თბოიზოლაცია თანამედროვე სამყაროში შენობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია, რადგან იგი ენერგიის დაზოგვას უზრუნველყოფს, ამავე დროს ენერგოეფექტური შენობები ეკოლოგიურობის, სიჯანსაღის გარანტია. არქიტექტორ დავით ხურცილავას ეკოინოვაციების სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. რა უპირატესობა აქვს ენერგოეფექტურ სახლს, რა თანხებთანაა დაკავშირებული მისი მშენებლობა, რა მეთოდებით შენდება ამ ტიპის შენობები - სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ბატონ დავითს.
- ჩვენი საქმიანობა მოიცავს რამდენიმე სეგმენტს და მიმართულებას. ეს არის არქიტექტურა, ლანდშაფტის არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი. მოთხოვნის მიხედვით ხდება მშენებლობის უზრუნველყოფა, რემონტის ჩატარება და ა.შ.
2005 წლიდან ვხელმძღვანელობ
არქიტექტურის კუთხითაც ბევრი გვიმუშავია. საკმაო გამოცდილება დავაგროვეთ ინტერიერში. აქ გარკვეულწილად დამკვეთზე ხარ დამოკიდებული - მისი მსოფლმხედველობა იქნება თუ შემეცნება, როგორ ხედავს ამა თუ იმ ინტერიერს.
- ენერგოეფექტურ სახლებზე გვესაუბრეთ. რითი განსხვავდება იგი ტრადიციული სახლებისგან?
- უმრავლესობამ იცის კონვენციური მშენებლობა, რომელიც ტრადიციულ მეთოდებზეა დამყარებული. ვიცით რკინა-ბეტონი, მოსაპირკეთებელი და შემავსებელი მასალები, საზოგადოებაში დამკვიდრებული კონკრეტული მიმართულებები, მაგალითად, კედლები აუცილებლად უნდა იყოს მდგრადი, შენობა - მყარი და ა.შ. თუმცა, ამ სტერეოტიპების დამსხვრევა გვიწევს. პირადად ჩემთვის აშენებული მაქვს ენერგოეფექტური სახლი. უკვე გარემო პირობებიც კი მოითხოვს იმას, რომ ენერგოეფექტური და ეკოსახლის პრინციპებზე დამყარებული მშენებლობა და არქიტექტურა განხორციელდეს. მნიშვნელოვანწილად ყურადღება ექცევა არატოქსიკურობას, გარე ზემოქმედების კუთხით ზრუნვას და ა.შ. საბოლოო ჯამში ამ ყველა ფაქტორს მივყავართ იქამდე, რომ მშენებლობა განხორციელდეს მაქსიმალურად ხარისხიანად, გამოვიყენოთ მაღალი ხარისხის მასალები და შესაბამისად მივიღოთ ასევე მაღალი ხარისხის პროდუქტი.
ბოლო წლებია გადასული ვარ ამ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, რათა ჯანსაღ გარემოში ვიცხოვროთ. ეს თემა კარგად მაქვს შესწავლილი, ვგულისხმობ მაღალი ხარისხის, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია აპრობირებულია და ჩვენ ახლა ვიდგამთ ფეხს.
- როგორ შენდება ასეთი ტიპის სახლი?
- ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ არქიტექტურის კუთხით თბოდანაკარგები დავითვალოთ და ამაზე ვიზრუნოთ. შენობის თბოდანაკარგი ნიშნავს, რომ გავთვალოთ ის მასალა, რომლითაც ავაშენებთ შენობას და ამ მასალის გამოყენებით მაქსიმალურად შევამციროთ შიგნით გაგრილებისა და სითბოს დანაკარგი. მაგალითად, თუ ზაფხულში გარეთ გაუსაძლისი სიცხეა, გაგრილებული ჰაერი, რომელშიც ენერგიას ვხარჯავთ, ანუ დენს ვიყენებთ, მაქსიმალურად ნაკლებად უნდა გავიდეს გარეთ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს გაგრილებული გარემო სახლში. იგივენაირად მოქმედებს ზამთარში - კედელი ისე იქნება აშენებული, რომ სითბო ნაკლებად დაიკარგება. აქ გასათვალისწინებელია მთელი რიგი ტექნოლოგიები, რასაც ვიყენებთ გარე ფასადის ასაშენებლად. ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ხე, ზოგ შემთხვევაში - დამათბუნებელი მასალა. კონკრეტული მასალების გამოყენებით მივიღებთ ენერგოეფექტურ სახლს. რკინა-ბეტონის შენობა არ გულისხმობს, რომ თბოეფექტურ სახლს ვერ მივიღებთ, მაგრამ აქ მთელი რიგი სამუშაოებია ჩასატარებელი რკინა-ბეტონის შესაფუთად, რომ რაღაც შედეგს მიაღწიო. სხვა მიმართულების მშენებლობებში უკვე არსებობს ისეთი მდგრადი მასალები, რომლებიც თავად თბოიზოლატორია და შესაბამისად ისე შეიძლება კედლის წყობა დაგეგმო, რომ უკვე გათვალისწინებული გქონდეს ეს დეტალები. ნებისმიერი სახლის გაკეთება შეიძლება ისე, რომ მივიღოთ თბოელექტრო სახლი, მაგრამ ეკო-სახლი უკვე სხვა თემაა.
- რა იგულისხმება ეკოსახლში?
- ეკოსახლში ეკოლოგიურად სუფთა მასალები და ბუნებრივი რესურსები უნდა გამოვიყენოთ. ეს გულისხმობს მშენებლობაში საინჟინრო კუთხით ჩართვას, ანუ ჩვენ არქიტექტურა მოვაწყვეთ ამ მასალებითა და მეთოდოლოგიებით, მაგრამ საინჟინრო ნაწილის გარეშე ცოტა გაძნელდება ეკოსახლის მიღება. აქ იგულისხმება გათბობის და ელექტროენერგიის კუთხით მზის ენერგიის გამოყენება, ასევე - მიწის ენერგიის, რადგან მიწაშიც გვაქვს კონკრეტული მუდმივი გრადუსი, კონკრეტულ სიღრმეზე და მისი გამოყენება გაგრილების თუ გათბობის შემთხვევაში შესაძლებელია. აქ არქიტექტურა შემოქმედებით მიდგომებზეა დამყარებული, ინჟინერიც შემოქმედებითად უდგება ყველა საკითხს. შესაბამისად, ამა თუ იმ მოცემულობაში წყვეტს თბომომარაგების საკითხებს. ეკომიმართულება და ენერგოეფექტური სახლის საინჟინრო გადაწყვეტილება შემდეგში შეღავათიან კომუნალურ გადასახადებს გვაძლევს. პირობითად, თუ ჩვენ 40-50%-იან შეღავათზე ავედით, უკვე დიდი შედეგია. ეს დამკვეთისთვის იდეალური შეთავაზებაა და თვალიც არ უნდა დაახამხამოს, ისე უნდა გამოგვყვეს.
- რაიმე უარყოფითი მხარე თუ გააჩნია ენერგოეფექტურ სახლებს?
- არანაირი უარყოფითი მხარე არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, ხე როგორი ჯანმრთელი მასალაა, იმდენად ჯანმრთელია, რომ ზოგს სურვილი უჩნდება, ინტერიერის დეკორშიც გამოიყენოს ხის დეტალები. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია შინაარსი, ვიდრე ვიზუალი. ვიზუალს მორგებული შინაარსი ხომ საერთოდ საუკეთესო ვარიანტია.
- დღესდღეობით ეკოსახლებზე როგორი მოთხოვნაა?
- დაინტერესება დიდია, თუმცა გადაწყვეტილებას მარტივად ვერ იღებენ. დამკვეთს, რომელიც კარგად არ არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, ცოტა უჭირს გადაწყვეტილების მიღება.
- მატერიალური მხარეც ხომ არ თამაშობს გარკვეულ როლს? რა თანხებთანაა დაკავშირებული ასეთი ტიპის შენობების აგება?
- თუ მთლიან პაკეტზე ვისაუბრებთ, საინჟინრო კუთხითაც და ბუნებრივი რესურსების გამოყენების კუთხითაც, შეიძლება ტრადიციულ მშენებლობასთან განსხვავება სულ 5-10%-ით გვქონდეს. საბოლოო ჯამში ეს ის 5-10%-ია, რაც შემდეგ დაგიზოგავთ კომუნალურ გადასახადებს. გექნებათ უფასო დენი, გათბობა. თუ ამას გრძელვადიანად შევხედავთ, სამომავლოდ, ბევრ სიკეთეს მოგვიტანს.
მერი ბლიაძე
კომენტარები