"მიყვარს ბინა, სადაც მზის სხივები უხვად შემოდის" - სტუმრად ირინა ონაშვილთან

მოდელი ირინა ონაშვილი მეუღლესთან, ლადო ვარძელაშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ირინას, როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში, არაერთი წარმატება ჰქონდა, თუმცა ყველაზე დიდ მონაპოვრად ოჯახს მიიჩნევს. მისთვის სახლი თბილ კერასთან, ბედნიერებასა და სიმშვიდესთან ასოცირდება. ირინას ფანჯიკიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ ბინაში ვესტუმრეთ. ეზოში პოზირების შემდეგ შინ გადავინაცვლეთ, სადაც დიასახლისმა გულითადად გვიმასპინძლა.

- სახლი ის ადგილია, სადაც ყველაზე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. რაგინდ კომფორტულ გარემოში ვიყო, ბოლოს მაინც სახლისკენ მიწევს გული - აქ არის ჩემი შეუცვლელი სამყარო. გარკვეული პერიოდი მომიწია სხვადასხვა ადგილას
ცხოვრება, ველოდებოდით, როდის გაიყიდებოდა ჩვენი ძველი ბინა. ამ პერიოდის მერე უფრო დავაფასე და მივხვდი, რას ნიშნავს შენი კერა, შენი კუთხე. როცა იცი, რომ ბინას აღარ შეიცვლი, უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს და ყველა დეტალი შენზე გაქვს მორგებული. მერე ლაგდები, შენი გემოვნებით ანაწილებ ინტერიერში ავეჯს, ალაგებ შენთვის ძვირფას ნივთებს. ბინის ხშირად შეცვლა, ნივთების ხშირი გადაადგილება დისკომფორტს მიქმნის.



- ამ სახლში როდის გადმოხვედით და რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ საცხოვრებელი ადგილი?

- თითქმის ორი წელია აქ ვცხოვრობთ. რადგანაც მყავს შვილები, ჩემთვის პრიორიტეტი იყო ეზო. გარდა იმისა, რომ ეს უბანი მიყვარს, აქ დავიბადე და ჩემი ოჯახის წევრებიც ახლომახლო ცხოვრობენ, ეს კორპუსი ავარჩიე იმის გამო, რომ არაჩვეულებრივი ეზო აქვს. სამწუხაროდ, ახალი კორპუსები ამ უპირატესობით არ გამოირჩევიან. ძალიან ბევრი კარგი და ძვირად ღირებული კორპუსია, მაგრამ არ იციან, სად გაასეირნონ ბავშვები. უნდა ჩასვა მანქანაში, წაიყვანო კუს ტბაზე ან სადმე გარეუბანში, რაც დამატებით დროს და ძალისხმევას მოთხოვს. მე ნებისმიერ დროს ჩამყავს ბავშვები ეზოში. ძალიან მყუდრო და ლამაზი ეზო გვაქვს, ყველანაირი პირობაა ბავშვებისთვის შექმნილი. პატარა ეტლით დამყავს, უფროსი ველოსიპედით სეირნობს და ა.შ.



- რემონტის საკითხში რამდენად აქტიურად იყავით ჩართული? დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ თუ ყველაფერს თავად გაართვით თავი?

- მყავს მეგობრები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორი ჭაღი იქნება ოთახში. რა თქმა უნდა, მომწონს, მაგრამ მე ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემთვის მთავარია, ინტერიერი იყოს სადა, კომფორტული და ფუნქციური. ის, რომ დავდგა თეთრი ქათქათა სავარძელი და მერე იმაზე ვინერვიულო, ბავშვებმა არ დასვარონ, ჩემთვის ცოტა მიუღებელია. ვფიქრობ, ადამიანმა თავისი ბინის ინტერიერი არსებულ სიტუაციას უნდა მოარგოს. ჩემი სიტუაცია არის ასეთი - მყავს პატარა, რომელიც ყველა კუთხე-კუნჭულში ახევს შპალერს, აფუჭებს და ანადგურებს სახლში ყველაფერს.

რაც შეეხება დიზაინერის მომსახურებას, ამ სერვისით არ მისარგებლია, ყველაფერს თავად გავართვი თავი. ხშირად ვამბობ, რომ შესაძლოა წინა ცხოვრებაში მღებავი ვიყავი, რადგან მიყვარს ეს პროცესი. რაც კი ოდესმე სარემონტო ყოფილა, ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა და ყველაფერს დიდი მონდომებით ვაკეთებდი. წარმოიდგინეთ, ფიზიკურადაც კი ვერთვები ხოლმე პროცესში. მიყვარს ისეთი ფერები, რომელიც განსაკუთრებულად გამშვიდებს. უპირატესობას სადა და დახვეწილ ინტერიერს ვანიჭებ. ვეცადე, ჩემი სახლი ასეთი გამოსულიყო. არ მიყვარს გადატვირთული ბინა. ინტერიერში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სინათლეს. მიყვარს ბინა, სადაც მზის სხივები უხვად შემოდის და თბილა.



კედლებზე ლამაზი ნახატები მაქვს განთავსებული, რომლებიც, ვფიქრობ, მეტ სითბოს და ბუნებრიობას მატებს ჩვენს გარემოს.

- თქვენი მეუღლეც იყო ჩართული რემონტის პროცესში? თქვენი გემოვნება რამდენად ემთხვევა ამ საკითხში ერთმანეთს?

- რემონტს რაც შეეხება, ძირითადად მე ვაკეთებდი. არც ისეთი რადიკალური და მნიშვნელოვანი გადასაწყვეტი საკითხი ყოფილა, რომ ბევრი გვემსჯელა და გვეკამათა. ზოგჯერ არ ემთხვევა ჩვენი გემოვნება, კამათი გვიწევს, მაგრამ ძირითადად მაინც მე მანდობს ამ საკითხს.

- ხელოსნებთან ურთიერთობა რამდენად კარგად გამოგდით?



- მოგეხსენებათ, არც ისე მარტივია ხელოსნებთან ურთიერთობა, მით უმეტეს, როცა არ გხვდება ისეთი ადამიანი, ვინც გიგებს და პასუხისმგებლობით ეკიდება თავის მოვალეობას. მქონია სიტუაცია, რომ უპასუხისმგებლოდ გაკეთებული საქმე ხელახლა გასაკეთებელი გამხდარა და მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ კონფლიქტური, უკმაყოფილება გამოუწვევია ამ ფაქტს. მათი უპასუხისმგებლობის გამო მიტირია კიდეც. წარმოიდგინეთ, სიბრაზისგან ვერაფერს აკეთებ და ტირი.

- ინტერიერში სიახლეების შეტანა, ავეჯის გადაადგილება და ნივთების ხშირი ცვლილება თუ გიყვართ?

- ჩემი ცხოვრების რეჟიმი და სტილი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ხშირად ვიარო მაღაზიებში ლამაზი ლარნაკების, ჭაღების, ფარდაგების დასათვალიერებლად. ზოგადად ესთეტი ვარ და მომწონს ლამაზად დალაგებული ნივთები, მაგრამ არ მაქვს იმის დრო, რომ ინტერიერის ხშირ ცვლილებაზე ვიზრუნო.



- ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ, როგორია მეუღლესთან და შვილებთან ერთად გატარებული ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ასეთი რამ იშვიათად ხდება. ლადოს ბევრი საქმე აქვს და იშვიათად უწევს მთელი დღის შინ გატარება. თუმცა ზოგჯერ, შაბათ-კვირას გვაქვს ამის ბედნიერება. ბავშვები ძალიან ცელქები არიან და შინ სულ აურზაური და ჟრიამულია. გულით მინდა უფროსს დავუჯდე, მე თვითონ ვამეცადინო, ავუხსნა გაკვეთილები, მაგრამ არ გამომდის. პატარა არ გვაძლევს ამის საშუალებას.

- როგორი კულინარი ხართ?

- ო, ეგ რთული კითხვაა. ზოგადად ხელმარჯვე ადამიანი ვარ. არ არსებობს საქმე, რომელიც არ გამომდის და არ მეხერხება. ვქარგავ, ვქსოვ, ვაკეთებ ხელნაკეთ თოჯინებს, სხვადასხვა ნივთს. კედლებიც შემიღებავს, „გამიშპაკლავს“ კიდეც... ერთადერთი სამზარეულოს თემაა, რომელიც ცოტა შორსაა ჩემგან. არ ვამბობ, რომ საშინელი ხელი მაქვს და საერთოდ არაფერს ვამზადებ. უბრალოდ, არ მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც საგანგებოდ, ჩვენი შეკრებისთვის ამზადებენ გემრიელობებს და მერე გვმასპინძლობენ. ისეთი სიყვარულით გვეპატიჟებიან თავის გაკეთებულ კერძებზე, ტკბილეულზე... მერე თავს ვიმართლებ ხოლმე, ერთი ნაკლი ხომ უნდა გქონდეს ადამიანს? (იღიმის).



- თქვენი მეუღლე როგორ უყურებს ამას, პროტესტის გრძნობა ხომ არ უჩნდება?

- სხვათა შორის, გამიმართლა, რადგან თავად ხშირად ამზადებს კერძებს და არ აქვს იმის პრეტენზია, რომ სამზარეულოში მე ვიტრიალო. ამის გამო კონფლიქტი ნამდვილად არ გვაქვს ოჯახში.

- როგორია თქვენი საოცნებო სახლი?



- ვოცნებობ საზაფხულო სახლზე. რაც ბავშვები გამიჩნდა, მას მერე ძალიან გავწვალდი. სულ სადღაც გვიწევს აგარაკის ქირაობა. წელს ფასანაურში ვიქირავეთ და იქიდან დავდიოდი თბილისში. ძალიან მინდა, ჩვენი აგარაკი გვქონდეს, რომელიც იქნება ნათელი, თბილი, ექნება პატარა და მყუდრო სამზარეულო. ლამაზი ვერანდა და კიდევ უფრო ლამაზი ხედები. მხოლოდ ეს ოცნება მაქვს. სახლი, სადაც დღეს ვცხოვრობთ სრულებით აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და მყუდროდ, ბედნიერად ვგრძნობთ აქ თავს.

მერი ბლიაძე

კომენტარები

მაკო 2020-10-27 03:21
ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები,რომ "რაც პეტრემ მითხრა პავლეზე პეტრეზე უფრო მეტი გავიგე ვიდრე პავლეზე"
ირინას კი ვეტყვი,რომ საოცარი დადებითი მუხტი მოდის თქვენგან რაც უფრო ავსებს ამ სისადავეს, სადსაც სიყვარული და პატივისცემაა, ის სახლი მუდამ თბილია...წარმატებები????
ქალი 2019-08-16 18:20
ირინა ძალიან მესიმპატიურები, მიხარიხარ, გაიხარე!
ქეთი 2019-08-16 16:32
რას გავს ეს ყველაფერი,რამ გაგამწარათ?! ყველას თავის გემოვნება აქვს,თქვენ სხვანაირად მოაწყვეთ!
მარინა 2019-08-16 15:37
აქ ერთგვარ კამათს წავაწყდი კომენტარებში. ადამიანის გემოვნება რათქმაუნდა იხვეწება ინტელექტთან და განათლებასთან ერთად. თუმცა კარგათაც და არგადაც თუ შევხედავთ ირინას ბინა საკმაოდ უგემოვნოა
ანა -ს ს 2019-08-16 15:31
"კარგათ გაქვდ" თუ შეამჩნიეთ ბოლო ასოები ამერია,კლავიატურაზე სწრაფად ბეჭდვის გამო :) ნაადრევ დასკვნებს ნუ გააკეთებთ ჩემ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები