პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ შეგვიძლია, სახლში ენერგოეფექტური ტექნიკით ენერგიის მოხმარება შევამციროთ და ხარჯები დავზოგოთ

ენერგოეფექტური ტექნიკა ისეთი მოწყობილობები და აპარატებია, რომლებიც იმავე საქმის შესასრულებლად, რაშიც სტანდარტული ტექნიკა გვეხმარება, ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. გარდა იმისა, რომ ენერგოეფექტური მოწყობილობები ენერგიას ოპტიმალურად იყენებენ, დანაკარგებს ამცირებენ და ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებენ. ეს შედეგი კი თანამედროვე დიზაინით, უფრო ეფექტური კომპონენტებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით მიიღწევა.
ენერგოეფექტური ტექნიკის შეძენას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს
პირველ რიგში, ენერგოეფექტური მოწყობილობები ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებაში დაგვეხმარება.
იმის გამო, რომ ენერგოეფექტური ტექნიკა ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ნაკლებია გარემოზე ზემოქმედების მასშტაბიც. გარდა ამისა, ენერგოეფექტური მოწყობილობები ხშირად
უფრო ხარისხიანია და ხანგრძლივ მუშაობაზეა გათვლილი, რაც მათი შეცვლის საჭიროებას ამცირებს.

ენერგოეფექტური ტექნიკის მაგალითებია:
• LED ნათურები;
• ენერგოეფექტური მაცივრები და საყინულეები, რომლებსაც კარგი იზოლაცია და ეკონომიური კომპრესორები აქვთ;
• ენერგოდამზოგი სარეცხი მანქანები და საშრობები;
• ენერგოეფექტური კონდიციონერები და გამათბობლები, რომლებიც უახლესი კომპრესორებითა და ეფექტური ვენტილატორებით არიან აღჭურვილნი;
• ენერგოდამზოგი კომპიუტერები და ტელევიზორები.

ენერგოეფექტური მოწყობილობები შეფასებულია ენერგო კლასის მიხედვით:

ენერგოეფექტური ტექნიკის შერჩევისას, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ენერგოეფექტურობის კლასს, რომელიც ენერგოეფექტურობის სერტიფიკატზე ან ეტიკეტზეა მოცემული. ეს კლასები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს მოწყობილობა სტანდარტული გამოყენებისას.
თანამედროვე ენერგოეფექტურობის სკალა გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და ენერგეტიკული რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო გაჩნდა. 1990-იანი წლებიდან, ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა ენერგოეფექტურობის სკალის შემუშავება დაიწყეს. ეს სკალები მოწყობილობის ენერგომოხმარების შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რითაც არჩევანის გაკეთება ბევრად უფრო ადვილია.
ევროკავშირში 2021 წლამდე, ძირითადად, A++++-დან D-მდე სკალა გამოიყენებოდა, თუმცა შემდეგ კიდევ უფრო მეტად ზუსტი გახდა.

ახალი სკალა A-დან G-მდე კლასებს მოიცავს:
  • A, B - ყველაზე ეფექტურია
  • C D - საშუალო ეფექტურობას მიუთითებს
  • E F - მოწყობილობა კიდევ უფრო ნაკლებად ენერგოეფექტურია
  • G - ყველაზე ნაკლებად ეფექტური


გამოიყენეთ ეკო-რეჟიმები

სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას - მაცივარს, გამათბობელს თუ სარეცხის მანქანას, ენერგოდამზოგი ან ეკო რეჟიმი აქვს. ენერგიის დასაზოგად სწორედ, ამ რეჟიმის გამოყენება შეგვიძლია.
მაგალითად, მაცივრის შემთხვევაში, ეკო რეჟიმი უფრო მაღალ ტემპერატურას აწესებს, რაც კომპრესორის მუშაობასა და ენერგომოხმარებას ამცირებს. საშრობში ეკო რეჟიმი ტემპერატურას ამცირებს და შესაბამისად, ენერგიას ზოგავს. კონდიციონერებსა და გამათბობლებში კი სიმძლავრის შემცირებას იწვევს, როცა მაქსიმალური გაგრილება/გათბობა საჭირო აღარ არის.
იმისათვის, რომ ტექნიკა ეკო რეჟიმზე გადავიყვანოთ, მნიშვნელოვანია, კონკრეტული მოწყობილობის ინსტრუქციას კარგად გავეცნოთ. ტექნიკას შესაძლოა, ,,Eco“ ან ,,Energy Saving“ ღილაკები ჰქონდეს ან კიდევ შესაბამისი მითითება, თუ როგორ გადავრთოთ აღნიშნულ რეჟიმზე.

გამოიყენეთ LED ნათურები
LED ნათურების გამოყენებას ტრადიციულ ნათურებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს:
• ენერგოეფექტურობა - LED ნათურები 75%-90%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურები. ეს ენერგოხარჯების დაზოგვაში დაგვეხმარება;
• ხანგრძლივი მუშაობა - LED ნათურები გაცილებით უფრო დიდხანს ძლებს და მისი ხშირი გამოცვლა არ დაგვჭირდება;
• გარემოზე ნაკლები ზემოქმედება - LED ნათურები ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებებს, როგორიცაა მძიმე ლითონები, არ შეიცავენ და არც გარემოს აბინძურებენ;
• უკეთესი განათება - LED ნათურები უფრო ნათელ, თანაბარ და მყუდრო განათებას გვაძლევს.

ჭურჭლის, ტანსაცმლის გასარეცხად გამოიყენეთ ჭურჭლის/სარეცხის მანქანა

ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით, სარეცხი მანქანის გამოყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე ხელით რეცხვა.
თანამედროვე, ენერგოეფექტური სარეცხი მანქანები ნაკლებ წყალსა და ენერგიას იყენებენ. დამატებით, წყლისა და ენერგიის დასაზოგად მათ სპეციალური ეკონომიური ციკლი აქვთ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გადატვირთული ან ძველი სარეცხი მანქანა შეიძლება მეტ ენერგიასა და წყალს მოიხმარდეს.
იგივე შეიძლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაზეც ითქვას - თანამედროვე ენერგოეფექტურ მოდელებს შეუძლიათ, ხელით რეცხვასთან შედარებით, წყლისა და ენერგიის გამოყენება შეამცირონ. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა სრულად იყოს სავსე და მხოლოდ რამდენიმე თეფშისთვის არ გამოვიყენოთ.

სახლში გამწოვის დაყენება უფრო ეფექტურია, ვიდრე ფანჯრის გაღება და განიავება

სახლის გაგრილებისა და განიავების თვალსაზრისით, გამწოვის დაყენება შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ფანჯრების გაღება, თუმცა კონკრეტული შედეგი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. გამწოვი ჰაერის მუდმივ ცირკულაციასა და გაციებას უზრუნველყოფს, ძალიან სწრაფად მოქმედებს, გარედან ცხელი ჰაერის შემოსვლას იცავს და კონდიციონერის დატვირთვას ამცირებს. ასევე, თანამედროვე გამწოვებს ენერგიის დასაზოგად ენერგოეფექტური რეჟიმები აქვთ.

გამოიყენეთ ენერგოეფექტური ონკანები და საშხაპე თავები

ენერგოეფექტური ონკანები და საშხაპეები წყლის მოხმარებას 60%-ით ამცირებს, რადგან დაბალი დინების ეკო მოდელები წყლის სწრაფად გათბობასა და მის ეკონომიურად ხარჯვას განაპირობებს. ეს კი წყლის რესურსის დაზოგვასა და შენარჩუნებაში გვეხმარება, შესაბამისად, ყოველთვიურად ხარჯიც ნაკლები გვექნება.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები