მაკა მახარაძის სახლი და იშვიათი ნივთები

მაკა მახარაძე ამჟამად ისტორიულ სახლში და სწორედ იმ ბინაში ცხოვრობს, სადაც თავის დროზე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახი ცხოვრობდა. ქალბატონი მაკა სახლის, საოჯახო რელიკვიებისა და სამახსოვრო ნივთების შესახებ გვესაუბრება.

- ამ ბინას ქალბატონი ნატოსა და ბატონი ნიკოლოზის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 16 წლის წინ სახლი ჩემმა ქალიშვილმა ნატომ და სიძემ ნიკა თავაძემ შეიძინეს. რაც აქ ძველებურ ავეჯს და ძველებურ ნივთებს ხედავთ, ნატომ მშრალ ხიდზე იყიდა. მათ შორისაა ხის კარადები, სკივრი, მაგიდის გადასაფარებელი, კედლის ხალიჩა და ა.შ.



საკუთარი ძველი ნივთებიდან

გვაქვს როიალი, რომელიც ჩემს დედამთილს - ნატალია (ტუსია) გიორგობიანს ეკუთვნოდა. იგი მუსიკის მასწავლებელი გახლდათ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ჩვენთვის ზეისტორიული, დედაჩემის მშობლებისეული სავარძელი. მანამდე არ ვიცი, ვისი იყო, საკმაოდ ძველი დროის ნაკეთობაა. დედას ერგო მზითევში და დაწესებული იყო - ქალის ხაზით გადადიოდა. თუმცა, ჩემთან ამ ნიშნით არ მოხვედრილა. საქმე ასე იყო: მამაჩემმა, კოტე მახარაძემ ერთი მსახიობის თეატრი როცა დააარსა, პირველი სპექტაკლისთვის „რაც მტრობას დაუნგრევია“ ესაჭიროებოდა სავარძელი. იმ პერიოდში დედა და მამა დიდი ხნის განქორწინებულები იყვნენ, მაგრამ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. დედამ მამას ათხოვა ეს სავარძელი და თითქმის ყველა სპექტაკლში მამაჩემისთვის თანმდევი რეკვიზიტი გახდა. ჩემთან კი სავარძელი მამის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩნდა.

ეს ჭიქის ჩასადგმელი მამიდამ მაჩუქა. იცით, რატომ? სუხიშვილების ანსამბლის პირველი თაობის მოცეკვავე იყო, ძალიან დახვეწილი ქალბატონი და თავისი წეს-ჩვეულებები ჰქონდა. მაგალითად, არასდროს გამოუყენებია ქაღალდის ხელსახოცები, მით უმეტეს ცხვირსახოცები. როცა ჩემთან მოდიოდა და ჩაის ჩვეულებრივ ჭიქაში ვუსხამდი, გიჟდებოდა. ამიტომ ერთხელაც მაჩუქა ჭიქა თავისი ჩასადგმელით, თან კოვზიც მოჰყვებოდა. როცა მოვალ, ჩაი ყოველთვის ამით დამალევინეო, - მითხრა. სამწუხაროდ, იმის შემდეგ ჩაი ჩვენთან აღარც დაულევია.



ბაბუა - პროფესორი ვასო ჩახავა, მეან-გინეკოლოგი გახლდათ და მადლიერი ქალბატონები დიდი მოწიწებით ჩუქნიდნენ სამახსოვრო ნივთებს. ერთ-ერთი მათგანია თეთრ-ლურჯი სარძევე, წვრილი ყვავილებით. მეორე, უფრო მომცრო ზომის სარძევე, დედის და ბაბუის ოჯახის კუთვნილებაა. მას ახლდა ჩაიდანი და ლანგარი, სამწუხაროდ, გატყდა. ხოლო „სუხარნიცა“ ორცხობილისთვის ჩემს ძმას, თემურს ერგო.

ბაბუაზე დედა ასეთ ამბავს ჰყვებოდა: ისრაელში გასტროლის დროს საქართველოდან წამოსული ებრაელები მსახიობებს ოჯახებში ეპატიჟებოდნენ. ერთ დღესაც, დედა სიმა ჯანაშვილის სახლში მოხვდა, სადაც კედელზე მამამისის პორტრეტი უნახავს. ქალბატონ სიმას გაოცებული დედაჩემისთვის აუხსნია: - მამათქვენის დამსახურებაა, ორი შვილი რომ მყავს და ორჯერვე სიკვდილს გადამარჩინაო.

- ქალბატონო მაკა, მოგზაურობიდან ჩამოგქონდათ სუვენირები ან სხვა რაიმე ნივთი, თუნდაც ბალერინის სტატუეტები?



- სუვენირებზე ადრე ვგიჟდებოდი და მოგზაურობის დროს ხშირად ვყიდულობდი. თუმცა, ახლა აღარ მაინტერესებს. წელს ბერლინში ვიყავი და მათკენ არც გამიხედავს. ბალერინის სტატუეტებს, ძირითადად, მჩუქნიდნენ და ისინი საბალეტო სტუდიაში აწყვია.

- თქვენი თაყვანისმცემლები წერილებს ან ლექსებს არ გიძღვნიდნენ?

- ლექსებს ხანში შესული ადამიანები მიწერდნენ. ახალგაზრდა თაყვანისმცემელი - არც მამაკაცი და არც ქალბატონი, არ მყოლია. ლექსებს მიძღვნიდნენ მარტო მე კი არა, ჩემში პრიზმასავით ატარებდნენ მთელი ოჯახის სიყვარულს. ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. 2-3 ლექსი შევინახე, მაგრამ სად მაქვს, არ ვიცი. მაგას ნუ მომაძებნინებთ (იღიმის).

დედაჩემმა ვლადივოსტოკის გასტროლიდან, მგონი მისთვის პირველი გასტროლი იყო, იაპონური ფაიფურის ჩაის სერვიზი ჩამოიტანა, რომელიც თითქმის ყველა მსახიობმა შეიძინა, ვინც მაშინ იქ იყო. როცა ერთმანეთთან მივდივართ სტუმრად და ჩაის ამ სერვიზით მოგვართმევენ ხოლმე, ყველანი ასე ვიხსენებთ - აა, ეს ისაა ხომ? დედამ დიდი რუდუნებით ჩამოიტანა და ჩვენც ასევე ვექცევით.



ასევე დედას შეძენილია შანდალი რომიდან. მანამდე დიდი ხნით ადრე, კოტემ გერმანიიდან, თავისი პირველი გასტროლიდან, სანთელი ჩამოიტანა. ჩვენ შანდალი და სანთელი გავაერთიანეთ, მშობლები კვლავ შევაერთეთ (იღიმის). სანთელი შემოგვადნა და ვეღარ ვანთებთ. კარგია, დარჩეს ასე...

რუსთაველის თეატრის პირველი დიდი გასტროლი რუმინეთში შედგა, სადაც დედა და მამა ერთად იყვნენ. ეს პატარა ჭიქა იქიდან ჩამოიტანეს. 2 ცალიღა დარჩა და ერთი თემურს წავუღე, როცა უწმინდესმა ილია მეორემ წმიდა გიორგის ოქროს ორდენით დააჯილდოვა. ორივე ჭიქა ვერ გავიმეტე, დამენანა (იცინის).

- შენგელაიებს ყოფილი სახლის ნოსტალგია როცა აქვთ, არ გსტუმრობენ ხოლმე?

- 5-6 წლის წინ სახლის ფასადზე ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას ახალი მემორიალური დაფები დაამაგრეს. საზეიმო გახსნის დაწყებამდე, ბატონმა ელდარმა მიკროფონის შეერთება მთხოვა. რა თქმა უნდა, სახლში შემოვიპატიჟე, დაიარა ოთახები და ხასიათი დაუმძიმდა, ყველაფერი ისევ ისე დამხვდაო, - თქვა. სახლის შიდა ოთახებში გამავალი ყველა ძველი კარი და ფანჯარა ზუსტად ისე შევინარჩუნეთ. მეზობლებისგან ვიცი, თურმე ნატო ვაჩნაძეს ძალიან უყვარდა ფანჯრიდან ყურება, დაიდებდა ბალიშს და დაეყრდნობოდა. უცებ გავრცელდებოდა ხმა, - ფანჯრიდან ნატო იყურებაო, და ხალხი სპეციალურად მოდიოდა მის სანახავად...



- თქვენი ჭაღი ძალიან ორიგინალურად გამოიყურება...

- ეს ჩემი ქალიშვილის, ნატოს ქმნილებაა. თუკი საიდანღაც ვინმე რამეს ჩამოიტანდა, ნატო ჭაღზე კიდებდა. აქ არის სუვენირები და ნაირ-ნაირი მოსართავები, ზოგი ნაჩუქარია. როგორ უნდა დაკიდოს, ეს ნატომ იცის. პირველად სასწორი ჩამოკიდა, დათას ზოდიაქოს ნიშანი, მერე - მეორე სასწორი. შემდეგ, წავიდა და წავიდა... თითოეულ ნივთს საკუთარი სიუჟეტი აქვს. მაგალითად, სუვენირი-ბალერინა დათამ (ლექციებს კითხულობს თეატრალურ ინსტიტუტში) შვედეთიდან ჩამომიტანა.


ჩვენი ბინის ერთი კუთხე ოჯახის წევრების პრიზებსა და ჯილდოებს აქვს დათმობილი. აქ ყველას გამარჯვებისა და მიღწევის ამსახველი ნივთებია თავმოყრილი. მათ შორისაა მამას მიკროფონი, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი თეატრალური თუ კინოპრიზები და სხვა.

ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარები

პროფი 2019-04-09 13:38
მაია, ზოგისთვის ხლამია და ზოგისთვის ისტორია. ვინც ჭაობიდან ამოძვრა, იმას წინაპრების ისტორია არც აქვს და არც აინტერესებს
წწწწწწ 2019-04-06 21:49
ამდენ ნივთს ვინ წმინდავს და რა სიხშირით :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები