საოცარი აივანი და ეზო სიღნაღში, რომელიც უცხოელებს აოცებს

200 ძირი ქოთნის მცენარე და კიდევ უფრო მეტი სახეობის ეზოს ყვავილი ამშვენებს ქალბატონი მანანა ახმეტელაშვილის სახლს სიღნაღში. ყვავილების შეგროვება და ეზოს გალამაზება ტურისტების მოსაზიდად დაიწყო და შემდეგში დაავადებად შეეყარა. საკუთარ სახლში მან მიწიერი სამოთხე მოაწყო.


- როცა სიღნაღი გალამაზდა და ტურისტებიც მომრავლდნენ, გადავწყვიტე, ჩემი ეზოც გამელამაზებინა და უცხოელი სტუმრების ყურადღება მიმეპყრო. მარტო ვარდების 25 ძირი მაქვს გახარებული. ყველაფერი ერთ დღეს არ მოსულა, ლამაზი ეზოს გაშენებას ძალიან დიდი ნებისყოფა და დრო სჭირდება. ეზოში გავაკეთეთ ფანჩატური. ბებიამ გამზარდა, მას ჰქონდა ბალბები, დიდი

სიყვარულით უვლიდა და ყვავილებიც სამაგიეროდ თავიანთი მშვენიერებით აჯილდოებდნენ. ალბათ აქედან გამომყვა ბალბების სიყვარული. ჩემს აივანზე, სადაც დღესდღეობით მაქვს 200 ქოთანი, უმეტესობა ბალბების ნაირსახეობაა. ძალიან უპრეტენზიო მცენარეა, ადვილად ხარობს, ამავე დროს ულამაზესი ყვავილი აქვს. ასევე მაქვს ნაირ-ნაირი ეზოს ყვავილები, რომლებსაც დიდი სიყვარულით ვეფერები და ვუვლი.

- 200 ქოთანი, ამავე დროს ეზოს მრავალი ჯიშის მცენარე არც ის ცოტაა. როგორ ახერხებთ ამდენი ყვავილის მოვლას?

- დილის 6 საათზე ვდგები და აივანზე რომ ჩამოვივლი, თითოეულ მათგანს ველაპარაკები და ვეფერები, ხანდახან ვკოცნი კიდეც (იღიმის). ყოველივე ამას გრძნობენ და ძალიან უხარიათ. ნამდვილად არ მიჭირს მათი მოვლა. დიდი აივანი მაქვს და თითქმის ყველა ქოთანი იქ მილაგია. სარწყავი სისტემა ისე მაქვს გაკეთებული, რომ ადვილად ვრწყავ. მერე ზედმეტ შემხმარ ფოთლებს ვაცლი, დამტვერილ ფოთლებს ვასუფთავებ. ასე რომ, მათი მოვლა ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ეზოს მოვლაში მეუღლე მეხმარება. განსაკუთრებული, ჩემებური დამოკიდებულება მაქვს ჩემს ყვავილებთან. ყოველდღე ველაპარაკები და ვეფერები. ვთქვათ, არ გამოაქვს მცენარეს ყვავილი და მე ძალიან მიდა, რომ ყვავილი გამოიტანოს, ერთ საღამოს, როცა მოვრწყავ, ვეუბნები: "რა არის ეს, რატომ არ გაქვს ყვავილი? შენ თუ ყვავილებს არ გამოიტან, იცოდე აივნის ბოლოში გადავიტან შენს ქოთანს“.

შეიძლება არ დამიჯეროთ, მეორე დღეს ყვავილი გამოტანილი აქვს. ხანდახან შევკივლებ ხოლმე გაკვირვებისგან. ულამაზესი ყვავილია მიმოზა, თითს რომ მივუტან ყვავილთან, იბუტება, ჩამოუშვებს ფოთლებს 10-15 წუთი. სულიერი რომ არ იყოს, არ გრძნობდეს რამეს, როგორ შეიძლება გაგებუტოს. გამაგიჟეს ამ ყვავილებმა. სიმართლე გითხრათ, უკვე ავადმყოფობაში გადამივიდა, ვფიქრობ, ასეც არ შეიძლება (იღიმის).

- რაში გამოიხატება თქვენი "დაავადება“?
- ბოდბისხევში გვაქვს ადგილი, სადაც შეიძლება ყვავილების შეძენა. ყოველ კვირას რომ არ შევიძინო ყვავილი, წარმოუდგენელია. პროდუქტიც საყიდელი მაქვს, ბოსტნეულიც, მაგრამ მთავარი ჩემი საფიქრალი ყვავილებია. თუ რამე ახალია, თუ რამე ლამაზია, საჩქაროდ ვყიდულობ და ჩემს სახლში ვაბინავებ. თუ ოდნავ ქარი ამოვარდა, მაშინვე ოთახში მივარბენინებ ამდენ ქოთანს. როცა ქარი ჩადგება, ისევ გარეთ გამომაქვს. თუ სტუმრად ვარ სადმე და ქარი ამოვარდა, მაშინვე სახლში გამოვრბივარ, რომ რამე არ დაუზიანდეთ.

- ყვავილების გაჩუქება თუ გიყვართ?
- ძალიან ბევრი ადამიანი მსტუმრობს, სოციალურ ქსელშიც ბევრი მწერს, გადამირგე, გამიხარე. ცუდად არ გამიგოთ, მე არ შემიძლია, გავაჩუქო ან გავყიდო ყვავილი. იმდენად მიყვარდება თითოეული მათგანი, რომ მერე მგონია, ვღალატობ. პატარა ტოტებს კი ვუტეხავ და ვასწავლი, როგორ დააფესვიანონ, მაგრამ გაზრდილ, გახარებულ, უკვე გადარგულ ყვავილს ვერ გავაჩუქებ. ამას მირჩევნია, ძვირიანი სუნამო, რაიმე დეკორაცია ან ტანსაცმელი ვაჩუქო ადამიანს.

როცა ჯგუფებში ახალი ყვავილების სურათებს დებენ, ცუდად ვხდები, ერთი სული მაქვს, გავიქცე და მეც ვიყიდო. სწორედ ასე გახდა მრავალფეროვანი ჩემი ეზო და აივანი.

მერი ბლიაძე

კომენტარები

დონარა 2020-02-22 22:02
ღმერთო რა სილამაზეა. გაიხარეთ
nineli 2016-09-19 19:44
namdvili calkotia.umravlos sakartvelos tkvenistana mshromeli xalxi
marine 2016-09-17 01:33
mec minda mqondes,aseti lsamazi ezo.carmatebebi tqven.calkotia tqveni ezo
ლულუ 2016-09-14 21:04
აბა ყვავილების ნამატი სად მიგაქვთ?
nino 2016-08-29 08:54
dzalian lamazia da sasixarulo. magram ucxoetis ezoebi walkotia,ar kaukvirdebat .magram bevr silamazes tovebs ,

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები