"5 წელია ვეღარ ვჩერდები, ვრგავ და ვრგავ ყვავილებს..."

ნინო აბზიანიძე მხატვარ-დიზაინერია. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ყვავილებისთვის დრო ყოველთვის რჩება. ყვავილების გამრავლება ხუთი წლის წინ დაიწყო და დღეს ულამაზესი ბაღნარის პატრონია.


- როდის დაიწყო თქვენი ყვავილებით გატაცება?
- ვერ ვიტყვი, რომ ყვავილებით ბავშვობიდან ვიყავი გატაცებული, მაგრამ ყოველთვის ძალიან მომწონდა ლამაზი და მოვლილი ეზოები. როცა საკუთარი სახლი შევიძინე, მეც გამიჩნდა სურვილი გამელამაზებინა ჩემი ეზო. პირველი ყვავილი, რაც დავრგე იყო, გარდენია, რომელსაც მირონის ხესაც ეძახიან, და აზალია. აი აქედან მოვიწამლე და დაიწყო

ჩემი გატაცება. უკვე 5 წელია ვეღარ ვჩერდები, ვრგავ და ვრგავ ყვავილებს და უკვე აღარ ეტევიან ეზოში, მაგრამ მაინც ვრგავ (იღიმის). არ არსებობს დილა, არ მოვიარო ჩემი ეზო და არ დავხედო ყველა ყვავილს. ძალიან მიყვარს ჩემი ყვავილები, შვილივით უვლი, თავს ევლები და ისინიც გახარებენ თავიანთი სილამაზით. ქუჩიდან ეზოში რომ შემოვდივარ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სხვა სამყაროში შევდივარ, ჩემს ფერად და ლამაზ სამყაროში. მათ მოვლას თითქმის ყოველდღე ვახერხებ, შეძლებისდაგვარად. ყოველთვის რაღაცას ვჩიჩქნი მიწაში, მერე უცებ გამახსენდება, რომ სხვა საქმეც მაქვს და შევეშვები. განსაკუთრებით ლამაზია ჩემი ბაღი გაზაფხულზე, სულ ეზოში მინდა ხოლმე ყოფნა. წელს ვაპირებ კონკურსშიც მივიღო მონაწილეობა - საქართველო ჩემი ბაღია.
ასევე, ძალიან მიყვარს ხატვა, ქარგვა, თექაზე მუშაობა. თუ რამე მომეწონა და დავინტერესდი, როგორ კეთდება სანამ მიზანს არ მივაღწევ, არ ვეშვები. ვეძებ ყველანაირ ინფორმაციას ინტერნეტში და ჩემით ვსწავლობ. ასე ვისწავლე თექაც და გაზეთებით კალათების დაწვნა. ეროვნულ მოტივებზე ვქმნი კაბებს, ერთ-ერთი, მუქი ლურჯი კაბის წინა კალთა და ზურგი სულ ხელით მაქვს მოქარგული. ასევე ვაკეთებ სამკაულებს და სხვადასხვა აქსესუარს.

- ალბათ ამ ხნის მანძილზე საკმაოდ ბევრი სახეობის ყვავილი დაგიგროვდათ...
- დიახ, ძალიან ბევრი სახეობა დამიგროვდა, მარტო ვარდი მაქვს 60 სახეობა. ძალიან მიყვარს ვარდები, განსაკუთრებთ ოსტინის ვარდები. მაქვს შროშანები, ზამბახები და სხვა.

- ყველას შესახებ იცით, რომელს როგორი მოვლა და პირობები სჭირდება?
- თუ რამე მაინტერესებს ყვავილის შესახებ, ინტერნეტში მოვძებნი ხოლმე, უამრავი ინფორმაციაა ნებისმიერ ყვავილზე. ფეისბუქზე ჯგუფში ვარ გაწევრიანებული - "ჩვენი ბაღი კონსოლიდა", სადაც უამრავი მოყვარული მებაღე ვართ გაერთიანებული და ვეხმარებით ერთმანეთს ყვავილის მოვლა გახარებაში, ვუზიარებთ რჩევებს, ვუცვლით, ვჩუქნით ერთმანეთს ყვავილებს.



- არის ყვავილი, რომელიც არ გაქვთ და ოცნებობთ, რომ გქონდეთ?
- კი, ძალიან ბევრი. მაგრამ დიდი ადგილი მაქვს ეზოში და ვცდილობ, რაც ძალიან მომწონს, ის დავიტოვო ბაღში.


მერი ბლიაძე

კომენტარები

ია შვანგირაძე 2018-06-13 13:17
ის რასაც ფოტოებზე ხედავთ იმის მეატასედს არ ასახავს , რაც სინამდვილეშია..მართალს ამბობს ნინო. მის ჭიშკარს იქეთ სხვა სამყაროა. ულამაზესი ფერადოვანი, მოვლილი. ყველაფერს ეტყობა მისი გემოვნება და მზრუნველი ხელი. წარმატებებს გისურვებ ნინო
მცინარა 2018-05-07 09:44
საოცრებაა. ბრავო.
ia 2017-03-22 17:51
ra silamazea. me axla viwyeb bagis movlas da zalian minda tqvennairi xeivnis vardi mqondes.
მარიკა 2017-03-04 15:24
ბაღნარია...აქ ცხოვრებას არაფერი ჯობს...
tamuna 2016-12-06 17:14
dzalian lamazia

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები