უთოობა, რა თქმა უნდა, ის რუტინაა, რომელიც ბევრ ჩვენგანს არ მოსწონს. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც შეგიძლიათ შეინახოთ და გარეცხოთ სამოსი ისე, რომ მას დაუთოება არ დასჭირდეს. ვნახოთ, რაზეა საუბარი.
ტანსაცმლის რეცხვისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ის, რომ სარეცხის მანქანაში უხეშად ვტენით, რითაც არა მხოლოდ დოლურაზე ვახდენთ ზედმეტ ზეწოლას, არამედ ტანსაცმელიც დეფორმირდება. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზედმეტად დაკუჭული ტანსაცმელი, ეცადეთ სარეცხ მანქანაში თანდათან შეაწყოთ და დაახარისხოთ - მაისურები, შარვლები, სვიტერები და საცვლები და ა.შ. ტანსაცმელი არ დაიკუჭება და ახალივით იქნება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნივთები სარეცხის მანქანიდან რეცხვის დასრულებისთანავე გამოიღოთ, მანქანაში დიდხანს გაჩერება აუცილებლად დააზიანებს თქვენს სამოსს.
სწორად გაშრობა ნამდვილად არის იმის გარანტია, რომ თქვენი ნივთები რეცხვის შემდეგ ვიზუალურად არ შეიცვლება. სარეცხი მანქანიდან გამოღების შემდეგ კარგად გაასწორეთ ნივთი, სანამ დაკიდებთ საშრობზე ან თოკზე. ასევე ღირს საკიდების არჩევა ქსოვილის ტიპის გათვალისწინებით. ეცადეთ, რომ დაკიდების დროსაც ნივთებს ნაზად მოექცეთ და შესაბამისი ზომის და ფორმის საკიდი შეურჩიოთ.
თუ ავტომატურ საშრობს იყენებთ, ციკლის დაწყებამდე სცადეთ რამდენიმე ყინულის კუბიკის დამატება დოლურაში. პროცესის დროს ის დნობას დაიწყებს და, შესაბამისად, ტენის აორთქლებას გამოიწვევს, რითაც ხელს შეუწყობს ნაკეცების გასწორებას. ყინულის კუბურები ასევე დაგეხმარებათ გასაშრობი ნივთების ფორმისა და მთლიანობის შენარჩუნებაში, ეს შესანიშნავი გზაა თქვენი ნივთების ეფექტურად გაშრობის უზრუნველსაყოფად.
თუ გსურთ, რომ თქვენი ტანსაცმელი რეცხვის შემდეგ იყოს არა მხოლოდ სურნელოვანი და რბილი, არამედ დაუკუჭავიც, კონდიციონერი გამოიყენეთ.
მშრალი ტანსაცმლის დამუშავება შესაძლებელია სპეციალური პროდუქტით, სახელწოდებით "თხევადი უთო". ეს სპრეი იყიდება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ეს საშუალება თავად. საკმარისია ერთი ჩაის კოვზი კონდიციონერი, ორი ჩაის კოვზი ძმარი და 300 მილილიტრი წყალი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, ჩაასხით სპრეის ბოთლში, გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, დაკიდეთ ნივთი საკიდებზე, შეასხურეთ სითხე და აცადეთ მთლიანად გაშრობა.
და ბოლოს, ნუ დაკეცავთ ნივთებს, გამოიყენეთ საკიდები და სამაგრები. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ნაკეცები, ასევე შეგიძლიათ ზოგიერთი ნივთი როლად გადაახვიოთ, ეს მეთოდი შესაფერისია როგორც შალის ნივთებისთვის, ასევე ჯინსისთვის.