გვანცა დარასელიას მინიმალისტური სახლი და ოჯახური იდილია...


გვანცა დარასელიასთან სტუმრად მისულებს ლამაზ კაბაში გამოპრანჭული 2 თვის ლილე, ძმასთან - ერეკლესა და მშობლებთან ერთად ფოტოსესიისთვის მომზადებული დაგვხვდა და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პროცესს „გმირულად“ გაუძლო.

- მე და ვახო დაქორწინების შემდეგ ცოტა ხანს ნაქირავებში ვცხოვრობდით. როცა ბინის ყიდვის დრო დადგა, ამ სახლს მაკლერის დახმარებით მივაგენით. სიმართლე გითხრა, რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები არ გვქონია, ვნახეთ, მოგვეწონა და ვიყიდეთ. საბურთალოზე იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი, რომ ორივეს მოგვწონს ეს უბანი და თან ჩემს სამსახურთან ახლოსაა.



გვანცა დარასელია ოჯახით 8-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე ცხოვრობს,
უფრო სწორად, სახლს კიდევ ერთი სართული აქვს დამატებული. ბინა დუპლექსის ტიპისაა, ორი სართული ერთმანეთთან შიდა კიბითაა დაკავშირებული.

- რეალურად, ჩვენი სახლის ქვედა ნაწილი არის სხვენი, ზედა კი - სხვენის დაშენება, რომელიც ასე დაგვხვდა. ბინას სრულიად განსხვავებული განლაგება ჰქონდა, ჩვენ ხელახლა დავაპროექტეთ ოთახები. დიზაინერი არ აგვიყვანია. ვახოს მამა ყველანაირად დაგვეხმარა სარემონტო სამუშაოებში, ის რომ არ ყოფილიყო, ვერც ვადებში და ვერც ფინანსებში ვერ ჩავეტეოდით და მადლობა მას ამისთვის. მე და ვახოს განსხვავებული გემოვნება გვაქვს და რაღაცის საყიდლად ერთად რომ მივდიოდით, ვხოცავდით ერთმანეთს (იღიმის). წარმოუდგენელი იყო ჩვენი ერთად საყიდლებზე სიარული. აი, მაგალითად, აბაზანისთვის მე მინდოდა სადა, ორ ფერში გადაწყვეტილი კაფელი, ვახოს მოსწონდა ქვისა და გრანიტის კომბინაცია, რაც ახლა ძალიან მოდურია, საბოლოოდ შოურუმში ვნახეთ აწყობილი აბაზანა, მოგვეწონა და შევთანხმდით, რომ ისეთი უნდა გაგვეკეთებინა. ძალიან მიყვარს ეს სახლი, მაგრამ არაპრაქტიკულად მივიჩნევ. როცა ბავშვები გყავს, სხვადასხვა სართულზე განლაგებული საძინებლები ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე დიდია, ფაქტობრივად არ მაქვს სათავსოები, უფრო სწორად, არ მყოფნის ის სათავსოები, რაც მაქვს, მარტო ბავშვის სათამაშოები დაგროვდა იმდენი, რომ ვერსად ვინახავ. რაღაცების შეცვლა კი მინდა, მაგრამ ჩემი ქმარი მეუბნება, არ ღირს აქ რემონტის ხელახლა გაკეთება, ახალი სახლი რომ გვექნება, ის მოვაწყოთ სხვანაირადო. ძალიან გვინდა, ქალაქგარეთ ავიშენოთ სახლი და შედარებით სუფთა ჰაერზე ვიცხოვროთ. მოგეხსენებათ, ქალაქის ეკოლოგია კატასტროფულ მდგომარეობაშია, ამიტომ ჩვენი ფიქრი ძირითადად იმაზეა მიმართული, რომ ბავშვებს ნორმალური გარემო შევუქმნათ. როცა ამ სახლს ვყიდულობდით, კარგი ხედი გვქონდა, თანაც ბოლო სართულზე ვართ, მაგრამ ნელ-ნელა აშენდა და აშენდა კორპუსები. აი, ის კორპუსი ზუსტად 6 თვეში ააშენეს. ყოველდღიურად რომ ხედავ, როგორ გიახლოვდება სიმუქე, დაახლოებით ასეთი შეგრძნება მქონდა.



რასაკვირველია, თავიდან სახლის დათვალიერება ქვედა სართულიდან დავიწყეთ, სადაც ერთი საძინებელი, ბავშვის ოთახი, აბაზანა და დიდი სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულოა. მისაღებში კუთხის დიდი და რბილი დივანი, სახლის კინოთეატრის პირდაპირაა განთავსებული.

- ეს დივანი ჩვენი საუკეთესო შენაძენია, რადგან არის დიდი, რბილი, კომფორტული და ამტანი, დიდხანს გაგვიძლო. გარდა იმისა, რომ ერეკლე ამაზე ხტუნაობს, თამაშობს და შეიძლება ითქვას, ამაზე გაიზარდა, ამასთან ერთად ტევადია. ბევრი სტუმარი რომ გვყავს, მოთავსების პრობლემა არ გვაქვს.

შავ-თეთრში გადაწყვეტილი სამზარეულო მისაღებისგან ბარის მაგიდითაა გამოყოფილი.

- თავის დროზე, როცა ბარის გამყოფი ზონა გავაკეთეთ, ძალიან მომწონდა, მაგრამ ახლა ასე აღარაა, რადგან როგორც ბარს ვერ ვიყენებთ, მაგიდადაც მაინცდამაინც მოსახერხებელი არაა, რომ მიუჯდე და მიირთვა, არაპრაქტიკულია, ამიტომ ძირითადად სათავსოს ფუნქციას ასრულებს. ჩვენი სამზარეულო პატარაა, მაგრამ კომფორტული, თუმცა, მომავალში შედარებით უფრო დიდ სამზარეულოს ვისურვებდი, რომელსაც სასადილო სივრცეს მივუერთებდი და დამოუკიდებელ ოთახად ვაქცევდი. სტუდიო მოდურია, ლამაზია, მაგრამ როცა სახლში ცხოვრობს ოჯახი, სადაც მზადდება კერძები, სტუდიო თავის ხიბლს კარგავს - დგება სუნი, სამზარეულოს ხმაური გადის მისაღებშიც, რაც დამეთანხმებით, არაა კარგი.



სამზარეულოს შემდეგ ერეკლეს ფერად ოთახში გადავინაცვლეთ, რომელიც სავსეა სათამაშოებითა და წიგნებით.

- მას შემდეგ, რაც სათამაშოების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა, ეს ოთახი თავისთავად ერეკლეს კუთვნილებაში გადავიდა. საბავშვო დეტალები, მაგალითად, მაკქუინის ფარდა, თარო წიგნებისთვის და ა.შ. მერე და მერე შევმატეთ. ამდენი წიგნი მხოლოდ სილამაზისთვის არ გვაქვს, ერეკლეს ძალიან მოსწონს კითხვა და უმრავლესობა წაკითხული გვაქვს.

მეორე სართულზე ლამაზი კიბით ავედით, იქ გვანცას და ვახოს საძინებელი, საგარდერობო, აბაზანა და დიდი ვერანდაა განლაგებული.



ჩვენი ყურადღება ოჯახის ახალი წევრის, რამდენიმე თვის ლილეს კუთხემ მიიქცია. განსაკუთრებით საყვარლად გოგონას ტანსაცმლის საკიდი გამოიყურებოდა, რომელზეც ლილეს პაწაწინა კაბები იყო გამოფენილი.

- საძინებელში ლილეს გამო ახლა განლაგება შეცვლილია. ფერების თვალსაზრისით, როგორც სამზარეულოში, აქაც შავ-თეთრის კომბინაცია გვაქვს შერჩეული. რაც შეეხება გარდერობის ოთახს, ჩვენ მოვაწყვეთ ასე, სივრცე კი იყო გამოყოფილი, მაგრამ ეს დატვირთვა არ ჰქონდა. რეალურად ძალიან პრაქტიკულია გარდერობის ოთახი, უამრავ ნივთს იტევს და აღარ გიწევს ფიქრი ცალკე კარადებზე.



გვანცას სახლი თანამედროვე მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი, აქ ყველა ნივთი დატვირთვის მიხედვითაა შერჩეული.

- აქ რომ გადმოვედით, მეგობარ-თანამშრომლები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა გჭირდებათ, საჩუქარი გვინდა გიყიდოთ და გვითხარი, ყველაზე მეტად რა გინდაო. ზოგს მიკროტალღური ღუმელი დავავალე, ზოგს - ქვაბების ნაკრები, ზოგს რა და ზოგს რა. როცა მაინც ყიდულობ საჩუქარს, რა თქმა უნდა, ჯობია მიზანმიმართულად შეარჩიო და ის შეიძინო, რისი საჭიროებაც დგას. პირადად მე, ძალიან მომწონს ის ტრადიცია, რომელიც ევროპასა და ამერიკაშია დამკვიდრებული - როცა წყვილი ქორწინდება, წერს საჭირო ნივთების სიას, რომლის ღირებულებაც 10-დან 1000 დოლარამდე მერყეობს და უგზავნის მეგობრებს და იქიდან ვისაც რისი საშუალება და სურვილი აქვს, ის მიაქვს საჩუქრად. მე მგონი, ეს ძალიან გამოსადეგი და პრაქტიკული ტრადიციაა. პირადად მე მადლობელი ვარ ჩემი მეგობრების, რომლებმაც სწორედ ასე შემირჩიეს საჩუქრები, მათ შორის საძინებელში მდებარე დიდი სარკე, დეკორატიული მეტალის შანდალი, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ ბავშვებთან ერთად ჯერჯერობით დატვირთვის მიხედვით ვერ ვიყენებთ, რომ გაიზრდებიან, მერე აუცილებლად „გავიპრანჭები“ ამით.



დასასრულ, გვანცას ლილეს ოჯახში შემობრძანებაზე ვესაუბრეთ:

- ერეკლე სულმოუთქმელად ელოდებოდა როდის გაჩნდებოდა დაიკოს, თავიდანვე ისე მივაწოდეთ ეს ფაქტი, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დაიბადებოდა ლილე. გოგონა ძალიან კარგი გასაზრდელია, უპრეტენზიო და მშვიდია. რასკვირველია, ადვილი არაა სამსახური, ოჯახი და პატარა შვილები ერთად, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობების გადანაწილება და ერთმანეთის იმედია. მაგალითად, მე რომ ვიცი, ვახო წაიყვანს ერეკლეს ბაღში, ეს უკვე ჩემთვის შეღავათია, ასევეა ვახოც დარწმუნებული იმაში, რომ მე სხვა საქმეებს მივხედავ და საერთო ჯამში ერთად ვაგვარებთ ყველა საოჯახო საკითხს. ის, რომ შეგვიძლია ერთმანეთს დავეყრდნოთ და ერთმანეთის იმედი გვქონდეს, გვიმსუბუქებს ყოველდღიურობას. ამასთან, უმთავრესია ისიც, რომ ორივე მშობელი, როგორც დედა, ასევე მამა, ჩართული იყოს ბავშის გაზრდა-აღზრდაში. საერთო საზრუნავი კიდევ უფრო ამყარებს ოჯახურ ცხოვრებას.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები