წინაპრების სახლ-კარი, რომელიც ცოლ-ქმარმა შრომითა და სიყვარულით გააცოცხლა

ამ ეზო-გარემოს თითოეული კუთხე ისეთი ლამაზია, იქ ყოფნას არაფერი სჯობს. მამაპაპისეულ ადგილზე დღეს, ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი თამაზ ჯავახიშვილი ცხოვრობს. ბატონი თამაზ ჯავახიშვილი და მისი მეუღლე, ქალბატონი მედეა ბეშიძე ერთად ქმნიან დოვლათსა და სილამაზეს. სახლი მცხეთის რაიონის სოფელ სასხორში მდებარეობს. მეგზურობას მათი შვილი მაკა ჯავახიშვილი გვიწევს, რომელიც ჯერ ისტორიულ წარსულს გვაცნობს.

- პატარა სოფელი სასხორი ნიჩბისის ხეობაშია. ეს ადგილი დასახლებულია უძველესი დროიდან. ამბობენ, რომ დიდგორის ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა თავისი ჯარით, სწორედ ამ ადგილზე გაიარა, სხვანაირად დიდგორზე ვერ მოხვდებოდა, და უთქვამს
- რა კარგი საცხოვრისი იქნებოდაო. ასე დაერქვა სახელი. წლების მანძილზე ტოპონიმი იცვლებოდა და დღეს სასხორი ჰქვია. სოფელში არის რამდენიმე ეკლესია: წმინდა გიორგის სახელობის, მთავარანგელოზის, იოანე მახარებლის და ღვთისმშობლის. შემორჩენილია კვირაცხოვლის საყდრის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი, საიდანაც ლეკიანობის დროს მეზობელ სოფლებს ლეკების შემოსევას ატყობინებდნენ.
მამაჩემი მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, და-ძმებს შორის ყველაზე პატარაა. მისი მშობლები ადრე გარდაიცვალნენ, მაშინ 10 წლისა იყო. ისე მოხდა, რომ გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში შეიყვანეს და წლების მანძილზე თბილისში ცხოვრობდა. მამა ვეტერანი ფეხბურთელია, თავის დროზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. სოფელში სახლი მიტოვებული იყო. მამაჩემი დაქორწინების შემდეგ მიუბრუნდა სოფელს და მას მერე, დედაჩემთან ერთად ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რაც ორივეს ძალიან უყვარს. ადრე ძროხებიც გვყავდა, მაგრამ ბევრი გარჯა უნდა და აღარ გვყავს.

- ხეხილის გარდა, ბევრი მცენარე გაქვთ, დეკორატიული გოგრები...
- ბანანის ხის პატარა ნერგი ქობულეთიდან წამოვიღეთ, სამი წელი არა და არ ხარობდა. დედამ გადაგდება რომ დააპირა თავისი ქოთნიანად, უცბად ამოიყარა და გაიზარდა. დეკორატიული ხეა, საქართველოში არ ისხამს ნაყოფს, უბრალოდ სახელი შემორჩა. გერმანიიდან ჩამოვიტანე დეკორატიული გოგრის თესლები - ხან ყვითლები ხარობენ, ხან წითელქუდიანები. ფერადი დეკორატიული გოგრები საჭმელად არ გამოდგება. საინტერესო მცენარეა კუნკვიტი, ლიმონის მსგავსი, პატარა ბურთვით ნაყოფი აქვს. 1-2 წელი არ ისხამდა, იმედი გადავიწურეთ და უცებ, ამანაც მოისხა. მისი ნაყოფი უნდა დამსხვილდეს, გაყვითლდეს და დამწიფდეს. ოღონდ ლიმონივით მჟავე არ არის, ტკბილია და ძალიან გემრიელი.

- ძნელად გასაზრდელი ყვავილები რომელია?
- დედას ძალიან უყვარს ორქიდეა. გერმანიიდან ვარდისფერი ორქიდეა ჩამოვუტანე 5 წლის წინ. მცენარემ ერთხანს იყვავილა, მერე კი ფოთლებიც აღარ შერჩა. ზამთარი იყო და არ გადავაგდე, მისკენ მთელი წელი აღარც გამიხედავს. შარშან აღმოვაჩინე, რომ ქოთანში არაფერი დარჩა, ერთი პატარა გამხმარი ფოთლის გარდა. წელს, ჩვენთვის მოულოდნელად, ორქიდეა აყვავილდა, გაოგნებულები ვართ! დედას ყველაზე მეტად მაგნოლია უყვარს, მაგრამ ძალიან ძნელი გასაზრდელია. ეს ჯერჯერობით ოცნებაა, თუმცა ძალიან ვცდილობთ. დედაჩემს ყოველ წელს, ულამაზესი ჰორტენზია ტყიბულის სახლიდან ჩამოაქვს. ტყიბული ჩემი დედულეთია, ჰორტენზია იქ ხარობს, აქ ვერაფერს გავხდით. მაინცდამაინც ნესტიანი და ჭაობიანი ნიადაგი უყვარს. სულ გვაქვს, დედას საყვარელი კამელია. არაჩვეულებრივი ბუჩქია გარდენია, თავისი საოცარი ყვავილებით. ეზოშია უნაბი, დაფნა, ბზა... სხვათა შორის, ბზა საქართველოში ბევრგან გახმა. სასხორშიც გახმა და წარმოიდგინეთ, ჩვენი ბზის ბუჩქები გადარჩა. დედამ ძალიან გულდასმით მოუარა, თუ არ ვცდები საპნიანი წყლით რწყავდა, შეიძლება სხვა რამით. ახლა, ბზა მარტო ჩვენ შემოგვრჩა. ბოსტანიც კარგი გვაქვს.

- ცალკე აღსანიშნავია კომპოზიციები ბაღში, მაგიდაზე, ხეზე...
- ტყიბულის სახლიდან ქვევრები წამოვიღეთ, იქ არავინ ცხოვრობს. ერთ გამოუსადეგარ ქვევრში მარწყვები დავრგეთ. გადაჭრილ თუთის ხეზე საკმაოდ განიერი სოკო ამოვიდა, მასზე დედამ ჩემი ბავშვობისდროინდელი რეზინის სათამაშოები მოათავსა. ველურად ამოსული კაქტუსები რიკოთის კლდეებზე ვნახე. კაქტუსები ძალიან იოლად ხარობენ. წამოვიღე და ნაწილი ჩავთესე ჩემ ქოშებში, რომლებიც გადასაყრელად დამენანა. ველურის გარდა, კაქტუსის რამდენიმე ჯიში გვაქვს.
დედას გატაცებაა კომპოტები, ჯემები, მწნილები, ლიქიორები...ზოგადად კულინარია იტაცებს. პროფესიით კვების ტექნოლოგია და ექსპერიმენტები უყვარს. ლიქიორებს ამზადებს ჩვენი ბაღის ხილისგან, მათ შორის, სპეციალური სამურაბე ჯიშის ვარდისგან. თვითონ მოიფიქრა და ძმარს ასე ინახავს: გრძელყელიან მინის ჭურჭელში პომიდორ ჩერის, წიწაკას, სხვადასხვა მწვანილს და ა.შ. ჩადებს და ძმარს ასხამს. უფრო არომატულია ძმარი, თან ლამაზია. გრაფინში შაორიდან წამოღებული ძახველი ჩავდე, რაჭაში - ჯახველას ეძახიან.

- რამდენი ჯიშის ყურძენი გიდგათ? ღვინოს წურავთ?
- სუფრის თითა ყურძენი ლამაზია, თუმცა ნაკლებად გემრიელი. თითაზე გაცილებით გემრიელია გორული და ჩინური ჯიშები, რომლებისგანაც მამა თეთრ ღვინოს აყენებს. ძალიან იშვიათი და ძველისძველი, შავი ჯიშის ყურძენია ქიწნურა, წვრილი პატარა მარცვლებით. ეს ვაზი ცოტაა და ღვინოც ცოტა გამოდის, იმისგან კეთდება ზედაშე და მამას ეკლესიაში მიაქვს. ეზოში თუთები დგას, თუთის არაყს ვხდით. ფაცხა მამაჩემის დაწნულია, ყველაფერს თავისი ხელით აკეთებს. ბაღში მცენარეებისთვის პატარა ღობეებიც მან დაწნა. შარშან ქობულეთიდან მოდიოდა მატარებლით და მთელი ვაგონი გაავსო უამრავი მცენარითა, თუ ფესვებით - თუკი ზღვამ რამე გამორიყა, ყველაფერი წამოიღო. გიჟდება ასეთ რაღაცაზე.

- ხშირად ყიდულობთ ახალ ნერგებს?
- ძალიან ხშირად ნერგებს ერთი ოჯახისგან ვყიდულობთ. ზესტაფონში მუდმივად მათთან მივდივართ. აჭარლები არიან და აჭარიდან ჩამოაქვთ მცენარეები, დეკორატიული ბუჩქები... ბაღს ყოველ წელს ვაახლებთ.


ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები