უნიკალური ხელნაკეთი ავეჯი ნინო ძოწენიძისა და გიგა კუხიანიძის სახლში - დაათვალიერეთ

მომღერალი ნინო ძოწენიძე და მისი მეუღლე, მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე, შვილთან, სანდროსთან ერთად ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ახალაშენებულ სახლში ცხოვრობენ. სახლის მშენებლობა-რემონტის საკითხი გიგამ საკუთარ თავზე აიღო და აჭარიდან დაბრუნებულ საყვარელ მეუღლეს გემოვნებით მოწყობილი, კომფორტული ბინა დაახვედრა. ნინო ეზოიან, გამწვანებულ სახლზე ოცნებობს. ოცნების ასასრულებლად მომღერალმა პროექტ "ერთი ერთში" მოგებული ბინა გაყიდა და კერძო სახლის შეძენას ახლო მომავალში გეგმავს.

- 17 წლიდან ვცხოვრობ თბილისში. საკუთარი სახლი არ მქონდა, ამიტომ ქირით ვცხოვრობდი. როცა გიგას გავყევი ცოლად, იმის მერეც რაღაც პერიოდი ქირით ვიცხოვრეთ. ფაქტობრივად

თბილისის ყველა უბანში მაქვს ნაცხოვრები. ნაქირავებ სახლში ცხოვრება უცხო არავისთვისაა. ქუთაისში ორივეს გვქონდა სახლი, როცა თბილისში გადმოვედით, არც მამაჩემს და არც გიგას მამას არ ჰქონდათ საშუალება ჩვენთვის ბინა ეყიდათ. ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ძალიან დიდი შრომის და წვალების შემდეგ მოახერხა ჩემმა მეუღლემ. ამდენი ხნის შემდეგ გვეღირსა სახლი, რისთვისაც მადლობა უფალს და გიგას. მის ყიდვაში და გერემონტებაში მე არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. ყიდვა, რემონტი, დიზაინი ყველაფერი გიგამ აიღო საკუთარ თავზე. მხოლოდ ბუხარია ჩემი ინიციატივით გაკეთებული. უნდა გაუქმებულიყო ეს ტიხარი, ძალიან ვთხოვე, ამ ადგილას ბუხარი გაეკეთებინა, რადგან ყოველთვის მინდოდა ბუხარი გვქონოდა. სხვათა შორის, აქ უგემრიელესი მწვადები იწვება.

როცა გიგამ რემონტი დაიწყო აჭარაში ვიყავი. ჩამოვედი და უკვე გამზადებული სახლი დამხვდა, ბარგიც კი გადმოეტანა. უკვე ორი წელია აქ ვცხოვრობთ. როცა ამ სახლზე ვსაუბრობ, ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს. მე აქ არაფერი გამიკეთებია, ამიტომ ბევრსაც ვერ ვისაუბრებ. არ იფიქროთ, რომ ზარმაცი ვარ ან დედოფალივით ვცხოვრობ, უბრალოდ გიგას უყარს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. რჩევა რომც მკითხოს, ბოლოს მაინც ისე გააკეთებს როგორც თვითონ უნდა. ამიტომ ვენდე და მივუშვი საკუთარ ნებაზე. მეც, როცა რამეს ჩემი ინიციატივით ვაკეთებ, არ მიყვარს, რომ მერევიან. ხასიათით ძალიან სულსწრაფი ვარ და ვცდილობ საქმე მალე დავასრულო. გიგა თითოეულ დეტალს აკვირდება და გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სჭირდება.

 

- თქვენი გემოვნება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს? როცა ნახეთ ბინა რამე შენიშვნა ხომ არ შეიტანეთ?


- არანაირი შენიშვნა არ შემიტანია. ძალიან მომეწონა, სადა და კომფორტულია. ფერები გემოვნებითაა შერწყმული. ავეჯი გემოვნებით გალნაგებული. ხარისხიც არაჩვეულებრივია. სახლი სრულებით აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს. საუკეთესო ხელოსნების გუნდი შეკრა. გამართლებაა, როცა მოგდის საქმის პროფესიონალი ხელოსანი, შემოქმედებითად უდგება ყველაფერს. ძნელია, როცა უხდი ფულს, ის კი იკარგება, პერიოდულად გამოჩნდება, უღიმღამოდ უდგება საქმეს და გაწამებს. ჩვენი ხელოსნები კოლექტიურად და მეგობრულად მუშაობდნენ, ამიტომ საკმაოდ მალე დაასრულეს რემონტი.


- სახლი რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ?
- აქ ცხოვრობს ჩვენი მეგობარი ნატა თოფურია, ქეთა თოფურიას დედა. ნატამ გვირჩია. მანამდე კასრაძეზე ვცხოვრობდით, ხალხმრავალ ადგილას, ბევრ სტუმარს ვმასპინძლობდით, ხშირად მოდიოდნენ მეგობრები. მოგეხსენებათ, ქუთათურები ვართ და ქუთაისელი ხალხი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ეს ადგილი დავიწუნე, ვამბობდი, აქ ამოსვლა ყველას დაეზარება-მეთქი, მაგრამ შევცდი - აქაც ხშირად მოდიან მეგობრები. მეგობრის გარეშე რად მინდა ეს სახლი? ქალაქთან შედარებით აქ ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ჰაერია, სიმშვიდეა, ზაფხულში შედარებით გრილა.


- ავეჯი შეიძინეთ თუ თქვენი გემოვნებით ააწყვეთ?
- ყველაფერი ხელითაა გაკეთებული, მაღაზიიდან არაფერი მოგვიტანია. გიგამ თავისი გემოვნებით დახაზა დიზაინი და შემდეგ სანდროს ნათლიამ, ბესო ყურაშვილმა საკუთარი ხელით აგვიწყო. ყველაფერი ძალიან ხარისხიანი, ტევადი, კომფორტული და რაც მთავარია, ფუნქციურია.
სახლში ჭარბობს ნაცრისფერი. ვფიქრობ, სტაბილური ფერია და არ იწვევს გაღიზიანებას. შეიძლება მე სხვა ფერებში გამეკეთებინა, გიგას უფრო იდეალურად გამოუვიდა. არ ვამბობ, რომ მასზე ცუდი გემოვნება მაქვს, უბრალოდ, მე არ ვარ რისკიანი, მეშინია ექსპერიმენტების. გიგა ამას არ ერიდება. სამზარეულოს ფერი, რბილი ავეჯი, სავარძლები, ბარის სკამები ყველაფერი სინთეზშია. არ იფიქროთ, რადგან ჩვენი სახლია, იმიტომ ვაქებ. ნამდვილად გემოვნებითაა ყველაფერი შეხამებული. ძალიან მიყვარს ნათელი ბინები და ეს გაითვალისწინა კიდეც. რამდენიმე ჭაღი და დამატებითი განათებები დაამოინტაჟა ყველა ოთახში.


ყველაზე დიდ დროს აივანზე ვატარებთ. მწეველები ვართ, მაგრამ სახლში არასოდეს ვეწევით. თან უკვე გამოთბა. მინდა, ულამაზესი ყვავილებით და მარადმწვანე მცენარეებით გავალამაზო აივანი. ჩემი მეგობრებისთვისაც ესაა საყვარელი ადგილი. საათობით ვსხედვართ, მივირთმევთ ყავას, ვსაუბრობთ საჭირბოროტო საკითხებზე, მუსიკაზე და სასიამოვნოდ ვატარებთ დროს.

სანდროს ძალიან უნდოდა მწვანე ფერში გაწყობილი ოთახი. მამამ მისი სურვილი გაითვალისწინა. უკვე გაიზარდა, გემოვნებაც შეეცვალა. ახლა გვთხოვს, რომ ახალი რემონტი გავუკეთოთ და სხვა სტილში მოვუწყოთ ოთახი.

- როგორია თქვენი საოცნებო სახლი?
- ძალიან მინდა ეზოიანი, დიდი სახლი მწვანე მინდვრით, ჭრელა-ჭრულა ყვავილებით, აუზით და ა.შ. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ასეთი სახლი აუცილებლად გვექნება. "ერთი-ერთში" მოგებული ბინა გავყიდე. სწორედ იმ ფულით მინდა შევიძინო კერო სახლი, რომელსაც ჩემი გემოვნებით მოვაწყობ. იმედია, გიგა არ ჩაერევა, თორემ ისევ გამომრიცხავს (იღიმის). ეზოსაც ჩემი ხელით მოვაწყობ, მინდა მიწასთან მქონდეს ურთიერთობა. ეს განტვირთვის კარგი საშუალებაა. ქვეყანაში ძალიან სტრესული სიტუაციაა. ძალიან მინდა ყველამ მშვიდად იცხოვროს, ერთმანეთის ქიშპობისა და მტრობის გარეშე. ულამაზესი ქვეყანა გვაქვს და მას მივხედოთ, ყველაფერს ეს აჯობებს. დავიწყოთ იქიდან, რამდენად ნიჭიერი ერი ვართ. შოკში ვარ, სხვადასხვა პროექტში რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. ცოტა თემას გადავუხვიე, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

- როგორია ერთვე ჩვეულებრი საღამო, როცა მარტო რჩებით?
- ჩვენთან სულ სტუმრიანობაა. ამ ბოლო დროს გიგას მარტო ყოფნა მოსწონს, ალბათ ასაკის ბრალია. არის შემთხვევები, მეც მინდა განმარტოება. ერთი-ორი დღით ჩავუჯდები ფილმებს, წიგნებს, მაგრამ შემდეგ მიჭირს გარე სამყაროსთან შეგუება. ფილმებში და წიგნებში ცოტა სხვა სამყაროა, რის შემდეგაც ჭირს რეალობასთან ურთიერთობა. ზოგადად მარტო ყოფნა არ მიყვარს. როცა სამივე ერთად ვართ სახლში, ვუყურებთ ფილმებს, ვსაუბრობთ მუსიკაზე, სამომავლო გეგმებზე. ჩვენ ხელის გულზე არ გვქონია წარმატება. ბევრი ვიშრომეთ, ვიწვალეთ და ასე მოვედით დღემდე. დღესაც ასეთი შემართებით ვაგრძელებთ შრომას. ჩამოსულ ადამიანს მეტი ძალისხმევა გჭირდება თავის დასამკვიდრებლად. ვამაყობ ჩემი ქუთაისით, უზომოდ მიყვარს ჩემი ქუთათურები. ვხუბრობ ხოლმე, ქუთაისი მიყვარს, თბილისი კი მომწონს.

სახლის და ნივთების კიდევ ბევრი საინტერესო ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში 

მერი ბლიაძე

კომენტარები

beso 2017-06-01 23:54
rad ginda mainc sul cucunebs da ukmayofiloa
tata 2016-05-29 15:47
super. daxvecili gemovnebianebi. kvelaze magari saxlia am saitze, tansmedrove.
maka 2016-05-27 19:03
gmertma kargad gamkopot da bevri mogtset uketesi.samzareulo dzalian magaria.mometsona.
დათო 2016-05-26 10:16
სხა ქართველის სიხრულის გაზიარებას თუ გავიხსენებთ ქართველები არ გვაწყენს! დღევანდელ, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!
ana 2016-05-19 00:38
ra aveji ar aris.aba tavze rom eyrebat yvelaferi isaa kargii.daan magaria warmatebebi da bednierebaa

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები