სამი თბილისელი მეგობარი, რომლებმაც მარნეულში ფერმერობა დაიწყეს

პროფესიით ექიმი თეა ქუთათელაძე წლების განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში მუშაობდა. ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ბუნებასთან, მცენარეებთან, ყვავილებთან, მიწასთან. ბუნებისა და მიწის სიყვარულმა წლების განსაკუთრებულად იჩინა თავი და დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, აგროსფეროში მოესინჯა საკუთარი ძალები. დასთან - ხათუნა ქუთათელაძესა და მეგობარ ია თოფურიასთან ერთად მარნეულში კენკრის ბაღი გააშენა. 7 ჰექტარ მიწაზე 17 000 ძირი ჟოლო და 10 000 ძირი მაყვალი დარგეს. პირველ მოსავალს მეგობრები ივნისის თვეში ელოდებიან.

- დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა GIPA-ში, სახელმწიფო
მართვა-ადმინისტრირების ფაკულტეტი. ახლა რომის ბიზნესსკოლაში გავდივარ მაგისტრატურას, აგრო-ბიზნესის ფაკულტეტზე. ნამუშევარი მაქვს ძირითადად ჯანდაცვის პროგრამებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ ეტაპზე ვმუშაობ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში.

- როდის დაინტერესდით მცენარეებით, მეურნეობით?
- მცენარეების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. მე, ჩემს დას და ჩემს მეგობარს გვქონდა პატარა ბაღი. სამი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ პატარა ადგილი დაგვეტესტა და რაიმე დაგვერგო. არჩევანი კენკრაზე შევაჩერეთ. დავრგეთ ორი ჯიშის ჟოლო. ჩვენი ხელით დავრგეთ, ჩვენ თვითონ ვსხლავდით. წამლობა იყო, კვება, მიწის დამუშავება, თუ სხვა სამუშაო, ყველაფერს ჩვენი ხელით ვაკეთებდით. ვნახეთ, რომ საკმაოდ მომგებიანია ეს ბიზნესი, ამიტომ კარგად შევისწავლეთ ყველა დეტალი. თბილისთან ახლოს ვიყიდეთ მიწის ნაკვეთი. სამსახურებს ასე უცბად ვერ მივატოვებდით. გვინდოდა, ნაკვეთი ისეთ ადგილას ყოფილიყო, რომ სამსახურიც გვქონოდა და შაბათ-კვირას გვემუშავა. შევარჩიეთ მარნეული, რადგან ახლოსაც არის, თან ნიადაგიც შევისწავლეთ და ჩვენთვის მისაღები აღმოჩნდა. 2017 წელს შევიძინეთ შვიდი ჰექტარი მიწა. ნოემბრის თვეში დავრგეთ სამი ჯიშის, 17 000 ძირი ჟოლო, ორი ჯიშის 10 000 ძირი მაყვალი. ძალიან დაგვეხმარა ერთიანი აგროპროექტი, რომელმაც ნერგების 70 პროცენტი დაგვიფინანსა, ხოლო სარწყავი სიტემის - 50 პროცენტი. თი-ბი-სი ბანკმა მოგვცა შეღავათიანი აგროსესხი, რომლის ნაწილს სახელმწიფო ფარავს, ნაწილს - ჩვენ. ეს ფერმერს აძლევს საშუალებას, ჯერ მოძლიერდეს და მერე დაიწყოს გადახდა. შემდეგ ავაშენეთ პატარა შენობა, რომ იქ კენკრა შევინახოთ და ადვილად არ გაგვიფუჭდეს. ამ ნაგებობაზე დავწერეთ პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და ამ პროექტის ფარგლებში დაგვაფინანსეს 15 000 ლარით, რისთვისაც დიდი მადლობა პროექტს და ადგილობრივ ორგანიზაცია RDA-ს, დანარჩენი ჩვენ დავამატეთ. ეს შენობა-ნაგებობაც მზად გვაქვს უკვე და მალე დავიწყებთ პროდუქციის შენახვას. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მოვემსახურებით სოფელს, რათა ფერმერებმა შეძლონ მათი პროდუქტის შენახვა და უკვე მოგვიანებით უფრო მომგებიან ფასად გაყიდვა.

- თქვენ დაამსხვრიეთ სტერეოტიპები ქალი ფერმერების შესახებ. თუმცა ალბათ ეს მარტივი არ იყო. რა სირთულეები შეგხვდათ ამ ხნის მანძილზე?
- რა თქმა უნდა, ბევრი სირთულე იყო. ადამიანები, რომლებიც აგყავს, ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ იმას, რასაც შენ ეუბნები, ვერ იგებენ დავალებას ზუსტად, ასრულებენ დაბალი ხარისხით. როცა ასეთ საქმეს იწყებ, შენ თვითონ ძალიან კარგად უნდა იცოდე ყველაფერი. ჩვენც ყველაფერი დეტალურად შევისწავლეთ, როგორ უნდა დარგულიყო, როგორ უნდა შეგვეტანა თაბაშირი, როგორ გაგვესხლა და ა.შ. ეს არც ისე მარტივი პროცესი იყო. ძალიან ბევრს ვკითხულობთ დღემდე. სხვადასხვა ჯგუფში ვართ გაერთიანებული. სამივემ კარგად ვიცით ინგლისური. მუდმივად ვეცნობით სიახლეებს. ძალიან ბევრ აგრონომს ვხვდებით. მიხარია, რომ ეს პლანტაცია მთლიანად იქნება ბიოლოგიურად სუფთა. სამ წელიწადში უკვე მოგვენიჭება ბიოსტანდარტი. არის ასეთი ორგანიზაცია „კავკასცენტრი“, რომელიც თბილისში ოპერირებს და ბიომეურნეობებს ანიჭებს ბიოსტანდარტს. ისინი ჩამოვლენ მონიტორინგზე და შეგვამოწმებენ, რამე შხამქიმიკატს ხომ არ ვიყენებთ

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში მომხმარებლების უმეტესმა ნაწილმა იცის, რა არის ბიოპროდუქტი?
- ეს ძალიან კარგი კითხვაა. ერთ-ერთმა ფერმერმა იცით ,რა მითხრა? რატომ დავხარჯო ზედმეტი თანხა მცენარის გამოკვებაზე, როცა მომხმარებელმა არც იცის, რა არის ბიოპროდუქტიო. მე ექიმი ვარ და ვიცი, როდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჯანმრთელობა. ამ კუთხით ჟურნალისტებს შეგიძლიათ ძალიან კარგად იმუშაოთ, რათა ხალხის ცნობადობა გაიზარდოს და შემდეგ მათ თავად მოსთხოვონ ფერმერებს ნატურალური პროდუქტი. თუ გაიზრდება ცნობადობა, გაიზრდება მოთხოვნაც და ფერმერიც იძულებული იქნება, შხამქიმიკატების ჩარევის გარეშე მოიყვანოს ბიოპროდუქტი.

- პირველ მოსავალს როდის ელოდებით?
- ივნისში მივიღებთ მოსავალს. პირველივე წელს იძლევა კენკრა მოსავალს. მართალია, უხვი მოსავალი არ იქნება, მაგრამ პირველ ეტაპზე ცუდი არ უნდა იყოს. აი, მესამე წელს კი სრული მსხმოიარობა გვექნება.

- თქვენი მეგობრები როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას და ახალ საქმიანობას?
- სამივე კარგ სამსახურში ვმუშაობთ, წარმატებულ ადამიანებად ვითვლებით, ქალაქის ცენტრში ვცხოვრობთ, ბევრს ვერ წარმოედგინა, რომ მიწაზე დავიწყებდით მუშაობას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, შესაძლოა შვიდივე ჰექტარს ჩვენ არ ვამუშავებთ, მაგრამ ჩვენც დაქირავებული მუშახელის გვერდით ვმუშაობთ მუხლჩაუხრელად. და რაც მთავარია, სულ სწავლის პროცესში ვართ. ადამიანმა არასოდეს არ უნდა იფიქრო, რომ მე უკვე ვისწავლე ეს და მორჩა. ბევრ კომპეტენტურ ადამიანთან უნდა გქონდეს ურთიერთობა და რაც შეიძლება ბევრი ლიტერატურა იკითხო. ეს მიგვიყვანს წარმატებამდე.

- სად გაყიდით თქვენს მოყვანის კენკრას?
- ეს სოფელი იმითაც გამოირჩევა, რომ აქ არის საბითუმო ბაზრები. მანქანებიც კი ჩამოდგებიან და ადგილიდან მიაქვთ. კენკრაზე დიდი მოთხოვნაა დიდ სუპერმარკეტებშიც. რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენ უკვე მოგვწერეს უცხოეთიდან და სურდათ კენკრის საზღვარგარეთ გატანა. თუმცა მათ არ იცოდნენ, რომ ჯერ ახლა უნდა მივიღოთ პირველი მოსავალი. მსოფლიო ბაზარი არ არის შევსებული და როცა შევსებული არ არის, ჩვენ შანსი ყოველთვის გვაქვს, გავიდეთ ექსპორტზე და ჩვენი პროდუქტი შევთავაზოთ უცხოელ მომხმარებლებს. მომავალში ვფიქრობთ პატარა საწარმოს გაკეთებასაც, რომ ვაწარმოოთ მურაბა, კომპოტი და ასე ვთქვათ, უდანაკარგოდ ვიმუშაოთ. ასევე გვინდა გავფართოვდეთ უფრო დიდ ტერიტორიაზე.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ვასო 2018-11-02 11:43
ეტყობა კარგი თანხაა ჩადებული ამ პროექტში, ხობეს აქეთაც რომ ისე ლამაზად მოეარად, როგორც შიგნით კარგი იქნებოდა. რა თქმა უნდა წარმატებას ვუსურვებ!
თამაზი 2018-10-31 15:57
ყოჩაღ გოგონებო.წარმატებებს გისურვებთ
ხატია 2018-10-09 22:49
წარმატებებს ვუსურვებ გოგონებს მაგრამ სიმართლე გითხრად ზღაპრად მეჩვენება. სავარაუდოდ დიდი თანხა ჩადეს რადგან სწავლასაც ახერხებენ, მუშაობასაც და მეურნეობის პატრონობასაც. როგორც ჩანს ტექნიკის და მუშახელის დაქირავების პრობლემაც არ აქვთ.. ამ შემთხვევაში კი გასაკვირიც არაფერია. აი უფულოდ, მხარდაჭერის გარეშე და მხოლოდ ენთუზიაზმით მე ბებიას მეურნეობაც კი ვერ მოვიყვანე წესრიგში რადგან მარტო შემოღობვის თანხებს შევწვდი ჯერჯერობით. დათესვის პრობლემაც მაქვს იმ მოცუცქნულ ტერიტორიაზე, რადგან 24 საათი
უნდა იყო იქ რომ რამე გამოგივიდეს, და გაქურდული და გაპარტახებული არ დაგხვდეს. დარაჯის ფული კი მე არ მაქვს. ამიტომაც მიკვირს.ძალიან მიკვირს
დავითი 2018-10-09 22:18
ყველა საქმის დაწყებას სირთულეებიც თან ახლავს. მოტივაცია დიდი გაქვთ,იმედია სქმესაც თანდათანობით გაართმევთ თავს და წარმატებაც არ დააყოვნებს! კეთილი სურვილებით, დავითი
kix 2018-10-04 11:12
წარმატებები გოგონებო! გული არ გაიტეხოთ, როგორი სიძნელეც არ უნდა შეგხვდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევთ. ვისურვებდი, რომ თქვენი წამოწყება გადამდები ყოფილიყოს სხვებისთვისაც და უცხოეთში წასული ქართველობაც კი მოებრუნებინოს სამშობლოში სამუშაოდ.ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები