47 წლის ინგა ბიჩინაშვილი, უკვე 11 წელია, საკვებ პროდუქტს მხოლოდ გემოს მიხედვით არ აფასებს. კარვინგი, რაც ხილსა და ბოსტნეულზე სხვადასხვა ფიგურის ამოტვიფვრას, კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის გაფორმებას გულისხმობს, დამოუკიდებლად შეისწავლა და უკვე ამ საქმის პროფესიონალია. დღეს, თბილისის ცენტრში არსებულ ერთ-ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სამზარეულოში მუშაობს და საკვები პროდუქტით ესთეტიკის შექმნაზე ზრუნავს.
- კულინარიული კოლეჯი დავამთავრე, რის შემდეგაც ჩემი პორფესიით არ მიმუშავია, დიასახლისი ვიყავი, შვილებს ვზრდიდი, მყავს მეუღლე, ოთხი ქალიშვილი და შვილიშვილები. ბავშვები რომ გაიზარდნენ, დღის წესრიგში ჩემი დასაქმებაც დადგა. ვერსად ვერაფერი
- ხილზე, ბოსტნეულზე ისეთი ლამაზი ფიგურების ამოჭრა, რასაც ფოტოებზე ვხედავთ, ძალიან შრომატევადი იქნება. დაახლოებით რა დროს ანდომებთ თუნდაც ერთი ყვავილის ამოტვიფვრას?
- დროის ხანგრძლივობა, რასაკვირველია, გამოსახულებაზეა დამოკიდებული - თუ ერთ დიდ ყვავილს აკეთებ, შეიძლება ერთ საათში დაასრულო, მაგრამ პატარას და თანაც ბევრს - სამი-ოთხი საათი მაინც სჭირდება.
- რჩევები მოგვეცით სუფრის ლამაზად გაწყობასთან დაკავშირებით...
- საახალწლო სუფრის კიდევ უფრო გასალამაზებლად რამდენიმე კარგ რჩევას მოგცემთ. სუფრას თავისთავად ალამაზებს კერძები, მეტი ესთეტიკისთვის კი მათი დეკორირების ხერხებს გაგიმხელთ.
პირველი, რაც სუფრას შთამბეჭდავს ხდის, არის ხელსახოცები და სანთლები. საახალწლოდ, სუფრის შუაგულში შეგვიძლია გავშალოთ ნაძვის და ფიჭვის წიწვები, ზამთრის ხილი - იქნება ეს ვაშლი, კარალიოკი, მსხალი თუ სხვა, ნახევრად ამოვავლოთ სიროფში, სიროფიანი მხარე ამოვგანგლოთ შაქარში, ზოგიერთი კი - ქოქოსის ფანტელში... ასეთი ფორმით დაწყობილი ხილი დათოვლილის შთაბეჭდილებას ქმნის და მწვანე წიწვებზე დალაგებული ძალიან უხდება საახალწლო სუფრას.
მოგეხსენებათ, ახლა მოდაშია ხელსახოცების რგოლებში მოთავსება, გასწავლით, როგორ გააკეთოთ ლამაზი რგოლები სახლის პირობებში. ფოლგის ქაღალდი ალბათ ბევრს აქვს სახლში, მუყაოს მილი, რაზეც ეს ქაღალდია დახვეული, გამოგადგებათ რგოლების გასაკეთებლად. პირველ რიგში ის უნდა დაჭრათ სასურველ ზომაზე, შემდეგ კი სურვილისა და გემოვნების მიხედვით, მასზე დააწებეთ პატარა ფიფქები, მძივები, ლენტები და მიიღებთ ძალიან ლამაზ, ორიგინალურ ხელსახოცის რგოლებს.
საახალწლო სუფრას დაამშვენებს დაცვარულ-დაფიფქული ჭიქები. ამისათვის შამპანურის ჭიქების პირები ამოავლოთ სიროფსა და შაქარში იმავე პრინციპით, როგორც ხილი და მივიღებთ დაცვარულ ფუჟერებს, შამპანურის დალევისას ეს სიტკბოც მიჰყვება არომატად და სილამაზესთან ერთად გემრიელიცაა. ვისაც ტკბილი არ უყვარს, მას შეუძლია ჯერ ლიმონის წვენში ამოავლოს ჭიქა და შემდეგ შაქრის ნაცვლად მარილში ამოსვაროს, მაგრამ ეს უფრო არაყს უხდება.
სანთლები დიდი შანდლებით ყველა სუფრას ამშვენებს, მაგრამ პატარა ტივტივა სანთლებითაც შესაძლებელია ეფექტის მოხდენა, თუ მათ შამპანურის, ან მარტინის ჭიქებში ჩააწყობთ და ერთმანეთის გასწვრივ სიგრძეზე დაამწკრივებთ. ნაძვის ხის გვერდით შეგიძლიათ, დეკორატიულობისთვის ლამაზად გააწყოთ ტკბილი სუფრა, რომლის გადასაფარებელსაც სხვადასხვა ხერხით უსწორმასწოროდ დადებთ, ამობურცავთ, ზემოდან მიმოფანტავთ ნაძვის წიწვებს, დააწყობთ საახალწლო მძივებს, ან ნაძვის ხის სათამაშოებს და გვერდით მიუდგამთ ზემოხსენებულ "დათოვლილ" ხილს.
ახლა კერძების გასაფორმებლად რადმენიმე რჩევას მოგცემთ. ყველას არ შეუძლია ბოსტნეულისგან თუ სხვა პროდუქტისგან აკეთოს ჩიტები, პეპლები, მაგრამ ყვავილების ამოჭრა და კერძების გაფორმება, რთული სულაც არაა. მოხარშული კვერცხისგან შეიძლება გაკეთდეს თაგვები და ეს ძალიან მარტივია, აგიხსნით, როგორ. მოხარშული კვერცხი სიგრძეზე გადაჭერით ისე, რომ ერთი მხარე მეორეზე შედარებით დიდი იყოს, კვერცხის გულის მხარე დადეთ თეფშზე, პატარა ბოლოკისგან (ან სტაფილოსგან) გამოჭერით მრგვალი ფირფიტები და როგორც ყურები, ისე ჩაარჭვეთ კვერცხში, ზეთისხილით გაუკეთეთ თვალები, მწვანილით - კუდი, ამ ფორმის კვერცხს ის ბავშვიც შეჭამს, ვისაც საერთოდ არ უყვარს ეს პროდუქტი, სუფრას ან თუნდაც კერძს კი ხიბლს შესძენს.
ვისაც არ უყვარს ან საშუალება არ აქვს, შეიძინოს გოჭი, გასწავლით მარტივად და შედარებით იაფად როგორ გააკეთოთ ის "ხალადეცისგან" (ლაბასხმულასგან). პლასტმასის 2 ან 2,5-ლიტრიან ბოთლში ჩაასხით ცხელი "ხალადეცი" და შედგით მაცივარში, გაყინვის შემდეგ ბოთლი გაჭერით ისე, რომ "ხალადეცი" არ დააზიანოთ და მოათავსეთ სალათის ფურცლებით, ან მწვანილით გაფორმებულ თეფშზე. ბოთლის ვიწრო ყელი, "ხალადეცს" "დრუნჩის" ფორმას აძლევს, რომელიც დანით პირის ფორმაზე უნდა ჩავჭრათ, დინგის ადგილას ვუტენით ზეთისხილს, ყურების ნაცვლად ვუკეთებთ ბოლოკს, კუდის ნაცვლად კი - მწვანილს. თუ დიასახლისს ეხერხება ბოსტნეულისგან მარტივი ყვავილების გამოჭრა, ზეთისხილთან და ყურძენთან ერთად ამ ყვავილებით გაფორმება კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის "გოჭს".
ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია, ვისაც სიამოვნებს სამზარულოში ტრიალი, მსგავსი ორიგინალური იდეების ხორცშესხმა არ გაუჭირდება.
ციცი ომანიძე