"სამზარეულო ყველაზე საშიში ადგილია ჩვენს სახლებში" - ქართველი ინჟინერ-აკადემიკოსის გაფრთხილება

შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად გარემონტებულ სახლში თავს კომფორტულად გრძნობდეს, მაგრამ ნელ-ნელა იწამლებოდეს აზბესტის შემცველი, კარცეროგენური მასალებით, რადიოაქტიური საღებავებით ან თუნდაც ლამინირებული ავეჯით. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, პეციალისტები განმარტავენ, მომწამვლელია საღებავები, მეტალოპლასტმასი, ლამინატი და ბეტონიც კი, რომელსაც მოქალაქეები ბინების გარემონტების ან კეთილმოწყობისას იყენებენ.

ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი უწყება, რომელიც ასეთი მასალების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი. საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს რამაზ გახოკიძეს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საშიშროებად აირი რადონი მიაჩნია
იგი უსუნო და უფერო აირია, რომელსაც ვერ იგრძნობ, მაგრამ სერიოზულ დაავადებებს
იწვევს, მათ შორის, კიბოს.

რადონი მიწის ქვეშ გროვდება და ვენტილაციის სისტემის გავლით სარდაფებიდან და წყლიდან ხვდება სახლებში.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ჩვენს სახლებში განსაკუთრებით სამზარეულოა რადიაციულად ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი, თავისებური გაზის კამერა რადონის არსებობის გამო. იგი არა მარტო იჭრება ჩვენს ბინაში, არამედ გროვდება კიდეც იქ. რამაზ გახოკიძის შეფასებით, ჩვენ რადიოაქტიურ აირს მთელი სიცოცხლე ვსუნთქავთ. არადა, რადონის შემდგომი დაშლით წარმოიქმნება პოლონიუმის, ბისმუტისა და ტყვიის რადიოაქტიური იზოტოპები, რომელთა გამოყვანა ორგანიზმიდან ძალიან ძნელია.

"რადონი ძლიერი კანცეროგენია. იგი იწვევს ავთვისებიან სიმსივნეებს (პირველ რიგში, ფილტვის კიბოს). შენობებში რადონის შემცველობა დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე გარეთ. მაღალსართულიან სახლებში მისი შემცველობა 3-4-ჯერ მძიმეა. რადონს ბინებში შეღწევა შეუძლია ზოგიერთი სამშენებლო მასალიდან (გრანიტი, ტუფი, პემზა). ბეტონის რადოაქტიურობა რადონის შემცველობის გამო ხე-ტყესთან შედარებით 30-50-ჯერ მეტია.



მომწამვლელი აირი განსაკუთრებით გროვდება სამზარეულოში, სადაც სისტემატურად ანთია გაზქურა. რადონის დაგროვების წყაროა წყალიც, რომელშიც იგი კარგად იხსნება. ამ მიზეზის გამო სააბაზანო ოთახში რადონის შემცველობა 40-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოთახებში. დედამიწის მოსახლეობის 10% სვამს რადონის მაღალი შემცველობის წყალს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მეცნიერმა.

გარდა ამისა, როგორც რამაზ გახოკიძე განმარტავს, სამზარეულოში კერძების შეწვისას გროვდება ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები: ფორმალდეჰიდი, აკროლეინი, აკრილამიდი, ამიაკი, ამინები, პოლიციკლური არომატული ნივთიერებები. მათი უმრავლესობა მცირე აქროლადობის გამო ილექება ქურის სიახლოვეს. ყველა მათგანი დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას: ფორმალდეჰიდი იწვევს თავის ტკივილს, თვალის გარსის გაღიზიანებას, ყურადღების მოდუნებას, ალერგიულ რეაქციას, ეგზემის პროვოცირებას, სასუნთქი გზების, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სისხლმბადი სისტემის, ღვიძლის, ელენთის, თირკმლების დაზიანებას და მძიმე შემთხვევებში ავთვისებიან სიმსივნესა და მემკვიდრულ მუტაციას.

ფორმალდეჰიდს შეიცავს მელამინის პლასტმასაც, რომლისგან დამზადებული ჭურჭელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან გამოირჩევა სითბოსადმი მდგრადობით და სიმტკიცით, ძლიერი დარტყმებითაც კი არ იმსხვრევა. მელამინის ჭურჭელი ძირითადად ჩინური წარმოებისაა. აღმოჩნდა, რომ ასეთ ჭურჭელში მოთავსებული საკვები შხამიანი ხდება - სითხეებთან შეხებით (განსაკუთრებით ცხელ მდგომარეობაში) აქტიურად გამოიყოფა ფორმალდეჰიდი. დამატებითი საშიშროებაა ჭურჭლის მოხატულობა, რადგან გამოყენებულია მძიმე ლითონების (ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი) მაღალი შემცველობის საღებავები.



"გაზის წვისას გამოიყოფა ნახშირორჟანგი და სხვა მავნე ნივთიერებები. ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდა სამზარეულოში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას", - ამბობს გახოკიძე და დასძენს, რომ საზღვარგარეთ, აშშ-სა და ევროპაში, სისტემატურად მიმდინარეობს კვლევა სამშენებლო მასალებთან დაკავშირებით.

"რამდენი რადონია ჩვენს სახლში, რა თქმა უნდა, არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რამდენია ამერიკელისა თუ შვეიცარიელის სახლში! ასეთი მონაცემები შეგიძლიათ ამერიკულ გამოცემებში ნახოთ. რადონის შემცველი სახლები აშშ-ში ფასდაკლებით იყიდება. ამ მხრივ ქართულ ბაზარზე სრული ქაოსია, რადგან ასეთი პროდუქცია არ მოწმდება. ამ დროს სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ სამშენებლო მასალებითა და სამზარეულოს ნივთებით, რომელთა უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ადამიანი ცხოვრების საკმაო ნაწილს სამზარეულოში ატარებს, რომელიც მავნე ფაქტორების ზემოქმედების ერთობლიობით მავნე წარმოებას შეიძლება შევადაროთ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ სამზარეულო ყველაზე საშიში ადგილია სახლში და ამ შემთხვევაში ხარისხს ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" რამაზ გახოკიძემ.

მომწამვლელი მასალები, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ძირითადად თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის. მას მოჰყვება ეტიკეტები, რომლებიც ხშირად ისეთ ენაზეა შედგენილი, რომ მომხმარებელი ვერ იღებს ელემენტარულ ინფორმაციას პროდუქციის თაობაზე.
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები