გიგი დედალამაზიშვილისა და მარინა კარპიის ბინა, რომელიც უკრაინელმა დიზაინერმა დააპროექტა

მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი და მისი მეუღლე, ფოტოგრაფი მარინა კარპიი ლუბლიანას ქუჩაზე ცხოვრობენ. წყვილმა ბინა ექვსი წლის წინ შეიძინა. ინტერიერის დიზაინზე უკრაინელმა დიზაინერმა სერგეი მახნომ იმუშავა. გიგი და მარინა აქტიურად იყვენ ჩართული რემონტის პროცესში და ყველაფერი მათი გემოვნებითა და ძალისხმევით გაკეთდა. ინტერიერში ბევრ ისეთ დეტალს აღმოაჩენთ, რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნით და სხვაგან ვერსად შეხვდებით. ეს კი წყვილის ინდივიდუალიზმსა და გემოვნებაზე მიუთითებს.

- სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, დიღმის მასივში მდებარეობს. იქ გავატარე ჩემი ბავშვობა და ძვირფასი წლები. იმ სახლში პირველი მოსახლეები
ბებიაჩემი და ბაბუაჩემი იყვნენ. არც შემდეგში მიფიქრია შორს წასვლა და ბინა, რომელშიც თქვენ ახლა იმყოფებით, ჩემი ბავშვობის სახლთან ძალიან ახლოს მდებარეობს. მინდოდა, ჩემი ახალი საცხოვრებელი ჩემი მშობლების სახლთანაც ახლოს ყოფილიყო და დიღმის ტყეპარკთანაც, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, ვთამაშობდი და ვისვენებდი ხოლმე. მე, ჩემი და და ბიძაშვილები ბაბუას ხშირად დავყავდით ამ ტყეში, გვინერგავდა ბუნების სიყვარულს. ახლა ჩემი შვილები იზრდებიან აქ.





- გარდა ამ მიზეზებისა, სხვა რა პრიორიტეტებით შეარჩიეთ ბინა?

- ძალიან მყუდრო ეზოა, კორპუსები შედარებით შორი-შორს არის აშენებული. ასევე კორპუსთან ახლოს არის რამდენიმე სკვერი. სხვა ეზოებთან შედარებით, პრობლემა არაა მანქანის გაჩერება. თვითონ კორპუსი ხარისხიანადაა ნაგები, ამასთან, ვიზუალურადაც ლამაზია. ეტყობა, რომ პროექტზე ბევრია ნაფიქრი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ყველაფერს ვერ აღვიქვამდი, უფრო მარინას მოწონებული ადგილია.

- როგორც ვიცი, ამ ბინის დიზაინზე უკრაინელმა დიზაინერმა იმუშავა.

- პირველ რიგში შევადგინეთ პროექტი, რომელიც გაგვიკეთა ჩვენმა მეგობარმა, უკრაინელმა დიზაინერმა სერგეი მახნომ. ძალიან ცნობილი და კარგი დიზაინერია. ჩვენც გავაცანით ჩვენი სურვილები და საბოლოო ვარიანტზე შევთანხმდით. გვინდოდა აგურის კედელი, ჭერზე კი ბეტონი ყოფილიყო. ასევე, გვსურდა, ელექტროგაყვანილობა გამოჩენილიყო. სერგეის ბიურომ გამოგვიგზავნა პროექტი და უკვე რემონტის პროცესს მამაჩემი ხელმძღვანელობდა. ზოგადად მეც ძალიან მიყვარს მშენებლობა, რემონტი. ვამბობ ხოლმე, რომ ეს ჩემი ერთ-ერთი ჰობია... აგურის შესარჩევად რომ დავდიოდით, ძალიან ძველ აგურს ვეძებდით და ყველას უკვირდა.

- საკმაოდ დიდია აგურის კედელი. რთული მოსავლელი არ არის?

- მოსავლელად რთულია, მტვერს მარტივად იღებს და რთულად იწმინდება. თავიდან მცირე მონაკვეთზე მოვსინჯეთ და წავუსვით ლაქი, მაგრამ არ მოგვეწონა. ასე უფრო ბუნებრივი ელფერი ჰქონდა და დავტოვეთ.

- უცხო და ორიგინალური რადიატორები გაქვთ, რომელიც დეკორაციის შთაბეჭდილებას ტოვებს. საქართველოში შეიძინეთ?

- გვინდოდა, ცენტრალური გათბობის რადიატორები გამოსაჩენ ადგილას ყოფილიყო, შესაბამისად ლამაზი და დახვეწილი უნდა შეგვერჩია. საქართველოში ექვსი წლის წინ დიდი არჩევანი არ იყო, ამიტომ შევიძინეთ გერმანიაში. დაახლოებით სამი თვე ველოდებოდით მათ ჩამოტანას.





- სამზარეულო მარინას გემოვნებით არის გაკეთებული?

- რა თქმა უნდა. ყველაზე მეტად უნდოდა, რომ სამზარეულოში მაცივარი არ გამოჩენილიყო და კარადაში მოათავსა. ვთვლი, რომ კარგად გამოვიდა. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ბინა არის ნათელი და შესაბამისად მზიანი. გვაქვს სპეციალური დამცავი ფარდა, ზაფხულში კი კონდენციონერის საშუალებით ვებრძვით სიცხეს.



ჩვენი პატარა აივანი მცენარეებით და ყვავილებით გავალამაზეთ. მე და მარინას ძალიან გვიყვარს ყავილები. ჩვენს აივანზე დიდ ყურადღებას იპყრობს მწვანე კედელი. თავისი სარწყავი სისტემა აქვს და ავტომატურად ირწყვება. აქ არის როგორც მოყვავილე, ისე მარადმწვანე, ფოთლოვანი მცენარეები. ქოთნის ყვავილებიც გვაქვს. როცა ქალაქიდან გავდივართ, დედაჩემთან მიგვაქვს და ის უვლის, მერე ისევ უკან ვაბრუნებთ.

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ინტერიერში ძალიან მომწონს ოთახის და გარდერობის კარები, რომელიც ქართული ორნამენტებით არის გაფორმებული.

- ყველამ იცის, რომ მარინა არაჩვეულებრივი ფოტოგრაფია. მზარეული როგორია?

- უგემრიელეს კერძებს ამზადებს. ძირითადად უყვარს იტალიური და აზიური სამზარეულო. სუშიც არაჩვეულებრივად გამოსდის.

- ქართული კერძების მომზადებაც იცის?

- ქართული კერძების მომზადება დედაჩემის პრეროგატივაა (იღიმის).



- განსაკუთრებული ყურადღება საბავშვო ოთახმა მიიპყრო. ლიზის თუ მოსწონს თავისი ოთახი და რამდენად კომფორტულად გრძნობს იქ თავს?

- საბავშვო ოთახი ღია, ნეიტრალურ ფერებში შევღებეთ, თუმცა ნახატებით, დეკორაციებით გავახალისეთ და გავაფერადეთ. კედელი გავაფორმეთ ცხოველების ფოტოებით. ლიზი ხატავს და ინტერიერში ნახავთ მის ნახატებსაც. ვფიქრობ, ბავშვისთვის მისაღები და სასურველი ოთახი გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში ლიზის ძალიან უყვარს თავისი ოთახი. ზოგჯერ ნიკუშა ურღვევს ხოლმე მყურდოებას.



სამწუხაროდ, ჯერჯერობით მას არ აქვს საკუთარი ოთახი, თუმცა მალე გავფართოვდებით, გადავალთ ახალ სახლში და იქ ნიკუშასაც ექნება თავისი კუთხე.

- ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ, ბევრს მოგზაურობთ, დადიხართ ტურნეებში. როგორ ახერხებთ ბავშვებთან ურთიერთობას?

- ეს ჩემთვის მეტად მტკივნეული თემაა. ყოველთვის ვგრძნობ ამ დანაკლისს და მწყდება ხოლმე გული. ამ პანდემიას ერთი პლუსი ჰქონდა - ერთი წელი ვუყურებდი, როგორ იზრდებოდნენ ჩემი შვილები. მანამდე ამის შესაძლებლობა არ მქონდა.



ახლაც, დაახლოებით ორ კვირაში თვე-ნახევრით მიწევს წასვლა ტურნეში. რთულია, როცა მიდიხარ და ტოვებ შვიდი თვის ბავშვს, ის კი ფეხადგმული გხვდება. შენ ვერ უყურებ მის პირველ ნაბიჯებს, ვერ ეხმარები ამ ნაბიჯების გადადგმაში. ჯერჯერობით ნიკუშა არ ლაპარაკობს. ტურნედან რომ დავბრუნდები, შესაძლოა უკვე ბევრი სიტყვა იცოდეს. მე ვერ გავიგონებ მის პირველ სიტყვებს და ეს ძალიან მტკივნეულია მშობლისთვის.

ყველაზე მეტ დროს ბავშვებთან მარინა ატარებს, შემდეგ - ბებიები. ძალიან გვეხმარებიან ჩემი მშობლები. ხშირად ჩამოდის მარინას დედაც და გვეხმარება. ზაფხულობით კი უკრაინაში მიდიან ბავშვები.

- საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა გაქვთ. როგორც მივხვდი, გიყვართ კითხვა...



- დიახ, ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა. ეს არის ჩემი განტვირთვის ერთადერთი საშუალება.

- ახალი სახლი ახსენეთ, როდის და სად გეგმავთ გადასვლას?

- ნიკუშას დაბადების შემდეგ გადავწყვიტეთ გაფართოება, რადგან ეს სახლი პატარაა და უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს. მოპირდაპირე კორპუსში ვიყიდეთ ბინა, დიდი და ლამაზი ტერასით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და ვფიქრობ, ახალი წლისთვის გადავალთ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

გიორგი. 2021-10-03 18:45
გემოვნებაზე არ დაობენ. ჩემი გადმოსახედიდან, ფინანსებიდან გამომდინარე ბინაა. მთავარია ბედნიერები იყვნენ.
ნუნუ 2021-10-01 19:49
იხაროს და იმრავლოს თქვენმა ლამაზმა ოჯახმა. ძალიან ლამაზი ბინა გაქვთ.უკრაინულ ელემენტებაადამოვიცანი ორნამენტები, მგონი ქალბატონი მარინა უკრაინელია (თუ ვცდები, ბოდიშს ვიხდი) და სასიამოვნოა, როცა ადამიანი საკუთარი სამშობლოსაც და მეუღლის სამშობლოს სიყვარულსაც ასე გამოხატავს.
ლიკა 2021-09-30 18:57
ვისთვის უგემოვნო,ვისთვის უზადოდ გემოვნებიანი ,????????
?!?! 2021-09-30 18:42
უკრაინული ჭყეტელა სტილი , მაგარია, ელექტროგაყვანილობა ჩანს, სამაგიეროდ მაცივარია კარადაში და არ ჩანს .სამზარეულოში, თუმცა ბინა თქვენია და თქვენ უნდა მოგწონდეთ ,ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.
ნინო 2021-09-28 14:13
ქართველს სხვა ხედვა აქვს, ბევრად თანამედროვედ გააკეთებდა, უკრაინელები დიდ ვერ გამოირჩევიან გემოვნებით. საწყენად არ დამიწერია. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები