როდის აღდგება ავტომობილების მიმოსვლა რიკოთზე - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტება


რამდენიმე დღის წინ მეწყერის გამო, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, რამაც საზოგადოებას ძალიან დიდი დისკომფორტი შეუქმნა, ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან, იქმნება საცობები და პერიოდულად, მოძრაობა გართულებულია. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტ ადამიანს აინტერესებს, როდის აღდგება რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მოძრაობა და რა მდგომარეობაა ახლა. ამასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა "იმედის დღის" ეთერში ისაუბრა:

- რიკოთის უღელტეხილი ამ ეტაპზე კვლავ დაკეტილია. 22 მარტს განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოგვცა იმის წინაპირობა, რომ რიკოთის მონაკვეთზე
მოძრაობა დაგვეკეტა. თოვლის დნობის შედეგად, უღელტეხილზე, როდესაც გვირაბს გავდივართ, პირველივე მონაკვეთში აღმოჩნდა ბზარები, რომლებიც იზრდებოდა და მოძრაობდა. ბზარები დიდი სისწრაფით იზრდებოდა და ამ ყველაფერს კლიმატური პირობებიც ხელს უწყობდა. ამიტომ, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, 30 მარტს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა დაგვეკეტა, ვინაიდან მეწყრული პროცესების განვითარების საშიშროება არსებობდა. ამ ეტაპზე გეოლოგიური, გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევები მიმდინარეობს, რომლის დასკვნის საფუძველზე კვირის ბოლოს უკვე პირველადი მონაცემები და შედეგები გვექნება. დასკვნის საფუძველზე შეგვეძლება, საფრთხის დონეებზე ვიმსჯელოთ და რიკოთის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გახსნასთან დაკავშირებით ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

გიორგი წერეთელმა გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი მოცემულ მონაკვეთზე გზის მშენებლობას არ უკავშირდება და მეწყერის გააქტიურებამ გამოიწვია.

მისივე განცხადებით, მოსახლეობას კვირის ბოლოს უკვე ეცოდინება, აღდგება თუ არა რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტომობილების გადაადგილების შესაძლებლობა.  იხილეთ ვიდეო

გარდა ამისა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადებაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო კოლაფსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა:

"მოსახლეობას თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას რიკოთზე შექმნილი ვითარების შესახებ და კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან, არსებულ და არა ახალ აშენებულ გზასთან 200 მეტრის სიახლოვეს, მთის ფერდზე, განვითარდა ახალი მეწყრული პროცესი. ამ პროცესის ნიშნები პირველად გამოვლინდა წელს, თოვლის დნობის შემდეგ. მონიტორინგის შედეგად, ახლად აღმოჩენილი ნაპრალების გაგანიერების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მეწყერი განვითარებული არ არის და გზა თავისუფალია, სპეციალისტების რეკომენდაციით, ნებისმიერი შესაძლო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა. მეწყრული პროცესის შესასწავლად და გზის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დაიწყო აქტიური კვლევითი სამუშაოები.

ტყუილი და ცილისწამებაა ისიც, თითქოს რიკოთის მონაკვეთის დაკეტვის გამო, შექმნილია საავტომობილო კოლაფსი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მარტის 00:00 საათიდან გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან საავტომობილო გზაზე, რომელსაც გააჩნია თავისი გამჭოლი განტვირთვის ღერძები: რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით - გომი-საჩხერე-შქმერი-ზუდალი-ონი-ამბროლაური, იმერეთის მიმართულებით - გომი-საჩხერე-ჭიათურა-კაცხი-ქვაციხე-თუზი-საზანო-ალისუბანი-რუფოთი-თერჯოლა-ჩქაროსნული მაგისტრალი და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონი-ჩქაროსნული მაგისტრალი. 109 კმ-დან 103 კმ-ზე გზა ასფალტირებულია, ხოლო 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამასთან, სატვირთო ავტოტრანსპორტის მიმოსვლა აღდგა 31 მარტის შუადღიდან. ამჟამად, სატვირთო ავტოტრანსპორტი რიკოთის მონაკვეთზე, როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობს დადგენილი რეჟიმით - დღის საათებში, პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, მხოლოდ ერთი მიმართულებით და ე.წ. რევერსულად. ამასთან, მუდმივად წარმოებს დაკვირვება მეწყრულ უბანზე. შესაბამისად, ამ პირობებში რაიმე ეკონომიკურ კოლაფსზე საუბარი არის სრულიად გადაჭარბებული.“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები