თუში ბიჭი, რომელმაც ბებიის ნასწავლი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია

საქართველოს ულამაზესი კუთხე — თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. სხვა ქართველი მთიელების, მოხევეების, ფშაველების და ხევსურების მსგავსად, თუშებიც საუკუნეების განმავლობაში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით ცხოვრობენ. თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან - ჩეჩნეთი, დასავლეთით - ხევსურეთი, სამხრეთით კი - კახეთი ესაზღვრება. სწორედ თუშეთის ულამაზეს სოფელში, შენაქოში აიდგა ფეხი მთის საამაყო შვილმა, გიორგი სეხნიაიძემ. ბებოს კალთას გამოკერებული პატარა გიორგი ხშირად დადიოდა მთის ფერდობებზე სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. სწორედ ბებო უყვებოდა ამ მცენარეებზე და მათ სასარგებლო თვისებებზე. დღეს გიორგი თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე
სწავლობს, თუმცა არდადეგების დროს, ზაფხულის პერიოდში თუშეთის სახლს მეორე სიცოცხლე უბრუნდება, ჩარაზული კარები იღება, კერაში ცეცხლი ინთება, გიორგი მთაში ბრუნდება… წლების შემდეგ გიორგიმ ბებიისგან ნასწავლი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. იგი მთაში ხუთი სახეობის სამკურნალო ჩაის აწარმოებს.

- ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს ერთ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე ქალაქ თელავში მაქვს გატარებული. იქ დავამთავრე სკოლა. დასვენების დღეებს და არდადეგებს ამავე რაიონში, სოფელ ლალისყურში ვატარებდი. სოფელში, რომელსაც ოთხივე კუთხით სალოცავები აქვს შემოვლებული. სოფლის უხუცესთა გადმოცემით სოფელში 13-14 ეკლესია იყო. დღესაც ბევრი მათგანი ისევაა შემორჩენილი. ალბათ სწორედ მათი მფარველობით მოვედით აქამდე. წარმოუდგენელია, როგორ არ უნდა გიყვარდეს ეს ადგილი?

ჩემს ცხოვრებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თუშეთს. მოგეხსენებათ, თუშეთის გზა ჩაკეტილია ოქტომბრიდან მაისამდე, რის გამოც ვერ ხერხდება საავტომობილო მიმოსვლა. ზაფხულში კი, როცა გზა იხსნება, თუშეთისკენ მივემგზავრები. თუშეთი იყო, არის და იქნება ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ. მთა ის ადგილია, სადაც მართლა თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ თავს, მით უმეტეს, როცა საღამოს კოცონთან, მეგობრების გარემოცვაში დროს სასიამოვნოდ ვატარებ, ჟღერს თუშური ჰანგები და თუშეთის ულამაზესი ხედებით ვტკბებით.

კლასში რამდენიმე ძალიან ცელქი ბავშვი რომაა, სწორედ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ძალიან მოუსვენარი, ყველაფერი მაინტერესებდა. ხშირად დავყავდი ბებიას მთის ფერდობზე, სადაც სამკურნალო მცენარეებს აგროვებდა. მცენარეების ცნობა სწორედ ბებომ მასწავლა. დავყვებოდი მინდორში სხვადასხვა ბალახის შესაგროვებლად, რომლებსაც ის სამკურნალო დანიშნულების გარდა, მატყლის ნატურალური ბაწრის შესაღებად იყენებდა. ბავშვს მეტი რა უნდა, მეც დავდევდი, ხან ვეხმარებოდი და ხან ალბათ ხელსაც ვუშლიდი. ბებო ამ გაზაფხულზე გარდაიცვალა... როგორც ყველა თუში ქალი, ქსოვდა, თელავდა ხალიჩებს. ნამუშევრებში ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდა ბუნებრივ მასალებს და საღებავებს. მატყლის ძაფს როცა რთავდა, აუცილებლად ეკოლოგიურად სუფთა, მცენარეული საღებავებით ღებავდა, რომელიც ბუნებაში მოიპოვებოდა.

- როდის გადაწყვიტეთ, ბებიის ნასწავლი საქმე შემოსავლის წყაროდ გექცია?
- ორი წლის წინ, როცა საკუთარი საქმის წამოწყება მომინდა, ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, თუ რა უნდა გამეკეთებინა. გამომდინარე იქიდან, რომ თუშეთის სოფელ შენაქოში კაფეტერიას ვამუშავებთ, გამიჩნდა სურვილი, სტუმრებს ნატურალური პროდუქციით გავმასპინძლებოდი. სურვილი გამიჩნდა, მათ შორის ყოფილიყო ჩაის ის სახეობებიც, რომელიც მათში დიდ მოწონებას იმსახურებს და მივხვდი, რამდენად დიდი შანსები ჰქონდა ამ ძვირფასეულობას.

- რამდენი სახეობის ჩაის აწარმოებთ?
- გასულ წელს სამი სახეობის ჩაი მქონდა: ბეგქონდარა, თავშავა, კრაზანა. წელს ორი სახეობა, დეკა და გვირილა დავამატე.

- თითოეული მათგანი რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა?
- თავშავა ხალხურ მედიცინაში გამოიყენება უძილობის, ნევროზის, სისხლძარღვების, სპაზმის, უმადობის და გაციების სამკურნალოდ. კრაზანა სასარგებლოა ნაღველსადენი გზების, ნაღვლის ბუშტის, ჰეპატიტების, გასტრიტის, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადებების, ქალური დაავადებების, ჩირქის, წყლულების, კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.
ბეგქონდარა გამოიყენება საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის, ნაწლავების შებერვის, მკერდის არეში ტკივილის, უძილობის და გაციების სამკურნალოდ, ასევე შარდმდენ და დამამშვიდებელ საშუალებად.
დეკა გამოიყენება შარდმდენ და წნევის დამწევ საშუალებად. თუმცა მისი დიდი ოდენობით მიღება არაა რეკომენდებული.

- პატარა ასაკში არ გაგიჭირდათ საქმის გაძღოლა? ვინმე გეხმარებათ?
- ძველი ნათქვამია, „გუდა თავიდანვე უნდა ჩატენოო“. ყველაფერი რთულია, თუ არ ისწავლე და არ მიეჩვიე, არ აქვს მნიშვნელობა, თვრამეტი წლის იქნები თუ ბევრად დიდი. ყველაფერს ბავშვობიდან უნდა მიეჩვიო.

- როგორ ფიქრობთ, რა აუცილებელი უნარებია საჭირო წარმატების მისაღწევად?
- შრომა, შრომა, შრომა და ბევრი შრომა. ასევე ვთვლი, რომ არასდროს არ უნდა ვკითხოთ მთავრობას და სამშობლოს, რას აკეთებს ჩვენთვის. ჯერ ჩვენ თავს ვკითხოთ, რას ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც ასე საამაყოა ჩვენთვის.

- ჩაის წარმოების გარდა რას საქმიანობთ?
- ზაფხულში თუშეთში კაფეტერიას ვამუშავებ, ასევე კახეთში პატარა თხილის პლანტაცია მაქვს გაშენებული, რომელსაც დიდ ყურადღებას ვუთმობ. ამ პერიოდში კი ვსწავლობ არქიტექტურას და ვმუშაობ თუშეთის სივრცითი მოწყობის პროექტზე, რადგან ჩემთვის ამომავალი წერტილი არის თუშეთი და მომავალი საქმიანობაც თუშეთს უკავშირდება.

- დღეს რამდენად მარტივია მთაში ცხოვრება, თავის გატანა?
- ალბათ ამ კითხვაში სიტყვა მარტივი არ უნდა იყოს. ჩემს სოფელში სულ სამი ადამიანი ცხოვრობს, რაც დამეთანხმებით, ძალიან პატარა რიცხვია. იმედია, რამდენიმე წლის შემდეგ ეს რიცხვი ერთით გაიზრდება, როცა მე მივემატები მათ რიცხვს.

- რა სირთულეებს აწყდებიან მთაში მცხოვრები ადამიანები?
- მთაში ბევრი პრობლემაა, მათ შორის კომუნიკაციის პრობლემა. ეს პრობლემა ნაწილობრივ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ მოაგვარა თუშეთის ინტერნეტიზაციით. ახლა ისეთ ხალხს შეუძლიათ დარეკვა, წინათ მკაცრი ზამთრის შემთხვევაში, შვიდი თვის განმავლობაში ადამიანის ხმას რომ ვერ იგებდნენ.
დიდი პრობლემაა გზა, რომელიც თუშეთთან მხოლოდ ხუთი თვის განმავლობაში გვაკავშირებს, ესეც კარგ შემთხვევაში.

- როგორ მთაზე ოცნებობთ?
- როგორზე? აი, ძალიან მინდა, ახალ წელს იქ შევხვდე, მაგრამ ვერ ხერხდება უგზოობის გამო. მინდა ისეთი იყოს თუშეთი, ქალაქში სუსხიან ზამთრის დღეს სამსახურიდან რომ გამოხვალ, თუშეთს მიაშურებ და იმ ღამეს თუშეთში, თბილ ბუხართან გაატარებ. მინდა, კარგი გზა იყოს და ზამთარშიც ხალხის ხმაური ისმოდეს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, თუშეთს და ზემოხსენებულ პრობლემებს უკავშირდება. თუმცა როგორ და რა გზით მოვახერხებ, ეს ჯერ არ ვიცი.
მერი ბლიაძე

კომენტარები

mania 2017-12-22 18:35
cacxvis chai aris umagresi da ucxoetshi zaan gavrcelebuli, shenc gaakate umarrav rames uxdeba, carnatebeni, vamaqotb shenit!
mania 2017-12-20 22:27
shen gaixare da 1 atasad da milionad iqeci
sara 2017-12-01 15:14
uplis cyaloba ar mogklebodes sasaxelo qartvelo, umravlos shenistana shvilebi chvens samshoblos gmertma. sami bichi myavs, shenistanebi rom gaizardon agarc movkvdebi.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები