დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი არასტაბილურია, მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია და არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა.
„არაერთი სამოქალაქო აქტივობის შემდეგ, როცა ყველა ვთანხმდებით, რომ იქ მშენებლობები საშიშია, დეველოპერების მიერ შეტანილია მოთხოვნები, რომ გაიცეს სამშენებლო ნებართვები. ეს იქნება კატასტროფა ხეობისთვის. ამ დატვირთვას ხეობა ვერ გაუძლებს, არ შეიძლება იქ მშენებლობა. სამწუხაროდ, მოსახლეობასაც, გადაწყვეტილების მიმღებსაც და საზოგადოებასაც მახსოვრობის პრობლემა აქვს.
თეა გოდოლაძემ კვლევის ფარგლებში გაკეთებულ მოდელირებულ ვიდეოგამოსახულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მდინარის ჭალაში სამშენებლო პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, წყალმოვარდნის განმეორების დროს უარესი შედეგი იქნება, ვიდრე 2 წლის წინ იყო (იხილეთ მოდელირებული ვიდეო სტატიის ბოლოს).
ჟვანიას ქუჩაზე წყალმოვარდნის მოდელირების სცენარის მიხედვით: „კოლექტორიდან 1 კილომეტრში ჩამოწოლილმა მეწყრულმა მასალამ კოლექტორის შეგუბება დაიწყო 6 წუთსა და 40 წამში. შეგუბებიდან დაახლოებით 5 წუთში კოლექტორის მიდამოები გაავსო და წყალმა დაიწყო გადმოსვლა. მეწყრის ჩამოწოლიდან არაუგვიანეს 15 წუთში, (დაახლოებით 12-13 წუთში), პირველივე კორპუსებთან სტიქიამ დამანგრეველი სახე მიიღო, რადგან კორპუსების ეზოებში დაფიქსირდა რამდენიმე მ/წმ სიჩქარით მოძრავი დაახლოებით 0.5 მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადი. სტიქიის დაწყებიდან 21 წუთზე ცოტა მეტ დროში წყალმოვარდნის ტალღამ ჭავჭავაძის ქუჩამდე მიაღწია. 24 წუთში ვერეს ხეობის გზის მონაკვეთი დატბორა და რამდენიმე წამში გმირთა მოედნამდეც ჩავიდა. წყალმოვარდნის ტალღას დასჭირდა დაახლოებით 30 წუთი, რათა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან) მტკვარს შეერთებოდა“.
თეა გოდოლაძის რეკომენდაციაა, გამკაცრდეს რეგულაციები გეოტექნიკურ კვლევებთან დაკავშირებით.
„გამოსავალი არის რეგულაციებში. გეოტექნიკური კვლევების ავტორებს უნდა გააჩნდეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აწერენ ხელს. უნდა მიმდინარეობდეს მათი საქმიანობის ლიცენზირება საერთაშორისო მექანიზმებით იმიტომ, რომ ნეპოტიზმს აქვს ადგილი ამ სფეროში, რადგან ყველა ყველას იცნობს. ერთმანეთის ხათრით არ საუბრობენ მოსალოდნელ პრობლემებზე. ის იმის მეგობარია, ის იმის ახლობელია და ერთმანეთს უმაგრებენ მხარს. ხმას არავინ არ იღებს და ყველა ყველაფერს აწერს ხელს. ასე არ შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანს ასე გაგრძელება“, - განაცხადა გოდოლაძემ.
თეა გოდოლაძის განცხადებით, ვერეს ხეობასა და ვარაზისხევში არსებულ არამდგრად ნიადაგს საფრთხე შეიძლება შეუქმნას წყალმოვარდნებმა და მიწისძვრამ. მისი თქმით, ამის მაგალითია 2 დღის წინ აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები, რის შედეგადაც სახალხო დამცველის ოფისი დაზიანდა. მისივე თქმით, თუ თბილისის ეპიცენტრში 4.5 ბალით განმეორდება მიწისძვრა, აღნიშნულ პერიმეტრზე ბევრი შენობა და მათ შორის, ომბუდსმენის შენობა სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს.
იხილეთ ვიდეო