საუკეთესო ვაზის ტალავერი სახლის ეზოში - რჩევები

საქართველოში ყურძენს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვაზი ხომ ისეთი ხვავიანი და ნაყოფიერი რამ არის, რომ ოჯახის ყველა წევრს ახარებს - პატარებს ტკბილი ნაყოფით, ქიშმიშით, ბადაგითა და ჩურჩხელით, უფროსებს კი - გემრიელი ღვინით.

სულ ვაზის 4000-მდე ჯიშია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისგან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით განსხვავდება. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს (სუსტი, საშუალო, ძლიერი და მეტად ძლიერი), ყურძნის შეფერილობას (თეთრი, ვარდისფერი, წითელი და სხვ.), სიმწიფის პერიოდს (საადრეო, საშუალო, საგვიანო და ძლიერ საგვიანო), მოსავლიანობას (მცირე, საშუალო, უხვმოსავლიანი) და სამეურნეო მიმართულებას (სასუფრე, საღვინე,

საკონიაკე, საშამპანო, ყურძნის წვენის, კონცენტრატების, საქიშმიშე, დეკორატიული).

საქართველოში 500-მდე ადგილობრივი ჯიშია. მათგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, წულუკიძის თეთრა, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა; სუფრის ჯიშებიდან: გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯული; ახალგამოყვანილი ჰიბრიდული ჯიშებიდან - ქართული საადრეო, ივერია, თბილისური, სახალხო თეთრი, ვარძია, მუსკატური რქაწითელი, კოლხური და სხვა. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული აგრეთვე შემოტანილი ჯიშები - ალიგოტე, პინო, შარდონე, კაბერნე, კიროვაბადული სუფრისა, შასლა თეთრი, ყარაბურნუ (ბულგარული), ხალილი. ყურადღება ექცევა ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების - ხიხვის, კრახუნას, ალადასტურის, უსახელოურის, ქისის, ოცხანური საფერეს, გრძელმტევანას, ჩხავერის და სხვების ფართოდ გავრცელებასაც.



თუ დიდი ვენახი არ გაქვთ გაშენებული და გინდათ, სახლთან ახლოს, ეზოში, ქალაქსა თუ აგარაკზე ტალავერის გაკეთება და ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორ მოიქცეთ, სულ მცირე, პრაქტიკული რჩევებით მოგამარაგებთ.

ეზოში ტალავერისათვის ყველაზე კარგი ადესას ჯიშის ყურძენია, რადგან ადვილად ადის სიმაღლეზე, მარტივი გასასხლავია და არ სჭირდება შეწამვლა, თანაც, ბევრნაირ კლიმატს უძლებს და მაღალმთიან რეგიონებშიც შეიძლება მისი მოყვანა. თუმცა, ზოგადად ნებისმიერი ვაზის ჯიში შეიძლება ტალავერზე ავიყვანოთ.

ვაზი გასამრავლებლად უნდა მოვჭრათ გაზაფხულზე, სამკვირტიანი რქა უნდა ჩავდოთ მანამდე გამზადებულ ორმოში ისე, რომ რქა 3,4 სმ-ზე ჩანდეს მიწიდან, შეგვიძლია ერთ ორმოში რამდენიმე რქა ჩავრგათ, შემდეგ დავაყაროთ ერთმანეთში არეული მიწა და ნაკელი (50/50), ზევით დარჩენილ წვერებზე გორასავით მოვაყაროთ მიწა. მომავალ გაზაფხულზე უკვე შეგვიძლია ამოვიღოთ დაფესვიანებული რქები და ჩავრგათ ტალავერის გარშემო. კარგია, თუ 2 მეტრით მაინც დავაშორებთ ერთმანეთს. სამ წელიწადში მოგვცემს პირველ მოსავალს. სანამ ჩვენთვის საჭირო სიმაღლეს მიაღწევს, უნდა გავსხლათ ისე, რომ სიგანეზე არ წავიდეს.

უკეთესი იქნება გამოყვანილ, დამყნობილ რქას თუ დავრგავთ. ტალავერი თუ კარგად არის მოვლილი, დიდ მოსავალს იძლევა. არ უნდა დაგვავიწყდეს გასხვლა, რომელიც ხდება თებერვალში, მარტის დასაწყისში, სანამ ვაზს სძინავს. გასხვლით მცენარეს ეძლევა ისეთი ფორმა, რომელიც აადვილებს მის მოვლა-პატრონობას და უზრუნველყოფს მაღალხარისხოვან მოსავალს. გადაბერებულ ვენახში გასხვლას იყენებენ ნარგავების გასაახალგაზრდავებლად. რქა შეიძლება გაისხლას მოკლედ 2-3 კვირტზე და გრძლად - 10-15 კვირტამდე, მაგრამ საქართველოში მიღებულია 2-3 კვირტზე სამამულე რქაზე და 6-12 სანაყოფეზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები