როგორ გაახარა კოლხური ბზა და როგორ მოაწყო მშვენიერი ეზო საგარეჯოელმა მუსიკოსმა

მარინა ურდულაშვილი მუსიკოსია, არაერთი სიმღერისა და ტექსტის ავტორი. წერს ლექსებს, აქვს რამდენიმე საავტორო სიმღერაც. ქალიშვილთან ერთად ფოლკლორულ ანსამბლ "ჩინარის" წევრია... ორი ათწლეულია საგარეჯოში საბავშვო მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს. "საქმე, რომელსაც ვემსახურები, ძალიან მიყვარს. ჩემი სტუდიიდან ბევრი წარმატებული ბავშვი წავიდა არაერთ სატელევიზიო, საბავშვო-მუსიკალურ პროექტში. შესანიშნავი შედეგები აქვთ, რითაც ბედნიერი ვარ", - გვეუბნება მარინა ურდულაშვილი. ამავე დროს, იგი თავის კარ-მიდამოში საკუთარი ხელით შექმნილ ბაღს უვლის, ახერხებს იყოს წარმატებული მუსიკოსი, პედაგოგი და ეზოც ბაღნარად ჰქონდეს ქცეული.


მარინა ურდულაშვილი: - დედას განსაკუთრებულად უყვარდა ვარდები, პატარა
რომ ვიყავი, ჩვენი ეზო მისათითებელი იყო, რა ლამაზიაო. ამას დედა აკეთებდა და ბავშვები არ ვერთვებოდით. დედა გარდაიცვალა და ამის გამო დიდი ტკივილი მაქვს. დაოჯახების შემდეგ ეს ზრუნვა ჩვენს თავზე ავიღეთ, ეზოშიც რაღაცები შევცვალე. მეტი მცენარე შემოვიტანე.

ბზა დედასაც ჰქონდა, მაგრამ ბევრი ჯიშის ბზა გავამრავლე ჩემი ხელით. დაახლოებით 69 ძირია, კოლხური ჯიშები.

- ბზის გამრავლება ცოტა რთულია, როგორ ახერხებთ ამას?

- ტოტს ვჭრი და ვაფესვიანებ, ოღონდ, იცით, როგორ? ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ვდებ მიწაზე და აუცილებლად ფესვიანდება. მხოლოდ სიმწვანეს ვტოვებ მიწის ზედაპირზე, დანარჩენ ღეროს, რასაც ვჭრი, ჰორიზონტალურად ვაწვენ, მიწას ვაყრი და ფესვი მას გამოაქვს. ეს მეთოდი ამართლებს.

- ძირს მიწით ფარავთ და რაც სიმწვანე აქვს, ნორჩი ყლორტები ზემოთ რჩება, ხომ? რამდენ ხანში გამოაქვს ფესვი?

- ერთ წლამდე მაინც უნდა. გაზაფხულზე რომ ვაწვენ, შემოდგომისთვის უკვე ფესვგადგმულია. თუკი სიმწვანე შემოდგომამდე შეინარჩუნა, ამით ვხვდები, რომ დაფესვიანდა - სხვა ვერაფრით. ანუ თუ მუდმივად მწვანეა და შემოდგომამდე ასე გაძლო, ესე იგი, შედეგს მივაღწიე. სულ ასე მაქვს ბზა გამრავლებული. მერე ბუჩქებს სხვადასხვა ფორმებს ვაძლევ, ხან სოკოსას, ხან ამა თუ იმ გეომეტრიული ფიგურის. ამაში ჩემი შვილი გიორგი მეხმარება. საკმაოდ ბევრი ბუჩქია და ფორმირებაც არ არის ადვილი.

- ეზო დიდი გქონიათ.

- 1200 კვადრატული მეტრია. არის პატარა ნაწილი, სადაც ხეხილის ბაღია. ბევრი ალუბალი ხარობს. როცა ნაყოფი ასხია, საოცრებაა, ასევე მომხიბლავია მისი ყვავილობაც... მინდა, რომ ეზოში ხეხილიც იყოს, უნდა გქონდეს ის, თორემ ამ ფართობსაც ავითვისებდი ყვავილებისთვის. თან მიყვარს, მამას დარგული ხეებია. ვერც მოვჭრი ხეხილს, თუ თვითონ არ გახმება. ერთი ალუჩა რომ გამიხმა, ლექსიც დავწერე - "მამაჩემის ალუჩები გამხმარა, ნუშის ხესაც დასცვენია რტო". გული მტკივა, როცა ჩემი მშობლების ნახელავს რამე ემართება. ამიტომ ხელს არ ვახლებ ხოლმე. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები