებური რელაქსაციაა. გამშვიდებს, გახალისებს ადამიანს.

როცა მეკითხებიან, როგორ ვასწრებ საქმის კეთებას, ქმარ-შვილის, ოჯახის მოვლას, ვპასუხობ: მთავარია სიყვარულით აკეთო და ენერგია არასდროს მოგაკლდება. როცა ოჯახში საერთო მისწრაფებებია, გვერდით დგომა, სიყვარული, იქ შემართებაც ულევია, ხალისიც, ფანტაზიაც და დროც ნაყოფიერად იხარჯება.
ჩემი ბაღით კმაყოფილი ვარ, თუმცა სიახლეები სულ მექნება, რადგან ეს სტიმულის მომცემია. მინდა ყველას ვუსურვო საოცნებო ყვავილნარის გაშენება, ჯანმრთელობა, სიხალისე და ბედნიერება...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები