ბაღი ჩუმლაყში, რომელიც ბებომ შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ გააშენა - "ყვავილებთან ურთიერთობა ჩემთვის გულის გადაყოლება და ტკივილთან ბრძოლის საშუალება იყო"

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 67 წლის ქალბატონი ნინო მინდიკაური გახლავთ, რომელმაც გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში ულამაზესი ბაღი გააშენა. ბაღს სევდიანი ისტორია აქვს, რომელსაც ქალბატონი ნინო თავად მოგიყვებათ.

- საიდან იწყება თქვენი ყვავილების და მცენარეების მიმართ სიყვარული? ბავშვობიდან იღებს სათავეს თუ შემდეგ შეგიყვარდათ?
- ყვავილები ახალგაზრდობიდან მოყოლებული მიყვარს. ყოველთვის მქონდა ლამაზ-ლამაზი ყვავილები, მაგრამ ახლა უფრო მრავალფეროვანი ბაღი მაქვს, რომელსაც დიდი რუდუნებით ვუვლი. ვთვლი, რომ ყვავილებსაც ისევე სჭირდებათ სითბო და სიყვარული, როგორც ადამიანს.
ჩემი ბაღი მდებარეობს გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში. ცხრა წლის წინ
გარდამეცვალა შვილიშვილი და სწორედ ამის შემდეგ გადმოვედი ამ სოფელში საცხოვრებლად. ახლა ჩემს შვილთან და სიძესთან ერთად ვცხოვრობ. ყვავილებთან ურთიერთობა ჩემთვის გულის გადაყოლება და ტკივილთან ბრძოლის საშუალება იყო. თითქოს მამშვიდებდნენ და მესაუბრებოდნენ. ცხრა წელია ვუვლი ჩემს ბაღს, საკუთარი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული ჩემს ბაღში და შედეგსაც ვიღებ, რაც მხოლოდ მე კი არა, ბევრ ადამიანს ახარებს და უქმნის განწყობას.

- რა სახეობის ყვავილები ხარობს თქვენს ბაღში?

- ძალიან ბევრი სახეობის ყვავილები ხარობს ჩემს ბაღში. მაქვს ვარდები, გაზანიები, მიხაკები, წულპნები, ახალაიები, კამელინი. მაქვს უამრავი ქოთნის ყვავილი. ყველა ძალიან ლამაზი და განსაკუთრებულია ჩემთვის.

- როგორი იწყება თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- ზაფხულში ჩემი ჩვეულებრივი დილა იწყება 6 საათზე. ადგომისთანავე მივრბივარ ყვავილებთან და ვრწყავ. შემდეგ ვმარგლავ, მიწას ვუფხვიერებ. რა თქმა უნდა, ვესაუბრები და ვეფერები მათ. შემდეგ გავრბივარ სამსახურში. სამსახურის შემდეგ კი მივდივარ შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან, რადგან მათაც სჭირდებათ ჩემი თავი.

- ყვავილების გარდა ალბათ სხვა ძალიან ბავრი საქმეც გაქვთ. ხეხილი და ბოსტნეული თუ მოგყავთ, პირუტყვი თუ გყავთ და როგორ ართმევთ თავს სოფლის საქმეს?
- გვაქვს ატმის ბაღები. შეძლებისდაგვარად ვეხმარები ოჯახს მოსავლის აღებაში. ალბათ იცით, ზაფხულში სოფელში რაც ხდება, რამდენი საქმეა ამ დროს. მყავს ფრინველი, 150 ფრთა ქათამი, რომლებსაც თავად ვუვლი.

- თქვენი ოჯახის წევრები როგორ უყურებენ თქვენს ქმნილებას და ისინი რამდენად იღებენ მონაწილეობას ბაღის მოვლაში, გაშენებაში?
- მყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი. მათაც ძალიან უყვართ ყვავილები, ამიტომ ხელს მიწყობენ, რომ უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ბაღი. ხშირად მასაჩუქრებენ ყვავილებით, იციან, რომ ეს ძალიან მახარებს.

- სამომავლოდ რას გეგმავთ ბაღში?
- ასეთი გადამღლელი გრაფიკის მიუხედავად, ვფიქრობ უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი ბაღი და კიდევ ბევრი ყვავილები შევმატო ჩემს ეზოს. ძალიან დიდი შრომა სჭირდება ყვავილების მოვლას, ვინც იცის ყველა დამეთანხმება ამაში. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მე ისინი მაბედნიერებენ და ტკივილის დაძლევაში მეხმარებიან. ამიტომ თავს არ დავზოგავ უფრო და უფრო ლამაზი გავხადო ჩემი ბაღი.

მერი ბლიაძე

კომენტარები

Tamo 2021-06-02 09:48
Nino bebos adrec ulamazesi bagi qonda dedopliswyaroshi.utbilesi da usayvarlesi qalis

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები