ქორწილის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი და საოცნებოა. ყველა გოგონა ბავშვობიდან გეგმავს, ოცნებაში ხატავს, თუ როგორი გრანდიოზული და სასიამოვნო ქორწილი ექნება. რა მოდური ტენდენციებია დღეისთვის საქართველოში ამ კუთხით, რა ჯდება გრანდიოზული ქორწილის გადახდა, ამ და სხვა თემაზე ქოწილების და ივენთების ორგანიზატორს, დიზაინერ ედემი გვარმიანს ვესაუბრეთ, რომელსაც ამ სფეროში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.
- ყველაფერი დაახლოებით 12 წლის წინ დაიწყო. რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად, ხშირად მთხოვდნენ ლარნაკებში ყვავილების ჩალაგებას, სხვადასხვა საქორწილო დეტალის გაკეთებას. არც მიფიქრია, რომ ოდესმე ქორწილების გაქორმებას დავიწყებდი. ერთი ძალიან გავლენიანი ქალი მოვიდა
დილის 10 საათია და კარზე კაკუნის ხმა ისმის - თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე დამიარა ჟრუანტელმა. გაიღო კარები და შემოდის ეს ქალბატონი, მე პატარა ბავშვივით ვდგავარ და შევყურებ თვალებში, რას იზამს. ჩემდა მოულოდნელად, ვხედავ, რომ ცრემლები გადმოსცვივდა და მითხრა, მსგავსი სილამაზე არ მინახავსო. ეს იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. 2000-მდე ქორწილი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ვთვლი, რომ ის საუკეთესოთა შორის საუკეთესო იყო. მახსოვს, ამოიღო 50-დოლარიანი და სულ ძალით ჩამიტენა ჯიბეში. ცოტა ხანში რესტორნის მეპატრონემ დამიბარა კაბინეტში, შემაქო და ჩემს ჰონორარს მანაც დაუმატა 100 ლარი. ორ კვირაში დამიბარეს სხვა რესტორანში და ამის მერე დაიწყო, რაც დაიწყო (იცინის). დავამსხვრიე სტერეოტიპები, არასოდეს გამიკეთებია ერთნაირი, სტანდარტული გაფორმება, ჩემი დიზაინი ყოველთვის კრეატიულობით გამოირჩეოდა.
- პროფესიით ვინ არის ედემი გვარმიანი?
- დამთავრებული არაფერი არ მაქვს. ძალიან კარგად ვხატავდი, მინდოდა აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ისე მოულოდნელად ჩავერთე ამ სფეროში, რომ ვეღარ მოვახერხე სწავლის გაგრძელება, საკმარისი დრო აღარ მქონდა.
- საქართველოში განვითარების რა ეტაპზე ეს სფერო?
- კავკასიის ქვეყნებთან შედარებით, გემოვნება ქართველ მომხმარებელს უფრო დახვეწილი აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, რესურსი და მატერიალური საშუალება არ გვიწყობს ხელს. ბოლო 2-3 წელიწადია დამკვიდრდა ის ტენდენცია, რომ პატარძლებს ხაშლამაზე მეტად აინტერესებთ ქორწილის ვიზუალური მხარე. რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტი ყურადღება ექცევა დიზაინს და გაფორმებას, ფულსაც შედარებით მეტს ხარჯავენ. ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა ღია სივრცეში გაკეთებულ ქორწილებზე, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ამის ფუფუნება და დიდი არჩევანი. თუ არის ობიექტი, მომხმარებელს ვერ სთავაზობს სასურველ სერვისს. მაგალითად, არ არის დაზღვევა იმ შემთხვევაში, თუ გაწვიმდება. ახლა მყავს ერთი ქართველი პატარძალი, რომელიც გათხოვდა საფრანგეთში და აქ იხდიან ქორწილს, ელოდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან გავლენიან სტუმრებს, კატეგორიული მოთხოვნაა, ქორწილი გაკეთდეს ღია ცის ქვეშ, დიდი ძებნის მერე ძლივს მივაგენით მცხეთაში საჭირო ადგილს.
- რა ტენდენციებია აქტუალური?
- ჩემი გადმოსახედიდან, ქართველი პატარძლები "დაშტამპულები" ჩანან. უფრო მშიშრები არიან ფერებთან მიმართებაში. მთელი ევროპა როცა აკეთებს შავ-თეთრ, შავ და წითელ ფერში, ქართველებს ამოჩემებული აქვთ იასამნისფერი, ვარდისფერი, მუქი კრემისფერი. სამწუხაროდ, ამ ფერებს ვერ გავცდით. ერთადერთხელ, დაახლოებით 5 წლის წინ გავაფორმე შავ-თეთრ ფერში ქორწილი. იმდენად წარმოუდგენელი იყო, ჩემი მეგობრებიც მეუბნებოდნენ, სრულ ჭკუაზე არ ხარ, რა შავი ფერი აგიტყდაო, მაგრამ როცა გაკეთებული ნახეს, ყველა გაოცებული დარჩა შედეგით. ქართველ პატარძლებს ყველაფერი ერთნაირი აქვთ - კაბები, თაიგულები, ვარცხნილობები, ეს ფაქტი უკვე ძალიან მაღიზიანებს. აქტუალურია სანთლების თემა. დიდ ყურადღებას აქცევენ ბექგრაუნდის დიზაინს, ძალიან მოსწონთ ბროლის ხეები, რომელიც მართლაც საოცარ ელფერს მატებს ქორწილს.
- ხშირ შემთხვევაში რა სირთულეებს და პრობლემებს აწყდებით?
- პრობლემები და სირთულეები საკმაოდ ბევრია. ყველაზე მეტად ამ სფეროში გამეფებული დაუნდობლობა მაწუხებს. ბევრი კოლეგა მმტრობს, ცუდი თვალით მიყურებს. ყოფილა შემთხვევები, რომ მირეკავენ და მემუქრებიან, არ წავიდე ამა თუ იმ ქორწილის გაფორმებაზე, უარი ვთქვა შემოთავაზებაზე. მეუბნებიან, რომ არ შეიძლება მთელი თბილისის ქორწილები მე გავაფორმო. თუმცა ჯანსაღი კონკურენციაც არსებობს, მთლად ასეც არაა დაქცეული ჩვენი სფერო (იღიმის). ხშირია იდეების მოპარვის ფაქტი. გავაკეთე ქსოვილებით, ერთ კვირაში ყველა დიზაინერმა ქსოვილებით გაფორმება დაიწყო, გავაკეთე ბროლის ხე, სულ მალე ინტერნეტსივრცე ბროლის ხეებით გაფორმებულმა ქორწილებმა აიკლო. შანდლების მაგივრად ბოთლებში ჩავალაგე სანთლები და ესეც ყველამ გადაიღო. თავიდან ძალიან მწყინდა. უკვე აღარ მწყინს, მივხვდი, რომ მე ვქმნი საქართველოში ქორწილების დიზაინს. ყველა რესტორანმა აიყვანა დიზაინერი, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალი. თუ შენ ქორწილს იხდი პირობითად რესტორან X-ში და გინდა გაგიფორმოს ედემი გვრმიანმა, ცალკე ფული უნდა გადაუხადო რესტორნის დიზაინერს, რათა უხეშად რომ ვთქვათ, რესტორანში გასაფორმებლად "შეუშვას" ედემი. რესტორანი დამკვეთს სთავაზობს, თუ უნდა გადაიხადო ედემისთან 1000 ლარი, ჩემი დიზაინერი გაგიკეთებს 500 ლარში. ამ 500 ლარიდან 50 ლარს გადაუხდის დიზაინერს, 150 ლარში ყვავილებს იყიდის. მეპატრონეს კი სუფთა 300 ლარი დარჩება.
- თუ თქვენი და დამკვეთის გემოვნება არ ემთხვევა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში როგორ იქცევით?
- ჩემთან ვინც მოდის, იმან უკვე იცის, რომ მოდის პროფესიონალთან და მაქსიმალურდ მენდობიან. არ მახსოვს შემთხვევა, რომ დამკვეთს წინააღმდეგობა გაეწიოს ან ვერ შევთანხმებულიყავით. ყველა პატარძალს უნდა, რომ ზღაპრული ქორწილი ჰქონდეს. თავდაპირველად ვუსმენ, რა მოსწონს, როგორ სტილში უნდა გაკეთება, მერე მეც ვურჩევ დეტალებს და აუცილებლად ვთანხმდებით. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ პატარძლების წინაშე, ვინაიდან მათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე მანდეს.
- ფასები საიდან სადამდე მერყეობს?
- ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, მოთხოვნებს გააჩნია. ყველაზე ცოტა ამიღია 200 ლარი, ყველაზე მეტი - 50 000 დოლარი. თუმცა მთლად მატერიალურ მხარეზე ორიენტირებული არ ვარ. ხარისხს არ განვსაზღვრავ ფულით, ვინაიდან სტუმარმა არ იცის, 200 ლარია გადახდილი გაფორმებაში თუ 1000, ის აქცენტს ამახვილებს ხარისხზე, ჩემი სახელი და ავტორიტეტი კი მილიონებს მირჩევნია. ხშირად კრედიტით და ვალებით იხდიან ქორწილს, ამიტომ გაფორმებისთვის არ რჩებათ ფული. როცა ჩემთან მოდიან, ვეკითხები ბიუჯეტს, რამდენი აქვთ გამოყოფილი გაფორმებისთვის და შემდეგ მე ვთავაზობ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ფასში. თუმცა არ ვატყუებ და ვეუბნები, რომ 500 ლარში არ გამოვა ისეთი ქორწილი, თქვან, ეს რა ნახა ჩემმა თვალებმაო. არ მინდა, რომელიმე პატარძალი გულდაწყვეტილი გავუშვა, ამიტომ ვუკეთებ ხოლმე დიდი შეღავათებს.
- ყოფილა შემთხვევა, როცა დამკვეთი უკმაყოფილო დარჩენილა?
- მხოლოდ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა. ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის. თეა ფხაკაძის ქორწილი იყო. მაშინ იმდენი ცუდი რაღაცები დაწერეს ჩემზე, რომ ძალიან განვიცადე. თავის მართლებაში არ ჩამომართვათ, როცა ადამიანი პასუხისმგებლობას იღებ შენს თავზე, უკვე შენი ბრალია, იქ დამნაშავის ძებნას აზრი აღარ აქვს. არის ასეთი ყვავილი ჰორტენზია, რომელსაც ველოდი ბათუმიდან, რომლის იმედზეც ვიყავი და არ ჩამოვიდა. მთელი დღე ვრეკე ისტერიულად, მაგრამ უშედეგოდ. 45 მაგიდაზე მქონდა გასაკეთებელი მეტრანახევრიანი თაიგულები. დამაკლდა 7 მაგიდაზე, საბოოლოდ ჩამოგვისწრო ყვავილებმა, მოვასწარით ჩადგმა, ქორწილი არ ჩაშლილა, მაგრამ ის თანხა, რაც გადახდილი ჰქონდათ, უკან დავუბრუნე.
- კურიოზულ სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?
- ერთ დღისით ავდექი, ავკრიფე ჩემი ინვენტარი, ყვავილები, დავტვირთეთ სატვირთო მანქანა და წავედი რუსთავში დანიშნულ ადგილას. როგორც იქნა, მანქანიდან ჩამოვცალეთ ყველაფერი და ვგებულობ, რომ შემეშალა და ქორწილი არის მეორე კვირას.
მერი ბლიაძე
კომენტარები