წარსულთან შერწყმული თანამედროვეობა და ბერიკაშვილების ოჯახის რელიკვიები

კედლებზე გაბნეული ფერწერული ტილოები, 2 საუკუნის ხნის ავეჯი, თითქმის ამდენივე წლის ნივთები: სამოვარი, სპილენძის თუნგები, ძველებური მექანიკური საათი, მარმარილოს ბუხარი და ამ ყველაფერთან შერწყმული თანამედროვეობა, - ეს ბერიკაშვილების ოჯახია. დიდი მსახიობის პორტრეტები და ნახატი, რომელზეც ის გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟის როლშია გამოსახული, ისეთივე სითბოს ასხივებს, როგორც სიცოცხლეში სჩვეოდა.

სასიამოვნო აურა სახლში შესვლისთანავე იგრძნობა. შლაპა ტანსაცმლის საკიდზე, იქვე მიწყობილი ფერადი ფეხსაცმელი, მოხატული მაგიდა და სკამი, უკვე განსხვავებულ განწყობას გიქმნის. ამჯერად ჩემი მასპინძელი მანანა ბერიკაშვილია.



- ამ სახლში 2011 წელს გადმოვედით,
მანამდე ჩვენი დიდი ოჯახი, თამარაშვილის ქუჩაზე, პატარა ბინაში ცხოვრობდა. ჩვენთან უმრავლესობა კუროა - მე, დედა, ჩემი შვილი, ძმისშვილი... ზურა გამონაკლისი გვყავს. მამაც ამ ნიშნით იყო დაბადებული, ამიტომ სახლს ჩვენთვის დიდი დატვირთვა აქვს, მნიშვნელოვანია, რამდენად კომფორტული და მყუდროა. ბინისთვის ფულს დიდი ხნის განმავლობაში ვაგროვებდი. ჯერ მე და ჩემი შვილი გადმოვედით, დედა და მამა თამარაშვილზე დარჩნენ, მაგრამ ძალიან მოვინდომე, რომ მშობლები ჩემთან გადმომეყვანა, მამამ ბევრი იბუზღუნა.

- ახალ სახლს როგორ შეეგუა?

- მისთვის ის სახლი მეტად ძვირფასი იყო, მთელი ცხოვრება იქ ჰქონდა გატარებული და რა გასაკვირია, რომ ასე ყოფილიყო.



იმ სახლთან დღემდე ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. იქ საოცარი აურაა, თითოეული წუთი, რომელიც იმ სახლში გავატარეთ, ბედნიერებით და სიხარულით იყო სავსე. იმიტომაც გვეძვირფასება ასე ძალიან.

- ბატონ გივის ამ სახლში საყვარელი ადგილი ჰქონდა?

- სამზარეულოში ტახტი დგას, იქ ყოფნა განსაკუთრებით უყვარდა, ტელევიზორსაც იქვე უყურებდა. გამორჩეულად საყვარელი ადგილი ჰქონდა თამარაშვილის ქუჩაზეც. ასეთი ამოჩემებები იცოდა.



- ეს ბინა თქვენ გაარემონტეთ?

- არა, გარემონტებული, მაგრამ უცხოვრებელი ბინა იყო. თავდაპირველად თითქოს ვერ ვეგუებოდი. ბუხარს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ეს რა არის, ლომები რატომ გამოსახეს, რად უნდოდათ-მეთქი? მერე მივეჩვიე, ახლა ძალიან მიყვარს. ბუხარი მარმარილოთია მოპირკეთებული, პერიოდულად ვანთებთ და სახლს კარგად ათბობს, თანაც განსხვავებულ სიმყუდროვეს ჰმატებს, სხვა განცდები მოაქვს.

- შინ არაერთი ძველი ნივთი გაქვთ, მათზე გვიამბეთ...

- ბევრი ძველი ნივთი გვაქვს. მაგალითად: ბუფეტი, მაგიდა, სკამები და დესაოუ ძალიან ძველია.



- ასაკი იცით?

- 2 საუკუნეზე მეტის იქნება. გივის დიდი ბებიის ნაქონია, რესტავრაცია ბევრჯერ გავუკეთეთ. ბუფეტს რომ გამოაღებ, მასში განსხვავებული სუნი დგას. კომპაქტურია, უამრავი რამ შეგიძლია მოათავსო. თავის დროზე ვისგან შეიძინეს, არ ვიცი.

ბერიკაშვილებთან კიდევ არაერთი ძველი ნივთია და ყველა რელიკვიას ძალიან უფრთხილდებიან. სამოვარი ქალბატონი მანანასთვის მეგობარს უჩუქებია, სპილენძის თუნგები და ამ მეტალის კიდევ არაერთი ნაკეთობა, რეგიონებში მოგზაურობის დროს თავად შეუძენია. ერთი პერიოდი თურმე ძველ ჩემოდნებსაც ყიდულობდა. ამბობს, რომ სიძველეებისადმი სიყვარული, მისი პროფესიის ბრალია. ამ ნივთებისგან განსხვავებულ მუხტს გრძნობს და ყველა ეძვირფასება.



ბუხრის ორივე მხარეს თითო ლამპა დგას, ორივე ძველისძველი, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავებულია. იმ წლებში, როცა ქალაქი ელექტროენერგიის გარეშე ხშირად რჩებოდა, სახლს ამ ლამპით ანათებდნენ. ჭაღებიც ძველებურია, მაგრამ არა წინაპრების დატოვებული, თავად შეუძენიათ.

მანანა:
- საათი თიკა ჯამბურიას დედამ მაჩუქა, დამეთანხმებით, ამ გარემოს საოცრად მოუხდა. დღეში ერთხელ მაინც უნდა დაიქოქოს, რომ იმუშაოს. პერიოდულად ფუჭდება და ერთ ამბავში ვარ, მაშინვე ხელოსანთან მიმაქვს.

- საათის ხელოსნის პოვნა არ ჭირს?



- არა, უკვე ვიცი, ვისაც უნდა მივუტანო. როდესაც თეატრიდან რაღაც გადასაგდებია, სულ ვფიქრობ, ახლა ამისგან რა შეიძლება გავაკეთო? ზოგი რეკვიზიტის და დანგრეული ავეჯის გადაყრაც კი მენანება.

მანანა ბერიკაშვილს თავის სტუდენტებთან რომ გამორჩეულად კარგი დამოკიდებულება აქვს, ეს არაერთხელ თავად სტუდენტებისგან მსმენია. თურმე სტუდენტებს ხუმრობით ხშირად ეუბნებოდა, - „თქვენც ახლა ძეგლი არ დამიდგათო“. მათ კი ეს სიტყვები რეალობად აქციეს.

- ყოველ 27 აპრილს, ღამის თორმეტი საათი რომ სრულდება, სტუდენტები დაბადების დღეს მილოცავენ. იმ საღამოს საჩუქარი გამორჩეულად დიდი სიფრთხილით მომართვეს, საგულდაგულოდ შეფუთული და გამაფრთხილეს, ნელა გახსენიო. ვიფიქრე, რა უნდა იყოს-მეთქი? გავაფრთხილე, ყუთიდან არაფერი ამოფრინდეს ან ამოვარდეს, გული არ გამიხეთქოთ-მეთქი, სიცილით კვდებოდნენ. მოკლედ, აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ძეგლი მართლა დაუდგამთ. ეს პატარა ძეგლი მომართვეს.



- თქვენი რეაქცია როგორი იყო?

- ეს რეაქცია თავად მათ გადაღებულიც აქვთ. საჩუქარი მართლა ძალიან მოულოდნელი იყო, გადავირიე, ვგიჟდები, ისე მიყვარს. მერე ვკითხე, იმ კაცმა რა თქვა, ვისაც ეს შეუკვეთეთ-მეთქი? თქვენ თუ ყველა მასწავლებელს ასე ძეგლს უდგამთო (იცინის)... ჩემი სტუდენტებისგან ეს ერთადერთი საჩუქარი არ არის. აქვეა ჩემოდანი წარწერით „მგზავრები“, რომელიც სხვა ჯგუფმა მისახსოვრა.

- ორიგინალური საჩუქრების ავტორები ვინ არიან, ფართო საზოგადოება იცნობს?

- გაგა ჩიხლაძე, ანა სანაია, ნათია ნიკოლეიშვილი... ბევრნი იყვნენ, ახლა ზოგი საზღვარგარეთ არის წასული.



როდესაც საზღვარგარეთ თავად მოგზაურობს, შინ სუვენირებით ბრუნდება. ამ სუვენირებს სახლში ყველა ოთახში შეხვდებით, გამორჩეულად ბევრი კი სამზარეულოში, თაროებზეა განთავსებული.

ნივთების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს ბერიკაშვილებთან ვხვდებით, ქალბატონი ლეილას (მანანა ბერიკაშვილის დედა) შეძენილია. უმრავლესობა „საკომისიო“ მაღაზიებშია ნაყიდი, ნაწილი კი სანქტ-პეტერბურგიდანაა ჩამოტანილი. ბატონ გივის ეს საქმე თურმე დიდად არ იტაცებდა.

მანანა:
- იტყოდა, - ლამაზია, და სულ ეგ იყო. მამა სხვა ფასეულობებს უფრო აგროვებდა. შაბათობით პატრიარქთან ლოცვებზე დადიოდა. იქიდან ყოველთვის რაღაც მოჰქონდა, მაგალითად, მოიტანდა ერთ ცალ ვაშლს და უნდა გენახათ, როგორ უხაროდა, პატრიარქის ნაჩუქარიაო, დაჭრიდა, თითო ნაჭერს ყველას შეგვახვედრებდა. ერთხელ პატრიარქმა პალტოც აჩუქა.



მამა ყველას ძალიან უყვარდა, ეს გადაუჭარბებელი ნათქვამია. ერთხელ დაბადების დღეზე, კახეთიდან ბაფთიანი ცხვარი ჩამოიყვანეს და სცენაზე აუყვანეს. იმ ღამეს ცხვარი სახლში წამოიყვანა, ოთახში ჩვენთან ერთად იყო, სულ მამას დასდევდა. მეორე დღეს გააჩუქა, ამის ხორცს მე ვერ შევჭამო.

უახლოესი მეგობარი ჰყავდა - ნოდარ ბაღაშვილი, მან მოტყუებით „ვოლგა“ აჩუქა. კახეთში იყვნენ, ქეიფობდნენ, სუფრის ერთ-ერთ წევრზე უთხრა, ამას მანქანა ჰყავს გამოსაყვანი, რიგში ჩააყენებენ და გეხვეწები, გაჰყევიო. მოკლედ, მამა გაჰყვა და უკან „ვოლგით“ რომ დაბრუნდნენ, მერე გაუმხილა, ეს მანქანა შენიაო. მამას ძველი მანქანა ჰყავდა, შეწუხებულა, - მაშინ ამ მანქანას დაგიტოვებ, ვენახში გასასვლელად მაინც გამოგადგებაო. მეორე დღეს კახეთიდან ახალი მანქანით დაბრუნდა, მეგობარმა კი ძველი მანქანა უკან პროდუქტით დატვირთული გამოაყოლა.

მამა ვის რას ჩუქნიდა, არც ვიცოდით, სულ გარეთ იყო. მისი ერთი მეგობრის შვილი იხსენებს, დაბადების დღეებს მიხდიდაო.

ჩემს მშობლებს თავიდან გაჭირვებული ცხოვრება ჰქონდათ, ყველაფერი საკუთარი შრომით დააგროვეს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძვირფასი ამიტომაც არის.



მამას არავისთვის არაფერი ენანებოდა. მამაპაპისეული ვერცხლის ქამარ-ხანჯალი ჰქონდა. გამხდარი როცა ვიყავი, ვერცხლის ქამარი მე მეკეთა ხოლმე. მამამ ის მისთვის ძვირფას ადამიანებს აჩუქა.

შინ გივის პაპის ნაქონი ვერცხლის ჭიქები გვაქვს, ადრე უფრო მეტი გვქონდა, მაგრამ დაბადების დღეებზე რომ მივდიოდი, ვინც ძალიან მიყვარდა, მათთან თითო ცალი მიმქონდა. რამდენიმე კიდევ დამრჩა. წინაპრებისგან გვაქვს შანდლებიც. თეთრი ლანგარი კი დედას შეძენილია, ესეც საკმაოდ ძველია.

მამას ერთი ჭიქა ჰქონდა ამოჩემებული, იმ ჭიქით დალევა უყვარდა.

სახლში უამრავი ნახატია, რომლის ავტორებიც არიან: რეზო გაბრიაძე, თენგიზ მირზაშვილი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, ნიკო ცეცხლაძე, პიკო ნიჟარაძე, გოჩა მაისურაძე...

ფარნა ლაპიაშვილის ნამუშევარი კი ბატონ გივისთვის ერთ-ერთ იუბილეზე მამუკა ხაზარაძეს მიურთმევია.



ბადრი ფილიშვილის ტილოზე ბატონი გივი გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟის როლშია გამოსახული.

ნაჩუქარი ხატებით ცალკე სალოცავი კუთხე აქვთ მოწყობილი.

მანანა:
- ძალიან ბევრი ნივთი თამარაშვილის ბინაში გვაქვს დატოვებული, ნაწილი - წვერში, აგარაკზე. ძვირად ღირებული არაფერია, მაგრამ მამას რასთანაც შეხება ჰქონია, ჩვენთვის ყველაფერი ძვირფასია. წვერში ყოფნა უყვარდა, დილაადრიან დგებოდა და ეზოში ფუსფუსებდა.

- თეატრიდან ან გადასაღები მოედნიდან, რაიმე რეკვიზიტის ან ნივთის მოტანა თუ სჩვეოდა, რომელიც მის პერსონაჟთან იყო დაკავშირებული?



- მამას ჰქონდა ტიგრანას ქუდი, რომელიც ფილმში („თეთრი ბაირაღები“) გადაღებისას ეხურა. მის მეგობარს, თემიკო ჭყონიას გივის არაერთი ბიუსტი აქვს დამზადებული. ერთ-ერთში ამ ქუდითაა. გივისთვის ეს როლი გამორჩეულად საყვარელი იყო.

დაბოლოს, მანან ბერიკაშვილისთვის მეტად ძვირფასია ქეთი მატაბელის ნაჩუქარი ფოლიანტი - „ვეფხისტყაოსანი“. მასში ილუსტრირებულია ცარიელი ფურცლები და ეს უკვდავი პოემა ხელით უნდა გადაიწეროს.

მანანა:
- ეს საიუბილეოდ ერთი ცალი დამზადდა. მსგავსი ფოლიანტია გიორგი კალანდიასთან ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, რომელსაც მთელი საქართველო წერს და ნახევარი უკვე დაწერილია.

ვაპირებ, ამ წიგნში ჩანაწერი ახლო მომავალში გავაკეთო და შემდეგ ყველა სტუმარს, თითო სტროფი მაინც გადავაწერინო. გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება - წიგნში მამას ხელნაწერი რომ არ იქნება.

თამუნა კვინიკაძე

კომენტარები

დადა 2020-08-17 16:01
რა არის ეს ვინც დაწერა,რა სიტყვებია.თუ კარგი არ გემეტება ცუდსაც ნუ გაიმეტებ.რა მოხდა ასეთი,შეიძინა თუ აჩუქეს შენთვის ხომ არ წაურთმევია.თავის სიცოცხლეში კარგის მეტი რა მოგვიტანა ბატონმა გივიმ,გვიხალისებდა სიცოცხლეს და ცხოვრებას.გაანათლოს უფალმა.
წმინდა გაგა 2020-08-14 15:42
უზარმაზარი ბინა გვარიანად გაუძეძგავთ ავეჯით. ტავად ცხონებული ბატონი გივი მუდამ იმას სჩიოდა არტისტებს დაფასება არ გვაქვს კაპიკებზე ვმუშაობდით და ვმუშაობთო. ეტყობა მამამ და მწყალობელმა ბატონმა ბიძინამ უფეშქაშა როგორც დამსახურებულ მონას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები