პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებში, მაინც ახერხებს, გურიაში, სოფელ შემოქმედში მეურნეობას გაუძღვეს, რომელიც საოჯახო სასტუმროს და მეღვინეობას მოიცავს. მან მამა-პაპისეული კარ-მიდამო ოჯახთან ერთად პატარა წალკოტად და სასიამოვნო დასასვენებელ ადგილად აქცია.
- ჩვენი გვარი წარმოშობით სოფელ შემოქმედიდანაა. აქ დაიბადა და გაიზარდა ბაბუაჩემი. შემდეგ გადმოვიდა ოზურგეთში საცხოვრებლად, მაგრამ სოფელთან კავშირი არც მას და არც ჩვენ არ გაგვიწყვეტია. შემოქმედში გვქონდა პატარა ნაკვეთი და შემდეგ, მის მეზობლად ვიყიდეთ რამდენიმე ნაკვეთი. გავაერთიანეთ და დღეს, საბოლოო ჯამში
- როდის გადაწყვიტეთ ჩაბმულიყავით სოფლის საქმეში და ამასთან, თქვენი კარ-მიდამო ტურისტულ ობიექტად გექციათ?
- ჩვენს ოჯახს არასოდეს არ გაუწყვეტია კავშირი სოფელთან. თავს ყოველთვის გურულად მივიჩნევდი, უბრალოდ ვცხოვრობ და ვსაქმიანობ თბილისში. დაახლოებით 6-7 წლის წინ გადავწყვიტე ტურისტულ საქმიანობაში ჩართვა. 2016 წელს დავიწყეთ ვენახის გაშენება, უკვე მეხუთე წელია გვაქვს ჩვენი ვენახი, რომელსაც პერიოდულად ვაახლებთ, ვამატებთ ახალ-ახალ ნარგავებს. გურიაში საკმაოდ იშვიათია მევენახეობა, ამიტომ ეს გარკვეულ დაბრკოლებებს გვიქმნის.
- ქალაქიდან ამ ყველაფერისთვის ყურადღების მიქცევა რთული არ არის?
- ყველაფერი ოჯახის ერთიანი ძალებით შევძელით. ჩემი მშობლები გურიაში ცხოვრობენ. მე და ჩემი ძმაც ვცდილობთ, ხშირად ჩავიდეთ.
- ამჟამად რა ჯიშის ყურძენი გაქვთ?
- გვაქვს გურული საღვინე ჯიშები - ჩხავერი და საკმიელა. ვენახი ახალია და მოსავალი ჯერ ცოტაა, ამიტომ ჩვენი პარტნიორებისგან ვყიდულობთ ხოლმე ცოლიკაურს, ჩხავერსაც. ჩვენი ღვინო ჯერ მასიურ წარმოებაში არ არის. წელს შედარებით მეტს მოსავალს ველოდებით და ვნახოთ, რა იქნება.
- რამდენად ხართ ჩართული ვენახის გაშენების, მოვლის პროცესებში?
- ამ პროცესში ყეველა ჩართული ვართ, მათ შორის მეც. შერჩევა, შემდეგ გაშენება, მწვანე სამუშაოები, რთველი, ყველაფერში აქტიურად ვარ ჩართული. ამის გარეშე შეუძლებელია მეურნეობის არსებობა.
- წელს როდის გეგმავთ რთველს და როგორ მოსავალს ელოდებით?
- მოსავალი არ არის ცუდი. რთველის განსაზღვრა ცოტა რთული საკითხია. წლების წინ დეკემბერში იყო ხოლმე რთველი, მერე გადმოიწია ნოემბრის ბოლოსკენ. ბოლო ორი წელია ოქტომბერში ვკრეფთ ყურძენს. გააჩნია, როგორი ამინდება იქნება წელს, რთველსაც იმის მიხედვით დავგეგმავთ. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება გვიან დავკრიფოთ, მაგრამ ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს ვენახი.
- ყურძნის გარდა რას მოიცავს თქვენი მუერნეობა?
- გვაქვს სხვადასხვა სახეობის ხილი, ერთ ჰექტრამდე სათხილე, ბოსტნეული და ა.შ. სულ რაღაც ხარობს ჩვენს ეზოში, რაღაც დასაკრეფია, დასაბინავებელია. წელი დეკემბრის ბოლოს ჯონჯოლის და ზღმარტლის მოსავლით მთავრდება.
- ძალიან ლამაზი და მოვლილი ეზო გაქვთ. ვინ უვლის?
- რაც შეეხება ეზოს, რა თქმა უნდა ყველაფერს დედა გეგმავს, კურირებს, ჩვენც ჩართული ვართ საქმეში, მაგრამ გვყავს პერსონალი, მებაღე, რომელიც უვლის ჩვენს ეზოს. მოგეხსენებათ, სამ ჰექტარზეა ეზო გაშენებული და მისი მოვლა მარტივი არ არის. აქ ნახავთ ნაძვებს, პალმებს, ბანანის ხეებს, რაც ეზოს ეგზოტიკურ ელფერს მატებს. აქვეა გურული ნალიაც. ეს პატარა სივრცე, თავისი ტრადიციული გურული კარ-მიდამოთი და ეთნოგრაფიულო გარემოთი ძალიან სასიამოვნო სანახავია. ჩვენ გავქვს გურული ღვინო, გურული კარ-მიდამო და გურული კერძები, რაც ერთად განსაკუთრებულ კონტექსტს ქმნის.
- თქვენთან მოსულ სტუმრებს, რისი ნახვა შეუძლიათ შემოქმედის შემოგარენში?
- პირველ რიგში სტუმრებს შეუძლიათ გომის მთის ნახვა, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩვენთან. გარდა ამისა, არის საეპისკოპოსო მონასტერი, ძალიან ლამაზი ბუნებაა, მდინარის ხეობები და ა.შ. ძალიან ბევრი რამის ნახვა და დათვალიერება შეუძლიათ დამსვენებლებს ჩვენთან.
- როგორც ვიცი, თქვენს ეზოში უძველესი ქვევრები აღმოაჩინეთ.
- დიახ, დავიწყე აუზის ამოთხრა და შედეგად 15 ქვევრი აღმოვაჩინე. ჯერ ერთი ქვევრი გამოჩნდა, შემდეგ მეორე და ასე მოყვა დანარჩენი. ზოგი დამტვრეული, ზოგიც მეტნაკლებად მთელი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე აქ იყო ძალიან დიდი მარანი და რამდენიმე ტონა ღვინო ყენდებოდა.
- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...
- ჯერ ყველაფერი პროცესშია, ნელ-ნელა ვფართოვდებით. ძალიან მალე კიდევ ერთ შენობას დავამატებთ ინფრასტრუქტურას, რაც კარ-მიდამოში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. გვსურს ვენახის დამატებაც. ეს ყველაფერი საკმაოდ რთული პროსეცია და არ მინდა წინასწარ ისეთი რაღაც ვილაპარაკო, რასაც შემდეგში თავს ვერ გავართმევ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
მერი ბლიაძე
კომენტარები