ბევრისთვის ცნობილი ქალბატონი, გემოვნებიანი და დახვეწილი დალი ჩიტალაძე ვერაზე, სასტუმრო საქართველოს უკან ცხოვრობს. მოსწონს ეს უბანი და ფიქრობს, რომ ზედმეტად მაღალი შენობები ქალაქს ხიბლს და სიძველეს უკარგავს. ბინა შერეულ სტილში აქვს მოწყობილი, თანამედროვეცაა და კლასიკურიც, რომაულ-ეგვიპტური შტრიხებით.
- თებერვალში 12 წელი გახდა, რაც ამ ბინაში ვცხოვრობთ, რემონტიც დაახლოებით ამ ხნისაა. მე და ჩემი მეუღლე რომ შევუღლდლით და ბინის შეძენა გვინდოდა, ამ ადგილმა, უფრო სწორად კი ხედებმა, მიიქციეს ჩემი ყურადღება. ზოგადად, ჩემთვის მთავარია სივრცე და სიმყუდროვე. ვთვლი, რომ ოჯახში სიმყუდროვეს დიასახლისი
როცა სახლი შევიძინეთ, ოთახებს სრულიად განსხვავებული წყობა ჰქონდა, ავიყვანე ძალიან კარგი არქიტექტორი პაატა ქურდიანი, რომელიც მომეხმარა ჩემი იდეების განხორციელებაში. სულ კამათში გავატარეთ ის პერიოდი, მე ვამბობდი - ასე მინდა, ის მიხსნიდა, ვერ გააკეთებ მასე, იმიტომ, რომ არ შეიძლებაო. საბოლოო ჯამში ვთანხმდებოდით, ბევრ რამეში ვუჯერებდი და ისიც მიჯერებდა.
სტილი, რომელშიც სახლია მოწყობილი, მთლად კლასიკური არაა, უფრო მოდერნ-არტია, თანამედროვესთან შერწყმული რომაულ-ეგვიპტური გავლენა შეინიშნება.
- ყოველთვის მომწონს სტილის შერევა და ეს ინტერიერზეც აისახება. აი, მაგალითად, მისაღების კედელი, სადაც ტელევიზორი კიდია, ეგვიპტურ სტილშია გაკეთებული. მის მოპირდაპირედ თანამედროვე სტილის სამეული დგას, რომელიც უკვე შესაცვლელი მაქვს. ეს ტელევიზორი რომ ვიყიდე, მაშინ პლაზმური ტელევიზორები საერთოდ არ იყო, ამიტომ დღეს უკვე განახლებას საჭიროებს, ამჯერად ოვალურ ტელევიზორზე შევაჩერებ ალბათ არჩევანს. რასაც არ გამოვცვლი, ესაა ბუხარი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი... ზამთარში, როცა შეშა მაქვს, ყოველთვის მინთია, თან ზედა ნაწილი გამჭვირვალე აქვს, ქვემოთ რომ ცეცხლს აანთებ, ზემოთ ალი მოჩანს და ძალიან ლამაზია.
ბუხარზე უამრავი ფოტოა მოთავსებული...
- საერთოდ, ვგიჟდები ფოტოებზე და ფოტოხელოვნებაზე. არ ვარ ანტიკვარების შემგროვებელი, ყველაფერი მიყვარს ახალი, რადგან მგონია, რომ ყველაფერს თავისი აურა მოჰყვება და ვიღაცის ნივთი რატომ უნდა შევიძინო, ვერ ვიგებ.
ოთახის ფერები, იატაკი და ყველა დეტალი ჩემთან შეთანხმებით გაკეთდა. მხოლოდ საძინებელსა და კაბინეტში მაქვს პარკეტი, სხვაგან ყველგან გრანიტია და გათბობაც მის ქვეშაა გაყვანილი.
უკვე ვფიქრობ, რომ რემონტი ხელახლაა გასაკეთებელი. თუ ადამიანს საშუალება აქვს, 10 წელიწადში ერთხელ უნდა განაახლოს ინტერიერი. მაშინ მოდაში იყო მრავალდონიანი შეკიდული ჭერი. სიმართლე გითხრა, ამერიკაში ასეთი ნამდვილად არ მქონდა ნანახი, არ იყო აქტუალური, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, მითხრეს, ტრენდიაო. რომ გითხრა, გადავირიე, ისე მომეწონა-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ მაინც დავთანხმდი. დღეს კი უკვე მაღიზიანებს, ჩამოსაღებია. კლასიკური, ფრანგული სტილის ე.წ. კარნიზებიანი ჭერის გაკეთება მინდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჭერი 30 სმ-ითაა დადაბლებული, ეს დონეები თაბაშირ-მუყაოთია გაკეთებული. ამას რომ ჩამოვშლი, სულ სხვანაირად აღიქმება სივრცე. კარ-ფანჯრის გამოცვლასაც ვაპირებ, ეს თეთრი ფერი საავადმყოფოს მაგონებს. ძალიან მომწონს მეტალის კონსტრუქციით გაკეთებული ფანჯრები. 12 წლის წინ სამშენებლო მასალების ამხელა არჩევანი არ იყო, რაც დღეს გვაქვს, შესაბამისად, ბევრ რაღაცას შევცვლი.
ყველაზე ძალიან რა მომწონს, იცი, ამ სახლში? მისაღებში ფანჯარასთან რომ დადგები, მინის კარის მიღმა ხედავ სამზარეულოს ხედსაც. ანუ, თუ მისაღების ფანჯრიდან ჩანს მთაწმინდა, ფუნიკულიორი, ანძა, მეორე მხრიდან თბილისის გულს გადაჰყურებს ჩემი ფანჯრები, ამის დანახვა კი სახლის ერთი წერტილიდან გამჭოლი კარის მეშვეობითაა შესაძლებელი. ვიღაცამ მითხრა, რომ სასტუმრო "საქართველოს" თავზე კიდევ უნდა დააშენონო, რამაც პანიკაში ჩამაგდო. ეს ბინა იმიტომ ვიყიდე, რომ ლამაზი ხედი მქონდა და ახლა რომ ეს ხედი დამიკარგონ, გადავირევი, უფლებას არ მივცემ (იღიმის). იმ მიზეზით, რომ სივრცე და გამჭოლი ხედი არ დამეკარგა, არ გავაკეთე ე.წ. ყრუ კარი და არჩევანი მინის კარზე შევაჩერე, რომელიც საკმაოდ რთული მოსავლელია, სულ წმენდა უნდა.
მისაღებში ფანჯარასთან კლასიკური სტილის სავარძლებთან ერთად ძალიან დიდი ჩინური ვარდის ხე დგას.
- ეს ჩინური ვარდი 8 წლისაა, ძალიან პატარა ვიყიდე, მაგრამ ხომ ხედავთ, რამხელა გაიზარდა. სულ ყვავის, ახლაც, ამ სეზონზეც. ერთი პერიოდი შეწყვიტა ყვავილობა და დავემუქრე, თუ არ მოისხამ ყვავილს, მოგჭრი და გადაგაგდებ-მეთქი და იმის მერე სულ ყვავის. მასწავლეს, დაემუქრეო და მართალი ყოფილა.. ისედაც სულ ველაპარაკები.
ჰოლში შესვლისას პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, სარკეებიანი ბოძი იყო..
- ამ ბოძის გაყოლებაზე იყო კედელი, მონგრევა მინდოდა, მაგრამ საყრდენი აღმოჩნდა. ამიტომ პაატამ, ჩვენმა არქიტექტორმა მოიფიქრა - სადამდეც შესაძლებელი იყო, დავანგრიეთ კედელი, დარჩენილი ნაწილი კი სარკეებით შევფუთეთ და ორიგინალური გამოვიდა. სარკე ქმნის სივრცეს, რაც მე ასე ძალიან მიყვარს.
ჰოლიდან საძინებელში გადავინაცვლეთ, რომელსაც აბაზანა-ტუალეტი და ე.წ. საგარდერობო ახლავს. ოთახში შესვლისთანავე ვერსაჩეს საძინებელი შევნიშნეთ.
- ეს საძინებელი თბილისში ვიყიდე. მე უფრო თანამედროვე მინდოდა, მაგრამ ჩემს მეუღლეს მოეწონა და აღარ შევეწინააღმდეგე. ჩემთვის მთავარი იყო, მქონოდა ჩემი აბაზანა-ტუალეტი და საგარდერობო. ფართიდან გამომდინარე, რისი საშუალებაც მომეცა, გავაკეთე.
საძინებლისა და საგარდერობოს კედელში გაკეთებულია მინის ვიტრაჟი, კლიმტის ნახატით.
- შეიძლება ითქვას, რომ საძინებელი და საგარდერობო ერთმანეთისგან კლიმტის ვიტრაჟით გამოვყავი.
შემდეგ სამზარეულოს ვეწვიეთ. აქაც, ისევე როგორც მთელ სახლში, სივრცე იგრძნობა. სასადილო ცალკეა მოწყობილი, სამზადისისთვის განკუთვნილი კუთხე - ცალკე... მინის კედლიდან კი არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
- სამზარეულოში ყოფნა, მეგობრების აქ მიღება და ჭორაობა ძალიან მიყვარს. თან ისე მაქვს მოწყობილი, რომ შემიძლია ერთდროულად კერძიც ვაკეთო და ჩემს სტუმართანაც ვიჭორაო. მიყვარს ცხობა, კეთება, სტუმრის მიღება და გამასპინძლება. სამზარეულო - ეს ჩემი სამფლობელოა.
სამზარეულოს გვერდით, ჰოლში, სტუმრებისთვის განკუთვნილი აბაზანაა. განსკუთრებული ყურადღება ორიგინალური ფორმის ონკანმა მიიპყრო. ამ და სხვა ნივთების ფოტოები ქალბატონი დალის სახლიდან, ასევე ბევრი სხვა საინტერესო სტატია და ცნობილი ადამიანების სახლები, შეგიძლიათ, ჟურნალ "შინის" გაზაფხულის ნომერში იხილოთ.
ციცი ომანიძე
კომენტარები