გვანცა დარასელიას თანამედროვე მინიმალისტური სახლი და ოჯახური იდილია...

სახლი, სადაც ტელეწამყვანი გვანცა დარასელია მეუღლესთან - ვახო მჭედლიძესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს, წყვილმა დაქორწინების შემდეგ ერთად შეარჩია. მართალია, დიასახლისს დღეს უკვე ბევრი დეტალის გადაკეთების სურვილი აქვს, მაგრამ ეს ბინა მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს უკავშირდება და ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.
გვანცასთან სტუმრად მისულებს ლამაზ კაბაში გამოპრანჭული 2 თვის ლილე, ძმასთან - ერეკლესთან და მშობლებთან ერთად ფოტოსესიისთვის მომზადებული დაგვხვდა და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პროცესს "გმირულად" გაუძლო.

- მე და ვახო დაქორწინების შემდეგ ცოტა ხანს ნაქირავებში ვცხოვრობდით. როცა ბინის ყიდვის დრო დადგა,
ამ სახლს მაკლერის დახმარებით მივაგენით. სიმართლე გითხრა, რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები არ გვქონია, ვნახეთ, მოგვეწონა და ვიყიდეთ. საბურთალოზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ორივეს მოგვწონს ეს უბანი და თან ჩემს სამსახურთან ახლოსაა.

გვანცა დარასელია ოჯახით 8-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს, უფრო სწორად, სახლს კიდევ ერთი სართული აქვს დამატებული. ბინა დუპლექსის ტიპისაა, ორი სართული ერთმანეთთან შიდა კიბითაა დაკავშირებული.


- რეალურად, ჩვენი სახლის ქვედა ნაწილი არის სხვენი, ზედა კი _ სხვენის დაშენება, რომელიც ასე დაგვხვდა. ბინას სრულიად განსხვავებული განლაგება ჰქონდა, ჩვენ ხელახლა დავაპროექტეთ ოთახები. დიზაინერი არ აგვიყვანია. ვახოს მამა ყველანაირად დაგვეხმარა სარემონტო სამუშაოებში, ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ვადებში და ვერც ფინანსებში ვერ ჩავეტეოდით და მადლობა მას ამისთვის. მე და ვახოს განსხვავებული გემოვნება გვაქვს და რაღაცის საყიდლად ერთად რომ მივდიოდით, ვხოცავდით ერთმანეთს (იღიმის). წარმოუდგენელი იყო ჩვენი ერთად საყიდლებზე სიარული. აი, მაგალითად, აბაზანისთვის მე მინდოდა სადა, ორ ფერში გადაწყვეტილი კაფელი, ვახოს მოსწონდა ქვისა და გრანიტის კომბინაცია, რაც ახლა ძალიან მოდურია, საბოლოოდ შოურუმში ვნახეთ აწყობილი აბაზანა, მოგვეწონა და შევთანხმდით, რომ ისეთი უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან მიყვარს ეს სახლი, მაგრამ არაპრაქტიკულად მივიჩნევ. როცა ბავშვები გყავს, განსხვავებულ სართულზე განლაგებული საძინებლები ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე დიდია, ფაქტობრივად არ მაქვს სათავსოები, უფრო სწორად, არ მყოფნის ის სათავსოები, რაც მაქვს, მარტო ბავშვის სათამაშოები დაგროვდა იმდენი, რომ ვერსად ვინახავ. რაღაცების შეცვლა კი მინდა, მაგრამ ჩემი ქმარი მეუბნება, არ ღირს აქ რემონტის ხელახლა გაკეთება, ახალი სახლი რომ გვექნება, ის მოვაწყოთ სხვანაირადო. ძალიან გვინდა, ქალაქგარეთ ავიშენოთ სახლი და შედარებით სუფთა ჰაერზე ვიცხოვროთ. მოგეხსენებათ, ქალაქის ეკოლოგია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ამიტომ ჩვენი ფიქრი ძირითადად იმაზეა მიმართული, რომ ბავშვებს ნორმალური გარემო შევუქმნათ. როცა ამ სახლს ვყიდულობდით, კარგი ხედი გვქონდა, მით უმეტეს ბოლო სართულზე ვართ, მაგრამ ნელ-ნელა აშენდა და აშენდა კორპუსები. აი, ის კორპუსი ზუსტად 6 თვეში ააშენეს. ყოველდღიურად რომ ხედავ, როგორ გიახლოვდება სიმუქე, დაახლოებით ასეთი შეგრძნება მქონდა.
რასაკვირველია, თავიდან სახლის დათვალიერება ქვედა სართულიდან დავიწყეთ, სადაც ერთი საძინებელი, ბავშვის ოთახი, აბაზანა და დიდი სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულოა. მისაღებში კუთხის დიდი და რბილი დივანი, სახლის კინოთეატრის პირდაპირაა განთავსებული.
ინტერვიუს სრული ვერსია და სახლის ფოტოები იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის ახალ, ზაფხულის ნომერში

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები