"30 წლამდე ვფიქრობდი, რომ წყალწაღებული ვიყავი... დღეს ბედნიერი ვარ, რომ მცირედი რაღაც გავაკეთე ჩემი მიწისთვის..." - ბიჭი, რომელიც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და ახალი ცხოვრება დაიწყო

დათია ბადალაშვილი – ნიჭიერი, გულიანი, კეთილი, სამშობლოს მოყვარული ადამიანია. სკოლის დამთავრების შემდეგ, წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. თუმცა მთამ და ფესვებმა კვლავ უკან უხმო. დღეს იმ სოფელში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, მიწაზე მუშაობს და საქონელს უვლის. წიგნების კითხვა ბავშვობიდან უყვარდა. ერთ დღეს კი თავად დაიწყო წერა და მისი გულწრფელი ნაფიქრი ფურცლებს მოარგო. ასე გახდა მწყემსი დათია მწერალი და შემდეგ - ბიბლიოთეკარი.

- დავიბადე და გავიზარდე მანგლისის რაიონში, სოფელ დიდ თონეთში. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული. მეოცნებე ბავშვი ვიყავი, კითხვა მიყვარდა, მაგრამ
მაშინ ასე აქტიურად არ ვკითხულობდი. ისეთი ცხოვრება მქონდა, როგორც სოფელში დაბადებულ და გაზრდილ ყველა ბავშვს აქვს. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ საავიაცო კოლეჯში დავიწყე სწავლა, მაგრამ არ იყო ეს ჩემი საქმე და რის ვაივაგლახით დავამთავრე. 25 წლისამ ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტზე. ჩვენი მოუწესრიგებელი საგანმანათლებლო სისტემის გამო, აქაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი. როგორ შეიძლებოდა, ადამიანი ისტორიის გამოცდით სამშენებლო ფაკულტეტზე მოხვედრილიყო? პროფესიით მშენებელ ინჟინერი ვარ და სწავლა წელს დავამთავრე.

- რატომ ვერ შეეგუეთ ქალაქის ცხოვრებას, რატომ მიიღეთ სოფელში დაბრუნების გადაწყვეტილება?
- თავიდან მომწონდა ქალაქში ცხოვრება, თუმცა მერე ვხვდებოდი, რომ მღლიდა ხმაური, ხალხმრავლობა. თან ჩემს ადგილსაც ვერ ვპოულობდი. სულ დანაკლისი მქონდა, მენატრებოდა სოფელი, მინდვრები, ხეები, ჩემი ოჯახი. ქალაქში ცხოვრების დროს, სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი მინანქარზე, ბლოკის ცეხში, მთაწმინდის პარკში, თუმცა არსად არ მიმართლებდა და ვფიქრობდი, რომ ყველაზე ხელმოცარული ადამიანი ვიყავი. ყოველი მარცხის მერე ვბრუნდებოდი სოფელში. ეს იყო ჩემი თავშესაფარი. ამ წასვლა-მოსვლით გული დამეღალა, ამიტომ გადავწყვიტე, საბოლოოდ დავბრუნებოდი მშობლიურ ფესვებს. დიდი ფულის შოვნის, ფუფუნების ამბიცია არასოდეს მქონია ცხოვრებაში. ჩემთვის მთავარია სულიერი კომფორტი და სიმშვიდე, რასაც ქალაქში ვერ ვპოულობდი.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- მშობლებს სულ ვენატრებოდი, განსაკუთრებით დედას. როცა დავბრუნდი, სოფლის მეურნეობას მივყავი ხელი. სამუშაო ნაკლებად იყო, ამიტომ გადავწყვიტე მწყემსად წავსულიყავი. თან ჩემთვის ეს საქმე უცხო არ იყო. მანამდეც ხშირად მიწევდა საქონლის მწყემსვა. თუ ბიბლიოთეკას არ ჩავთვლით, ეს ყველაზე კარგი საქმე იყო, რაც ცხოვრებაში მიკეთებია. მე ჩვეულებრივი მიწის მუშა ვარ და იმას ვაკეთებ, რაც ჩემს წინაპრებს წლების წინ უკეთებიათ. ახლაც ძალიან მენატრება ცხვარში სიარული, მაგრამ სამწუხაროდ, დრო აღარ მაქვს.

- როდის მოხდა თქვენში გარდატეხა. როდის გაგიტაცათ წიგნებმა, ლიტერატურამ?
- როდესაც სოფელში დავბრუნდი და ცხვარში დავიწყე სიარული. ამ პერიოდში ხარბად ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა. ძალიან დიდი ხიბლი აქვს ცხვარში ყოფნას, თუმცა ამავე დროს მძიმე შრომა და დიდი პასუხისმგებლობაა. სოფელში დაბრუნების შემდეგ სამი წელი ვიყავი ცხვარში. მიმქონდა წიგნები და იქ დიდი სიამოვნებით, ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობდი. მაშინ იქცა წიგნი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ სოფელში?
- ახლა ვმუშაობ სოფლის ბიბლიოთეკაში, რომელიც მე შევქმენი სხვა ადამიანების დახმარებით. გარდა ამისა ვამუშავებ მიწას, მომყავს მოსავალი, ვუვლი საქონელს. ზაფხულში ვმუშაობ თივაზე, რომ ზამთარში საქონელს საკვები ჰქონდეს. ასე გადის დღეები...

- რამდენად გულუხვია თქვენი მიწა, იმ შრომას, რასაც მასში დებთ, გიბრუნებთ უკან?
- სამწუხაროდ, არა. ჩვენს კუთხეში, მით უმეტეს ჩემს სოფელში ადამიანებს აგრონომიული განათლება არ აქვთ. წლების განმავლობაში მიწა ძალიან გამოიფიტა და უწიაღო გახდა. მიწის განაყოფიერებაზე აღარავის უზრუნია და ისიც იმდენს არ გვაძლევს, რაც უნდა მოგვცეს. ძალიან ბევრი ახალი ტექნოლოგიაა მოსავლის მოსაყვანად, ჩვენ კი ისევ ისე ვთესავთ, როგორც ჩვენი წინაპრები თესავდნენ. ეს კი ძალიან ცუდია. კარგი იქნებოდა, თუ გამოცდილი აგრონომი ყველაფერს გვასწავლიდა. უკეთეს მოსავალს მოვიყვანდით, თავსაც ვირჩენდით და შემოსავლის წყაროც იქნებოდა. ამ ეტაპზე ჩვენი მიწაზე მუშაობა ის არის, რომ მშიერი არ მოვკვდეთ. სხვა შემთხვევაში მის რეალიზებასაც შევძლებდით. დღეს ღვთის ანაბარა ვართ მიტოვებული. სწორედ ამიტომ არის, რომ მთა იცლება, რაც ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. მთიდან გაქცევა არაფრით არ შეიძლება. დღეს ჩემთვის წარმოუდგენელია ჩავიდე ქალაქში და 300-400 ლარზე ვიმუშაო. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ და არც ვინმეს ჭკუას ვასწავლი. უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან მირჩევნია აქ ვიყო, ის ვიმყოფინო, რაც მაქვს და ჩემი მიწა უპატრონოდ არ მივაგდო. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან სახარბიელო სიტუაციაა, თუმცა არც საგანგაშოდ გვაქვს საქმე. ალბათ ეს იმიტომ, რომ ჩვენ შედარებით ახლოს ვართ დედაქალაქთან. ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც აქ ცხოვრობს, ჰყავთ საქონელი და მიწას ამუშავებენ. არ ეზარებათ მუშაობა და თუ მუშაობა არ გეზარება, ყველაფერი გამოგივა.

- მოგვიყევით სოფლის ბიბლიოთეკაზე, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ.
- ერთ თოვლიან ზამთარს გადავწყვიტე, სოფლის ცენტრში ჩემი ბავშვობის საყვარელი ადგილი, სასოფლო ბიბლიოთეკა მომენახულებინა. არ ვიცი, რატომ გამიჩნდა იქ ასვლის სურვილი. დამხვდა ჩამოგლეჯილი კარი, გადმოყირავებული თაროები და ძირს დაყრილი ასეულობით წიგნი. მეგობრების დახმარებით წიგნები დავალაგე. ფანჯარა და კარიც ჩავაყენეთ, მაგრამ წვიმას ვერაფერი მოვუხერხეთ – სახურავიდან წყალი ზედ წიგნებს დასდიოდა. გადავწყვიტე, სახლში ამეტანა ისინი. ყოველ ღამე ვეზიდებოდი ტომრით, მამაჩემი ბრაზობდა, ეშინოდა, რომ დამიჭერდნენ. შეგონებით რომ ვერაფერს გახდა, მერე ელჩი – დედაჩემი მომიგზავნა. არ იცოდა, რომ ის ელჩი საიდუმლოდ ჩემი მოკავშირეც იყო. მოკლედ, გადავარჩინე ბევრი წიგნი და მწერლების პორტრეტები. გული მწყდება თაროების გამო, სახურავი ჩამოწვა და ისინი ქვეშ დაიტანა...

- სულ რამდენი წიგნი გადაარჩინეთ?
- რვაასამდე წიგნი გადაურჩა განადგურებას. ამ წიგნებს სახლში ვინახავდი. შარშან მარათონში ვიღებდი მონაწილეობას და იქიდან გაიგეს ჩემი წიგნების შესახებ. შევხვდი გიორგი კეკელიძეს და სწორედ მისი რეკომენდაციით გაიხსნა თონეთში ბიბლიოთეკა. გამგეობამ დაგვითმო ერთი ოთახი, რომელიც შემოწირულობებით გავარემონტეთ. მოგეხსენებათ, ჩვენს სოფელში ორი წელი ასწავლიდა ვაჟა-ფშაველა. დავაწესეთ ვაჟაობის დღესასწაული და ყოველ წელს, 29 ივნისს ვაჟას დავაბრუნებთ თონეთში. ეს სიმბოლური დღესასწაულია, ვაჟა სწორედ იმიტომ გააგდეს ჩვენი სოფლიდან, რომ განათლება შემოჰქონდა. ბიბლიოთეკის და ვაჟაობის ტრადიციის აღდგენაც იმ ნაფეხურების გაგრძელება იქნება, რაც ვაჟამ დატოვა.

- ახალგაზრდების, ბავშვების ხრიდან არის დაინტერესება? ხშირად გაკითხავენ ბიბლიოთეკაში?
- ერთი და იგივე ყოფას მივეჩვიეთ ამ სოფელში ადამიანები, სიახლეს ძნელად ვეგუებით. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ არავინ შემოვიდეს, ინტერესი რომ არ გამოიჩინონ, მერე რა ვქნა-თქო. ვაჟაობა რომ ჩავატარეთ, მთელი სამი დღის განმავლობაში უზომოდ ბედნიერ სახეებს ვხედავდი. ბევრი სტუმარი ამოვიდა სოფელში. ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის სასიამოვნო თავშეყრის ადგილად იქცა. ძალიან ხშირად შემოდიან, რაც უზომოდ მახარებს. ყოველი თვის 20 რიცხვში დავაწესეთ საჯარო კითხვის დღე. ყველაზე პატარა მონაწილე - 4-ის, ხოლო ყველაზე ასაკოვანი მონაწილე 75 წლის გვყავდა.
30 წლამდე ვფიქრობდი, რომ წყალწაღებული ვიყავი. დღეს ბედნიერი ვარ, რომ მცირედი რაღაც გავაკეთე ჩემი მიწისთვის.

- მოგვიანებით თქვენც დაიწყეთ წერა..
- მონასტერში ვიყავი და თავიდან მაშინ ვცადე რაღაცის დაწერა. თან ამ დროს შეყვარებული ვიყავი. ვფიქრე, რა მშვენიერი საქმეა, მოდი მწერალი გავხდები-მეთქი (იღიმის). ამის მერე საერთოდ არაფერი აღარ დამიწერია. შემდეგ ცხვარში სიარულის დროს დავიწყე წერა. თან უკვე ასაკშიც ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ბევრი რამე მქონდა მოსაყოლი. 25 წლის ვიყავი, როცა ჩემი დებიუტი შედგა „ცისკარში“. დღეს უკვე პერიოდულ პრესაში იბეჭდება ჩემი ნაწარმოებები.

- გაქვთ გამორჩეული ნაწარმოები?
- დიახ, „ბიჭი“, რომელიც პატარა ბიჭზე და მის მძიმე ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

- როცა ძალიან დაღლილი და სევდიანი ხართ, როგორ წამლობთ საკუთარ თავს?
- ძალიან მიყვარს მარტოობა და ფიქრი, მაგრამ ბოლო პერიოდში ამისთვის დრო ნაკლებად მრჩება. ძალიან მენატრება წვიმა. აი, მაშინ რომ მკითხოთ, გეტყვით, როგორ ვუმკლავდები სევდას.

- თქვენი აზრით, რა არის ადამიანის ყველაზე დიდი ღირსება?
- პირველი და მთავარი უბრალოებაა. მეორე - ადამიანს ადამიანურად უნდა მოექცე. უფალიც ხომ ყველაზე მეტად ამას გთხოვს.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- სოფელში არის შენობა, სადაც ვაჟა ასწავლიდა. შენობა ავარიულია და ძალიან მინდა მისი აღდგენა. იმედი მაქვს, საამისო მოვიძიებ სახსრებს და პირვანდელ სახეს დავუბრუნებ.
მერი ბლიაძე

კომენტარები

ეკა 2022-12-05 22:51
საამაყო ბიჭი ხარ, შენნაირებს უნდა უწყობდეს ქვეყანა, წარმატებები...
lia 2021-06-16 11:36
ixareT da warmatebebi!
ზზ 2021-05-13 15:58
დიდი თონეთი მანგლისის რაიონი კი არა თეთრიწყაროს რაიონია მანგლისიც თვითონ თეთრიწყაროს რაიონია
ნუკრი 2020-10-02 10:57
კარგი ინფორმაციაა. ურნალისტებო ყველა, რომ გაპოლიტიკოსდით იქნებ ასეთი ინფორმაციები გააცრცელოთ.
Qeta revazishvili 2020-06-14 08:53
Warmatebebi dato

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები