"გული სულ მოგვიწევდა ამ ულამაზესი ადგილისკენ..." - სავანე, რომელიც სამი შვილის დედამ სიონში მოაწყო

„მრავალწლიანი განშორების მიუხედავად, ყოველთვის ვგრძნობდი გენეტიკურ ბმას სიონთან და მინდოდა დაბრუნება“, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი დერმატო-ვენეროლოგმა ლიკა ზურაბიშვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად, მშობლიურ სოფელში, სიონში ულამაზესი კოტეჯები დადგა და მყუდრო დასასვებენ ადგილად აქცია. ეზო, სახლის, კოტეჯების ინტერიერი და დიზაინი ლიკას ეკუთვნით. ხშირად ცვლის სხვადასხვა დეტალს, რათა გარემომ ხიბლი არ დაკარგოს და ერთფეროვანი არ გახდეს.

- მყავს მეუღლე და სამი შვილი. მამაჩემის წინაპრები ცხოვრობდნენ სიონში. მამაჩემის მამა სკოლის დირექტორი იყო, ბებია - რუსულის მასწავლებელი. მამამ სკოლა იქ დაამთავდა. სამწუხაროდ, დედა ნაადრევად
გარდაეცვალა და ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სიონში აღარ დაგვრჩა საცხოვრებელი, მაგრამ რაღაც გენეტიკური ბმა ყოველთვის გვქონდა, გული სულ მოგვიწევდა ამ ულამაზესი ადგილისკენ. მამას მეგობრები, კლასელები, ბევრი ცხოვრობს სიონში და როცა ჩავდიოდით, გულითადად გვიმასპინძლდებოდნენ, მაგარმ სულ გვინდოდა საკუთარი სახლი.

როცა უკვე ოჯახი შევქმენი, შვილები მეყოლა, გადავწყვიტეთ, ჩვენი კერა გვქონოდა, სადაც ზაფხულობით ბავშვებს დასვენების შესაძლებლობა ექნებოდათ. 2014 წელს შევიძინეთ სახლი კარკასულ მდგომარეობაში. ცენტრთან ახლოს მდებარეობს, თან ივრის ულამაზესი ხედი იშლება. თითქოს კუნძულზეა აღმართული, იქვე მდინარე ჩამოდის, რაც განსაკუთრებულ ელფერს ჰმატებს გარემოს. ერთი სიტყვით, ძალიან მომეწონა ადგილმდებარეობა და შევიძინეთ. დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთება. ძალიან მინდოდა ტერასა, რომელიც მდინარეზე იქნებოდა გადაკიდებული და საიდანაც ლამაზი ბუნების ხედი გაიშლებოდა. ისე ვიყავი ამ ეზოთი მოხიბლული, პირველ რიგში ეზოს გაკეთება დავიწყე.

ძალიან დიდი სამეგობრო გვყავს და როდესაც სტუმრად ჩამოდიოდნენ, ზოგმა გვთხოვა, რომ აქ დაბადების დღეს გადაიხდიდნენ, ან საცოლეს ხელს სთხოვდნენ და ა.შ. რაღაცნაირად თავისთავად მიიღო სადღესასწაულო დატვირთვა. სიტუაციამ თვითონვე მოიტანა, რომ ორსართულიანი სახლის გარდა ეზოში ჩაგვედგა კოტეჯები. პანდემიის პერიოდში გავაკეთეთ დიდი ვიტრაჟული დარბაზი ლოფტის სტილში. ეს არის ბუხრის და დიდი კინოთეატრის ადგილი, სადაც საღამოს ცივ ამინდში დროს თბილად ვატარებთ. ძალიან მყუდრო გარემოა და ჭიქა ღვინოსთან ერთად აქ დასვენება ძალიან სასიამოვნოა.

ხშირად ვამბობთ ხოლმე, როგორც შვილები გავზარდეთ, ისე „გავზარდეთ“ ეს ადგილიც. აბსოლუტურად არაფრიდან შევქმენით ის, რასაც აქ ხედავთ.
ძალიან ბევრი რამე ჩემმა მეუღლემ თავისი ხელით გააკეთა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ყოველთვის ყველა სამუშაოში ვერ ერთვებოდა. კოტეჯები და გარე სივრცე ხელოსნებმა გაგვიკეთეს.

- ქალაქიდან რთული არ იყო მშენებლობის გაძღოლა, ყურადღების მიქცევა?
- თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამოვდიოდით და ვაქცევდით ყურადღებას. საბედნიეროდ, ახლოსაა და არ გაგვჭირვებია. დღემდე ასე გრძელდება. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვენაცვლებით ხოლმე და აქაურობას უყურადღებოდ არასოდეს ვტოვებთ.
დიდი ოჯახი გვყავს. ჩვენი დედმამიშვილები ჩვენთან ერთად იყვნენ ჩართული ამ საქმეში. გოგოები უფრო იდეებზე, გაფორმებაზე ვფიქრობდით, ვზრუნავდით. ბიჭები ტექნიკურ მხარეებს უზრუნველყოფდნენ. ასე მოვედით აქამდე.

- ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ინტერიერია. დიზაინერმა იმუშავა თუ თქვენი გემოვნებით გააკეთეთ?
- ყველაფერი ჩემი იდეით და გემოვნებით არის გაკეთებული. დედაჩემს მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, სულ ჩამოჰქონდა განსაკუთრებული ნივთები, რომლითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. წარმოიდგინეთ, თბილისის ერთ ჩვეულებრივ ბინაში მეზობლები მოდიოდნენ საუცხოო და განსაკუთრებული ნივთების სანახავად. მეც გამომიმუშავდა და სხვადასხვა ნივთით, დეკორაციებით ვქმნიდი კომპოზიციებს. ახლა მომეცა იმის საშუალება, რომ ფრთები შემესხა იმ ყველაფრისთვის, რაც ჩემში ბავშვობიდან გროვდებოდა. დღეს ძალიან ბევრ ნივთს ნახავთ ამ სახლში, რაც ბებიის დროინდელიცაა. მეუბნებიან ხოლმე, ალბათ ყველა ოცნება აიხდინეო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ოცნება მაქვს ასახდენი.

ძალიან ხშირად იმართება ჩვენთან სადღესასწაულო ღონისძიებები, ხელის თხოვნის ცერემონიები, ბანკეტები და ეს ძალიან მახარებს. ჩვენგან წასული სტუმრები აუცილებლად ბრუნდებიან უკან, ან მეგობრებს აგზავნიან.

- სიონში ცივი კლიმატია. ამის მიუხედავად ყვავილებით დამშვენებული, ულამაზესი ეზო გაქვთ. ვინ უვლის და როგორ ახერხებთ ასეთი სახე შეუნარჩონოთ?
- სიონი მაღალმთიანია, ამიტომ ცივი კლიმატი ძალიან დიდი პრობლემაა. ძალიან მკაცრი ზამთარი იცის. გაზაფხულზე ყვავილები მიწიდან ამოსვლას ვერ ასწრებს ისე იყინება. უამრავი ნერგი ჩავყარეთ, მაგრამ ბევრმა ვერ გაიხარა. ვაკვირდებოდით, რომელი ყვავილებიც მოერგო ჩვენს კლიმატს, ისინი გავამრავლეთ.
ეზოს ოჯახის წევრები ვუვლით. სულ ვცდილობთ, განსხვავებული და ლამაზი გარემო შევქმნათ. ბევრი მცენარე ჩამოვიტანეთ უცხოეთიდანაც და გული მწყდება, რომ ბევრმა ვერ იხარა. ახლა უზარმაზარი ყვითელი მზესუმზირები გვაქვს, რომლებიც ყველას ყურადღებას იქცევს. ძალიან მიყვარს იასამნები და სულ მინდოდა მქონოდა, ამიტომ ჩავრგე რამდენიმე ძირი. განსაკუთრებული ხასხასა ფერი აქვს. სხვაგან რომ გადაიყვავილებს, ჩვენთან მაშინ იწყებს ყვავილობას. წელს მაისის ბოლოსკენ დაიწყო ყვავილობა. ჩემს ეზოში იასამნები არის ერთ-ერთი, რითიც შემიძლია ვიამაყო.


- ხეხილიც გაქვთ?
- დიახ, რაც სიონში ხარობს ყველაფერი გვაქვს - ქლიავი, ტყემალი, ვაშლი, ალუბალი, რომელიც ყვავილობის დროს ულამაზესია.

- რა შეგრძნებაა, როცა წლების შემდეგ უბრუნდებით ფესვებს?
- ბებია, რომელიც სიონში ასწავლიდა, ძალიან ახალგაზრდა, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავის დროზე ოჯახს ჰქონდა შესაძლებლობა, თბილისში ან თელავში ეცხოვრათ, მაგრამ ბებიას უთქვამს, სიონის გარდა ვერსად ვიცხოვრებო. მთელი მისი ცხოვრება, სიყვარული სიონს უკავშირდება. დღეს მეც იგივე შემიძლია ვთქვა, ძალიან მიყვარს ჩემი სახლი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ამ ადგილის გარდა, მხოლოდ სიონში ვიცხოვრებდი. პანდემიის პერიოდი აქ გავატარეთ და თბილისში მხოლოდ სტუმრად ჩავდიოდით. ის ორი წელი თბილისში არ გვიცხოვრია. ამ დროს მკაფიოდ შევიგრძენი მშობლიური კუთხის ძალა. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია სიონი ჩემთვის. თუ ბავშვები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებენ აქ ჩამოსვლას, ძალიან ენატრებათ აქაურობა. ვფიქრობ, რადგან მე მაქვს სიონთან გენეტიკური ბმა, ამან ბავშვებზეც იმოქმედა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- გვინდა ყველა სეზონზე რამე ახალი და საინტერესო შევთავაზოთ სტუმრებს. ახლა ერთადერთი რაც მინდა, არის ის, რომ ტურისტულად განვითარდეს სიონი. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, თბილისთან ახლოსაა, მაღალმთიანია და მსურს, ეს ფაქტი სათანადოდ გამოიყენოს მოსახლეობამ.




მერი ბლიაძე

კომენტარები

Teona 2023-03-03 19:15
უზომოდ მოვიხიბლე, სიმშვიდეს და სილამაზის სავანეა
ია იაკო 2023-03-03 19:05
როგორ მჭირდება ეხლა ასეთ ზღაპარში ყოფნა
Khatia 2023-03-03 18:50
რა სილამაზეა, როგორ მომწონს
მანონი თორდია 2023-03-03 18:28
ულამაზესია, ყოჩაღ შემქმნელებს, ყველა დეტალში ჩანს რომ სული და გული არის ჩადებული ❤️
თათული 2023-03-03 17:45
მქონდა ბედნიერება ამ სილამაზე ადგილზე სტუმრობის❤️ გარემო ხომ საორად გემოვნებით არის მოწყობილი, მაგრამ მასპინძელი ისეთი საოცარია კიდევ ბევრჯერ რომ დაგაბრუნებს❤️

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები