"პატარა სახლია, მაგრამ სრულებით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს" - გიორგი სუხიტაშვილის ბინა

საცხოვრებელი სახლი არაერთხელ გამოიცვალა, თუმცა ბოლო ხუთი წელია გიორგი სუხიტაშვილი ქერჩის ქუჩაზე, საკუთარი გემოვნებითა და ძალისხმევით მოწყობილ ბინაში ცხოვრობს.
ბინა პატარაა, მაგრამ სრულებით აკმაყოფილებს პატრონის მოთხოვნებს. გიორგის თქმით, ეს არის ადგილი, სადაც ყველანაირი კომფორტი და პირობაა შექმნილი მისი განტვირთვისა და დასვენებისთვის. დამღლელი და დატვირთული დღის შემდეგ, ის ყოველთვის პოულობს საკუთარ სახლში სულიერ სიმშვიდეს.


- სახლი ზოგიერთი ადამიანისთვის თავშესაფარი, სულიერი სამყაროა, ზოგისთვის კი - უბრალოდ ღამის გასათევი. თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
- ჩემთვის ორივეა. სადაც ვმუშაობ, ყველგან დიდი განათება და ხმაურია,
ამიტომ სახლში მაქსიმალურად ვცდილობ, პირიქით იყოს - შევქმნა სიწყნარე, სიმშვიდე, სადაც დასვენებასა და განტვირთვას შევძლებ. როგორი სახლიც არ უნდა გქონდეს, თუ შენთვის კომფორტი არ გაქვს შექმნილი, იქ დასვენებას ვერ შეძლებ. შესაბამისად მეც ისეთი სივრცე შევქმენი, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მართალია პატარა სახლია, მაგრამ სრულებით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. თუმცა ჩემი ფანტაზიის პიკი ეს ნამდვილად არ არის.

- ეს ბინა როდის შეიძინეთ?
- ბინა 2015 წელს შევიძინე და 2016-ში გადმოვედი საცხოვრებლად. მას შემდეგ ვცხოვრობ აქ.

- რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩიეთ ბინა?
- რაღაც განსაკუთრებული კრიტერიუმები არ მქონია. მაშინ, როცა ეს ბინა ვიყიდე, სულ სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი, სხვა გეგმები მქონდა, შესაბამისად მჭირდებოდა ჩემი საკუთარი ბინა, სადღაც ქირა რომ არ მეხადა. გადავწყვიტე ბინის ყიდვა. ამ დროს მნიშვნელოვანი იყო ფინანსური მხარე, მშენებლობის ხარისხი და ა.შ. მხოლოდ ეს კრიტერიუმები შევაჯერე და შევარჩიე. ვიყიდე შავი კარკასი, რომ შემდეგ ყველაფერი ჩემს ჭკუაზე გამეკეთებინა. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ჩემი გემოვნებით და ჩართულობით არის გაკეთებული.


- რემონტის სფეროში გქონდათ გამოცდილება? რატომ გადაწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლად უნდა გაგეკეთებინათ ყველაფერი?
- მანამდე ამ მხრივ გამოცდილება არ მქონია, მაგრამ მალე ავუღე ალღო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ რემონტი დისკომფორტთან არის დაკავშირებული, დამღლელია და ა.შ. თუმცა, თუ ფინანსურად მზად ხარ ამისთვის, აზარტულიც კია.

- მუქი ფერები ჭარბობს. რატო მიანიჭეთ ამ ფერებს უპირატესობა?

- კი, ამბობენ, რომ მუქი სახლია. ზუსტად ასეთი მინდოდა, გამოსულიყო. როდესაც კედლის ფერზე მიდგა საქმე, ვეცადე შუაზე გამეყო.
ჭერი და იატაკი, ასევე კედლის რაღაც ნაწილი ღია ფერებშია, რაღაც ნაწილი - შავი კანტებით გაფორმებული. როგორც ხედავთ, ბევრდონიანი განათებაა სახლში, რადგან მიყვარს ცვლილებები. ადამიანებს ხშირად ბეზრდებათ ავეჯი, სახლის დიზაინი, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ დააყენონ სხვადასხვა დონის განათება, რის შემდეგაც აღარ მოუწევთ ავეჯის ხშირად გამოცვლა. როდესაც სხვადასხვა დონეს ანთებ, სახლი სხვადასხვა ელფერს იძენს, იცვლება გარემო. მთავარია გონივრულად დააყენო ბრები, ჭაღები, ტორშერები და ა.შ. მისაღებ ოთაში დამონტაჟებული ჭაღები მოძრაობს, აქვს სხვადასხვა რაკურსი, ფერი, რაც ჩემი სახლის ინტერიერს სხვადასხვა ელფერს სძენს.

- რემონტი ისეთი საკითხია, რომ არ არსებობს, პრობლემის გარეშე ჩაიაროს. თქვენ რა პრობლემებს წააწყდით?
- რამე განსაკუთრებული და სერიოზული არ ყოფილა, მხოლოდ ერთ ხელოსანთან მქონდა პრობლემა. იმდენად ცუდად დააგო იატაკი, რომ თავიდან გახდა დასაგები.

- მამაკაცებს ზოგჯერ უჭირთ ფარდების, სამზარეულოს შერჩევა. არც ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ სხვისი რჩევები?

- არა, ესენიც თავად შევარჩიე. მე ზუსტად ვიცი, რა მინდა. მინდოდა, რომ მუქი ფერის ფარდები მქონოდა და მაქვს კიდეც. ფარდების ორი დონეა, ერთი თხელი და ერთი სქელი. სხვისგან არასოდეს მიმიღია რაღაც დიდი რეკომენდაციები და არც გამითვალისწინებია. თუ რაღაცას ვერ გავაკეთებ ისე, როგორც მე მინდა, უბრალოდ ვცვლი.

- საძინებელი არის ის ადგილი, სადაც ყველაზე ნაკლებ დროს ვატარებთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა ყველა ადამიანისთვის. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
- აბსოლუტურად გეთანხმებით. ძილი, კომფორტული საწოლი ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. ხშირად არ ვაქცევთ ყურადღებას ძილის რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, შრომისუნარიანობისთვის და ა.შ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა სწორედ ძილიდან მოდის. ძილი და ჯანსაღი ცხოვრება ძალიან საყურადღებოა.

საძინებელიც მუქ ფერებში გადავწყვიტე. არ მიყვარს პატარა საწოლი, ამიტომ შევიძინე დიდი. სასტუმროში, სადაც ვრჩები ხოლმე, თუ პატარა საწოლია, მირჩევნია თანხა დავამატო და დიდსაწოლიანში გადავიდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გამოვიძინებ და ეს ჩემს შრომისუნარიანობაზე აისახება. ლატვიაში დამემართა, ისეთ დროს მივედი სასტუმროში, რომ ვეღარაფერს ვიღონებდი, ამიტომ დავწექი პატარა საწოლზე. დილით კოპით გამეღვიძა. როგორც მიჩვეული ვიყავი, თამამად გადავტრიალდი და თავი კომოდს მივარტყი... ძალიან მიყვარს ტელევიზორის ყურება, ამიტომ საძინებელშიც დიდი ტელევიზორი მაქვს. ოთახში მქონდა მუსიკალური ცენტრი, რომელიც მთელი ღამე იყო ჩართული. შემდეგ მითხრეს, რომ ძილის დროს არ შეიძლება მუსიკის გამუდმებით მოსმენა. ძირითადად ცოცხალი კონცერტები მქონდა ჩართული და ერთი პერიოდი, რასაც ვუსმენდი, იმის ვიზუალიზაცია ხდებოდა სიზმარში. მივხვდი, რომ არ მეძინა, კონკრეტული კომპოზიციის ანალიზს ვაკეთებდი. ამასთან, საკმაოდ რთული მუსიკა იყო და ავტომატურად ვარჩევდი, სოლოს ვინ უკრავდა, ბასის რიტმი რას უკრავდა, დრამერი და ა.შ. ანუ სრულად ვიყავი პროცესში ჩართული. ამიტომ, რომ არ წამძლიოს სულმა და არ ჩავრთო, ცენტრი გარეთ „გავაბრძანე“.


- ოთხფეხა მეგობართან ერთად ცხოვრობთ. გაგვაცანით თქვენი სახლის ბინადარი...
- ღუტუ არის ლაბრადორი, რომელსაც სამი სახელი აქვს (იღიმის). თავიდან დავარქვით ბუყუ, რომ გაიზარდა, აღარ მოუხდა და დავარქვით ბურთაზა, რადგან ბურთი უყვარდა. მაგრამ მერე თავისი ხასიათიდან გამომდინარე ღუტუ შევარქვით. ბევრი აპროტესტებს, მაგრამ რას ვიზამთ, შერჩა ეს სახელი.

- როგორ ეწყობით ერთმანეთს?
- ყველაზე დიდხანს ვისთანაც სტაბილური ურთიერთობა მქონია, არის ღუტუ. კომფორტული, ჭკვიანი და უპრობლემოა. ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება. პროფესორს ვეძახი, მთელი დღე რომ მარტო იყოს სახლში, არაფერზე ავა, არაფერს დაღრღნის, არ გააფუჭებს. ბუნებრივ მოთხოვნილებებს არასოდეს იკმაყოფილებს სახლში, მელოდება, რომ გარეთ გავიყვანო. უკვე მეთერთმეტე წელია, ასე ჰარმონიულად ვცხოვრობთ.



- როგორია თვენი საოცნებო სახლი?
- კარგია, როცა მთაში გაქვს სახლი. არ მიყვარს ხალხმრავლობა. ხალხმრავლობა მაშინ მომწონს, როცა სცენაზე ვდგავარ, თან იმ ხალხის გარემოცვაში, რომელსაც სიამოვნებს ჩემი მოსმენა და არა იმ ხალხის, რომელიც ჟარგონულად რომ ვთქვათ, „პონტის“ გამო დადის კონცერტებზე.

მიყვარს ბათუმი, მაგრამ არა იმ დროს, როცა ხალხითაა გადაჭედილი. ბათუმში ოქტომბერში წავალ, როცა ქალაქი დაიცლება. მიყვარს მთაში დასვენება, რაც ჯანსაღ ცხოვრებასთან ასოცირდება. მუდმივ საცხოვრებლად კი ეზოიანი სახლი მირჩევნია. ჩემი ოცნება არ არის დიდი სახლი, პატარა იყოს, ოღონდ დიდი ეზოთი.

მერი ბლიაძე

კომენტარები

ლია 2024-12-20 13:56
გემოვნებას ნამდვილად არ ვუწუნებ, პირადად ჩემთვის - მისაღებია.....
წარმატებები....
წმინდა გაგა 2021-02-04 10:56
დადებითი პიროვნებაა ჩემნაირ
ღვარძლიან ადამიანსაც კი არ მომინდა რომ დამეგესლა და დამეწყევლა. წარმატებები გიორგი.
ქეთი 2021-01-16 16:05
კარგი ადამიანი ხარ და კარგი მომღერალი. ღმერთმა მშვიდობაში და სიკეთეში მოგახმაროს ეგ ბინა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები