როგორ დავაწებოთ ამძვრალი შპალერი


რა შეიძლება დაგვჭირდეს?


ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ადგილას და რა ფართობზე არის ამძვრალი შპალერი. პირველი, რაც დაგჭირდებათ, არის შესაფერისი ფორმის ფუნჯი და ხარისხიანი წებო. არავინ არ კრძალავს ფქვილისგან მომზადებული მასის, წებოს გამოყენებას, მაგრამ, დაგვიჯერეთ, უმჯობესია, ცოტა მეტი გადაიხადოთ და ხარისხიანი წებო იყიდოთ სპეციალურად შპალერისთვის შექმნილი, მით უმეტეს, რომ სამშენებლო მასალების მაღაზიებში მისი არჩევანი დიდია.

როგორ დავაწებოთ?



თუ შპალერი აძვრა იატაკიდან ან ჭერიდან, ამძვრალ ტერიტორიას საგულდაგულოდ ვუსვამთ წებოს, ვაჩერებთ ხუთი წუთით და შემდეგ ფრთხილად, ნაზად ვაწებებთ, ზემოდან ნაზად ვუსვამთ მშრალ
ტილოს, ნაწიბურებიდან გამოსულ წებოს კი ფრთხილად ვწმენდთ მშრალი ღრუბლით.

ხშირად ხდება ისე, რომ შპალერს შინაური ცხოველი, ყველაზე ხშირად - კატა აზიანებს. დაზიანებული შპალერის აღდგენა მხოლოდ გაფუჭებული ფრაგმენტის მოშორებით არის შესაძლებელი, რომელიც ძალიან ფრთხილად უნდა ააძროთ საკანცელარიო დანით. ამის შემდეგ ანალოგიურ ფრაგმენტს ვამზადებთ სათადარიგო შპალერისგან, სწორედ ეს წარმოადგენს ამ შემთხვევაში მთავარ პრობლემას. კედელი უნდა გასუფთავდეს ძველი ნარჩენებისგან და მხოლოდ ამის შემდეგ დაწებდეს ახალი ფრაგმენტი ძალიან ფრთხილად.

როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ შპალერი ამოიბურცა? გვინდა დაგამშვიდოთ, რომ ეს არ არის სერიოზული პრობლემა. აიღეთ სამედიცინო შპრიცი და ძალია ნაზად გახვრიტეთ შპალერი. შპრიცი სავსე უნდა იყოს სპეციალური წებოთი, რომელსაც ძალიან ნელა შეუშვებთ კედელსა და შპალერს შორის. ამის შემდეგ ელოდებით 7-12 წუთს და ასწორებთ ფრთხილად მშრალი ღრუბლით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები