მარიკა თხელიძის „თეთრი სახლი“

მომღერალი მარიკა თხელიძე შვილთან და დედასთან ერთად თბილისის ცენტრალურ უბანში ცხოვრობს. სახლმა განახლებული დიზაინი მას შემდეგ შეიძინა, რაც მომღერალი დედა გახდა და ქვეყანას პატარა ნიკოლოზი მოევლინა. მარიკასთან სტუმრად მისულებს „სპაიდერმენის“ ფორმაში გამოწყობილი ნიკოლოზი შემოგვეგება და მთელი ინტერვიუს განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებია, ბოლოს კი სპეციალურად „შინისთვის“ კამერის წინაც იპოზიორა.

ერთი თვალის მოვლებითაც იგრძნობა, რომ სახლის ბინადართ სისადავე უყვართ. ინტერიერი კრემისფერშია გადაწყვეტილი, სტილი კი თანამედროვე და მინიმალისტურია.


- ადრე ჩვენი ინტერიერი ცოტა უფრო სხვანაირი იყო. 2016 წელს გავაკეთეთ რემონტი და შევცვალეთ ოთახების განლაგებაც.
ნიკოლოზზე რომ ვიყავი ორსულად, მაშინ გადავწყვიტეთ, სიახლეები შეგვეტანა. კოსმეტიკურ რემონტს ვაპირებდით, მაგრამ გამოვიდა, რომ გარკვეულწილად პროექტი შევცვალეთ. საძინებელი, რომელიც ახლა უკვე ჩემია, უცვლელი დარჩა, გავაკეთეთ ნიკოლოზის და დედას საძინებლები, აბაზანას შესასვლელი სხვა მხრიდან გავუკეთეთ, გავაერთიანეთ მისაღები და სამზარეულო და უფრო დიდი სივრცე გამოჩნდა. მართალია, დიზაინისა და რემონტის საკითხში დედა უფრო იყო ჩართული, მაგრამ ფერები ერთობლივად შევარჩიეთ.

კრემისფერ მისაღებში ამავე ტონალობის რბილი სამეული, ტელევიზორი, მინის დაბალი მაგიდები და უკომფორტულესი სკამი-საქანელა დგას, რომელსაც განათება კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

მისაღებიდან სამზარეულო მოჩანს, რომელიც ასევე თეთრ და შავ ტონალობაშია გადაწყვეტილი.

- ბებო რომ ცოცხალი იყო, მაშინ ვინ მიმიშვებდა სამზარეულოსთან. ამით დედასაც განებივრებული ვყავარ, თან, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სულ გარეთ მიწევდა ჭამა. ელემენტარულის გაკეთება როგორ არ ვიცი, დიდი სადილები და წვნიანი კერძები არ მომიმზადებია, იმიტომ, რომ არ დამჭირვებია, თორემ არც ეგ იქნება პრობლემა. ყველანაირი ინფორმაციის, რეცეპტის მოძიებაა შესაძლებელი ინტერნეტში.

მარიკას განკარგულებაში უზარმაზარი თეთრი საძინებელია, სადაც შეაღებ თუ არა კარს, სიქათქათე გჭრის თვალს.

- ეს ჩემი უზარმაზარი საძინებელია, რომელიც დედამ დამითმო, მას შემდეგ, რაც ისევ აქ გადმოვედი საცხოვრებლად.

მარიკას ოთახის გვერდით მისი შვილის საძინებელია, რომლის კედლები ნიკოლოზს აქვს მოხატული.

- მივეცი უფლება, რომ დახატოს კედლებზე. მთელ სახლს ემუქრებოდა იგივე, ამიტომ გადავწყვიტე, ერთ ოთახში მიმეცა ამის გაკეთების უფლება. ფსიქოლოგებიც გვირჩევენ, რომ ბავშვს მივცეთ სივრცე საკუთარი სურვილებისა და თვითგამოხატვისთვის, ჰოდა, გავითვალისწინე ესეც და არა მარტო ნიკოლოზს, მის მეგობრებსაც აქვთ უფლება, ამ ოთახში დახატონ კედლებზე და ითამაშონ.

ნიკოლოზის საძინებლის შემდეგ მარიკას დედის საძინებელს ვესტუმრეთ.

- დედამ დიდი ოთახი მე დამითმო და ხანდახან უხერხულად ვგრძნობ თავს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ძალიან გემრიელად და კომფორტულად მოვეწყვე ჩემს ახალ ოთახში.


როდესაც მნიშვნელოვან ნივთებზე მიდგა ჯერი, მარიკამ დედის ნაჩუქარი ყუთი, ნიკოლოზის ნახატი, მისი ნაჩუქარი თოჯინები, საკინძეები, საყურე და სათვალე გამოგვიტანა.

- ეს არის ნიკოლოზის ნახატი, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ყუთი, სადაც ჩემი შვილის ნაჩუქარი თოჯინებია მოთავსებული, დედამ მაჩუქა. საკინძეები ბიძამ მისახსოვრა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. საყურე აკა ნანიტაშვილისაა, რომელსაც გამორჩეულ მომენტებში ვიკეთებ ხოლმე, ეს სათვალე კი თაკო მექვაბიძემ მაჩუქა, ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა.



დასასრულ, მარიკას უბანზე და იმ ეზოზე ვკითხეთ, სადაც მთელი ცხოვრება აქვს გატარებული.

- როგორც გითხარით, აქ დავიბადე, გავიზარდე და ძალიან მიყვარს აქაურობა. ეს სახლი მამასთან ასოცირდება, რომელიც ასევე აქ დაიბადა და გაიზარდა, ამიტომაც ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და შესაბამისად, საოცრად ძვირფასია. გარდა ამისა, ჩვენს ეზოში საოცრად შეკრული სამეზობლოა, ყველა ერთმანეთისთვისაა და საჭიროების შემთხვევაში დაუფიქრებლად გიწვდიან დახმარების ხელს.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება