დები შეროზიების ეზო ხობში, მათივე შექმნილი დეკორაციებით და გარდაცვლილი მამის სახსოვრად მოწყობილი წალკოტი

მადონა შეროზია ხობის რაიონში შუათანა დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობს. უმცროსი და გათხოვილია, საკუთარი ოჯახი აქვს, თუმცა მშობლიურ სახლთან კონტაქტი ერთი დღეც არ გაუწყვეტია. „ეზო ეკუთვნის დებ შეროზებს“ - ასე გაგვაცნი გარდაცვლილი მამის დანატოვარი სახლ-კარი მადონამ.

- თვითნასწავლი ხელოვანი ვარ. ვქმნი ეზოს ხელნაკეთ დეკორაციებს. არც ისე დიდი ხანია ამის შექმნა დავიწყე, თუმცა ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული დავიმსახურე, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს.


- მოგვიყევით ეზოზე, რომელმაც სოციალურ ქსელში ბევრი აღაფრთოვანა.
- ჩემი
ეზოს ფოტოებმა ნამდვილად აღაფრთოვანა უამრავი ადამიანი. ეზო მდებარეობს სამეგრელოში, ხობის რაიონში, სოფელ საჯიჯაოში. ეზო ეკუთვნის დებ შეროზიებს. ასე შევარქვით მამის გარდაცვალების მერე. მამა 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას შემდეგ თავიდან ვისწავლეთ ცხოვრება, დიდი გაჭირვებით. დედასთან დავრჩით მე და ჩემი ორი და. ძალიან რთული იყო ქალებისთვის ოჯახის გაძღოლა. ჩემი უმცროსი და სულ რაღაც 7 წლის იყო, როცა მამა გარდაიცვალა. ფაქტობრივად მე და ჩემმა მეორე დამ გავზარდეთ. ვცდილობდით მისთვის უმამობა არ გვეგრძნობინებინა. ამჯერად დაოჯახებულია და საკუთარი ოჯახი აქვს.

დებმა ოჯახის საქმე გადავინაწილეთ. ჩემი შუათანა და მუშაობდა და ფინანსურად გვეხმარებოდა, მე კიდევ ასე ვთქვათ დედასთან ერთად ოჯახში მამაკაცის საქმე ვიტვირთე. მას შემდეგ ერთმანეთის გვერდში დგომით ვცდილობთ ღირსეულად წარუძღვეთ ოჯახს. ამჟამად დაც და დედაც სხვაგან მუშაობენ და მე ვარ ამ ეტაპზე დიასახლისი.

- ძალიან ლამაზი ეზო გაქვთ. ყვავილებს ვინ უვლის? მცენარეებზე ვინ ზრუნავს?
- როგორც გითხარით, საქმეს ვინაწილებდით. თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერს მე ვუვლი. პანდემიის პერიოდში მე და ჩემმა დამ, დარინამ დავიწყეთ ეზოსთვის დეკორაციების გაკეთება და შეძლებისდაგვარად გამოგვივიდა კიდეც. ვინც ჩვენს ეზოს ნახულობდა, ყველას აღფრთოვანებას იწვევდა. ასევე, ეზოში გვაქვს მამის დატოვებული ვენახი, რომელსაც დიდი სიყვარულით ვუვლი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ეზოს ჩემი ხელნაკეთი დეკორაციები ამშვენებს და ვიტყოდი არა მარტო ჩემს ეზოს.
ასევე, ხელსაქმესთან ერთად სახლში მიწევს უამრავი სასოფლო საქმეების გაკეთება. ვუვლი ვენახს, მომყავს ყურძენი, შემდეგ ვყიდი. ასევე, ვაყენებ ღვინოს. თხილის მოვლა, შეგროვება, შეწამვლა, ბარვა, თოხნა, თიბვა, და ა.შ. ამასთან ერთად, დიდი შრომის და მონდომების შედეგად ვცდილობ ჩემი საქმიანობაც განვავითარო.

- რა მასალით აკეთებთ დეკორაციებს, როგორია სამუშაო პროცესი?
- ეზოს დეკორაციებს ვამზადებ ბეტონისგან. საკმაოდ რთული და შრომატევადია ბეტონთან მუშაობა, მით უმეტეს გოგოსთვის. თან როცა არანაირი ხელსაწყო არ გამაჩნია. თუ ეს საქმე ძალიან არ გიყვარს, ვერ შეძლებ მუშაობას და შექმნი ასეთ ნამუშევრებს.

- მზესა და წვიმაში რამდენად გამძლეა და ინარჩუნებს ფერს?
- უკვე რამდენიმე წელია ჩემს ეზოს ამშვენებს ეს დეკორაციები, მაგრამ იერსახე არ დაუკარგავს. ფასადის საღებავით ვღებავ და საკმაოდ გამძლეა.
1
- ბევრ ეზოს ამშვენებს თქვენი ნამუშევრები?
- დიახ, საკმაოდ და ეს ძალიან მიხარია. თუმცა ვისურვებდი ეს საქმიანობა კიდევ უფრო გავაფართოვო, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ეზო გავალამაზოთ. 











მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები