ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ნაკლები ენერგიის მოხმარებას გულისხმობს და როგორც წესი, მცირე ხარჯით მეტ კომფორტსა და პროდუქტიულობას განაპირობებს. ენერგოეფექტური მოწყობილობები არა მარტო ეკონომიურია, ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია. ნაკლები ხარჯები, ნაკლები ზემოქმედება გარემოზე და რესურსების დაზოგვა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც ენერგოეფექტურობას ახლავს.
სახლის პირობებში ენერგოეფექტურობის გასაზრდელად არაერთი ხერხი არსებობს. ზოგიერთი მათგანი, ჯობს, სახლის რეკონსტრუქციის ეტაპზევე გავითვალისწინოთ. თუმცა, ასევე, გიზიარებთ რამდენიმე მარტივ ხრიკს, რომლებიც დამატებითი ფინანსური ინვესტიციის გარეშე, ენერგიაზე დახარჯულ თანხას შეგიმცირებთ.
თერმოიზოლაცია
სახლის კარგად დათბუნება საშუალებას გაძლევთ, გათბობა-გაგრილებაზე ნაკლები ენერგია დახარჯოთ. თუკი
ენერგოეფექტური ფანჯრები
ჯობს, ძველი მინის ფანჯრები მრავალფენოვანი შემინვის მქონე ფანჯრებით შევცვალოთ. ისინი სითბოს გარეთ ნაკლებად უშვებენ და შესაბამისად, ეს ენერგიის დაზოგვაში დაგვეხმარება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, კარგად დავაკვირდით ფანჯრებსა და კარებს. თუკი დაზიანებულია, შესაძლებელია, ამის გამო სახლში ტემპერატურა შეიცვალოს. ამიტომ, უმჯობესია, თუ გამოვცვლით.
აღსანიშნავია, რომ მეტალოპლასტმასის ფანჯრების ზამთრის რეჟიმიდან ზაფხულზე, ან კიდევ პირიქით გადაყვანა შეგვიძლია, რაც ასევე ოთახში ტემპერატურის შენარჩუნებასა და ენერგიის დაზოგვაში დაგვეხმარება. გადადის თუ არა ფურნიტურა ერთი რეჟიმიდან მეორეზე, საკმარისია დავაკვირდეთ საკეტის მიმდებარე ადგილებს და ვნახოთ, არის თუ არა იქ ე.წ. ექსცენტრიკები. თუ მათზე დაინახავთ ოვალურ, ექვსკუთხა ან ფიგურული სახრახნისის ფორმის ხვრელს, დარწმუნებული იყავით, რომ ამგვარ მოწყობილობას ნამდვილად აქვს ზაფხულისა და ზამთრის რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა.
ფანჯრის რეჟიმის შესაცვლელად, უბრალოდ შესაბამისი ინსტრუმენტის საშუალებით შეაბრუნეთ ყველა ექსცენტრიკი საჭირო მიმართულებით.
გამათბობელი სისტემების მოდერნიზაცია
ენერგოეფექტური მაღალტექნოლოგიური გათბობის სისტემა ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, ყოველთვიურად ნაკლები ხარჯი გვექნება.
პირველ რიგში, უმჯობესია, ძველი, დაბალეფექტური გამათბობლების შეცვლა ახალი, მაღალეფექტური მოდელებით. ასევე, თერმოსტატებისა და გამათბობელი სისტემის კონტროლის განახლებაც, ნავთობზე ან შეშაზე მომუშავე სისტემების გაზზე, ელექტროენერგიაზე ან განახლებად წყაროებზე გადაყვანაც დაგვეხმარება.
განათების სისტემა და ენერგოეფექტური ნათურების გამოყენება
ჯობს, LED ნათურები გამოვიყენოთ, რომლებიც ენერგოეფექტური და საკმაოდ გამძლეა. LED ნათურები ტრადიციულ ნათურებთან შედარებით, ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ. ამიტომაც, შესაძლებლობის შემთხვევაში, უმჯობესია, ეკონომიური ნათურები სახლის ყველა წერტილში გამოვიყენოთ და ჩავანაცვლოთ. ასევე, დღისით ხელოვნურ განათებაზე უარის თქმა კარგი გადაწყვეტილება იქნება. ნაცვლად ამისა, გადასწიეთ ფარდები და სახლში ბუნებრივი შუქი შემოუშვით.
ელექტრომოხმარების შემცირება
ჯობს, ენერგოეფექტური ტექნიკა და მოწყობილობები გამოვიყენოთ. ისინი ხარჯის შემცირებასა და ენერგიის დაზოგვაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ. აუცილებლად გამორთეთ მოწყობილობები, როცა არ იყენებთ. გამოაერთეთ დენის წყაროდან - წინააღმდეგ შემთხვევაში, რესურსი მაინც დაიხარჯება. ნუ მიიღებთ დიდი ხნის განმავლობაში შხაპს. ასევე, გამოიყენეთ შედარებით გრილი წყალი. ტექნიკის გამოყენების დროს, ნუ ჩართავთ ტანსაცმლის ან ჭურჭლის სარეცხის მანქანას, მხოლოდ რამდენიმე ნივთის გასარეცხად. დაელოდეთ, ვიდრე სრულად არ შეივსება.
თერმოსტატის გამოყენება
დაარეგულირეთ თერმოსტატი ოპტიმალურ ტემპერატურაზე. ზამთარში რამდენიმე გრადუსით დაბლა დასწიეთ, ხოლო ზაფხულში - მაღლა. ასევე დაარეგულირეთ ტემპერატურა ღამის საათებში და სახლში არყოფნის დროს.
ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა
თანამედროვე ტექნიკა გაცილებით ენერგოეფექტურია და ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამიტომაც, მაცივრის, სარეცხი მანქანისა თუ სხვა ტექნიკის შეძენისას, ეს საკითხიც გაითვალისწინეთ. თუკი ძველი მოწყობილობა გაქვთ, ყოველ 3 თვეში ერთხელ ფილტრის შეცვლა ჰაერის ნაკადის მარტივად მიწოდებას შეძლებს, გაზრდის მის ეფექტურობას და ამავდროულად, მოწყობილობაც უფრო დიდხანს იმუშავებს. შეიძინეთ ენერგოეფექტური კომპიუტერული მოწყობილობები. ელექტროენერგიის დაზოგვაში ესეც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.
ენერგოეფექტური ტექნიკის შერჩევისას, მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ენერგოეფექტურობის კლასს, რომელიც მოცემულია ენერგოეფექტურობის სერტიფიკატზე ან ეტიკეტზე. ეს კლასები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს მოწყობილობა სტანდარტული გამოყენებისას.
სენსორები და ტაიმერები
დააყენეთ განათების, კონდიციონირებისა და სხვა მოწყობილობების ავტომატურად ჩართვა-გამორთვის სენსორებიანი ტაიმერები, რომლებიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რომ ელექტროენერგია თუ სხვა რესურსი არამიზნობრივად და დიდხანს არ გქონდეთ ჩართული.
ენერგოეფექტურობა როგორც ადამიანზე, ასევე გარემოზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. საილუსტრაციოდ კი რამდენიმე მაგალითს გაგაცნობთ.
სარგებელი ადამიანისათვის:
1. ნაკლები ხარჯები - ენერგოეფექტურობა ენერგიის მოხმარებას ამცირებს, შესაბამისად, გათბობა-გაგრილებაზე, განათებასა და სხვა მომსახურებაზე ნაკლები ხარჯის გაწევა გიწევთ.
2. მეტი კომფორტი - თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიები უფრო მეტ კომფორტსა და კეთილდღეობას უზრუნველყოფენ. იღებთ უკეთეს განათებას, სტაბილურ ტემპერატურას და ბევრად უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულებულ საყოფაცხოვრებო საქმეებს.
სარგებელი ბუნებრივი გარემოსთვის:
1. ნაკლები ზემოქმედება გარემოზე - ენერგოეფექტურობა სათბურის აირებისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოყოფას ამცირებს, რაც გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების შენელებას ხელს უწყობს.
2. რესურსების დაზოგვა - ენერგოეფექტურობა ნაკლები რესურსების - წიაღისეულის, წყლის და სხვა ენერგიის გამოყენებას გულისხმობს. შესაბამისად, რესურსების დაზოგვაც და რაციონალურად გამოყენება დადებით შედეგს იძლევა.
3. ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა - ნაკლები რესურსების მოპოვება ტყის, წყლის რესურსის, ფლორისა და ფაუნის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
R