პედიატრი, რომელმაც ხევსურეთში ქართული ჩაის საწარმო გახსნა - "არ მინდა, ის ქართული ტრადიციები დაიკარგოს, რაც მთაში არსებობდა"

ნათია ფსუტური პროფესიით პედიატრია, უკვე წლებია ბავშვთა გამაჯანსაღებელ ცენტრს ხელმძღვანელობს, თუმცა, 2014 წლიდან სრულიად განსხვავებულ საქმეს მოჰკიდა ხელი და მისი ძალისხმევით ხევსურეთში ევროსტანდარტებით აღჭურვილი ქართული ჩაის საწარმოც გაიხსნა.
გარდა იმისა, რომ მცენარეების მოგროვებითა და ჩაის წარმოებითაა დაკავებული, აქტიურად მონაწილეობს გამოფენა-გაყიდვებში, პარალელურად ხელმძღვანელობს ბავშვთა ცენტრს თბილისში, საწარმოს ბარისახოში მისი მეუღლის ოჯახი აქცევს ყურადღებას, თუმცა იმ პერიოდში, როცა მცენარეების მოკრეფა-მოგროვება- გამოშრობა ხდება, თავადაც მიდის მთაში და აქტიურად ერთვება პროცესებში.


- პროფესიით პედიატრი ვარ, თუმცა, უკვე ბევრი წელია, რაც ბავშვთა გამაჯანსაღებელ ცენტრს ვხელმძღვანელობ, ესაა
ჩემი ძირითადი საქმიანობა, რითაც დაკავებული ვარ ყოველდღიურად, ჩაი კი არის განტვირთვა, სასარგებლო საქმე, რომელსაც ვფიქრობ, რომ უნდა მივყვე. სიმართლე გითხრათ, ჩიას წარმოება ჩემთვის ბიზნესი და შემოსავლის წყარო არ არის, უფრო ქართულ საქმეში შეტანილ წვლილად მიმაჩნია, არ მინდა ის ქართული ტრადიციები დაიკარგოს, რაც მთაში ამ კუთხით არსებობდა.
ჩემი მამამთილიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, კარგად ერკვევა ფიტოთერაპიაში, სასარგებლო მცენარეებს მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა და ინახავდა მათი სამკურნალო თვისებების მიხედვით, ამ ყველაფერში ჩემს მამამთილს, რა თქმა უნდა, ოჯახიც ჩართული ჰყავდა, ჩემი მეუღლეც უყურებდა მამის საქმიანობას და თავადაც გაერკვა ამ სფეროში. ყველა მცენარეს მოკრეფის პერიოდი და შენახვის წესი აქვს, რაც გავლენას ახდენს მის სარგებლიანობაზე. სწორედ ამ წესების დაცვით იქმნება ჩვენი ჩაი, თუმცა, მას შემდეგ, რაც ავაშენეთ საწარმო ხევსურეთში, საქმე უფრო გამარტივდა, თუნდაც, შრობის, დაფასოების კუთხით.

2014 წელს დავწერეთ ბიზნეს გეგმა ჩაის საწარმოს შესახებ, 2016 -წელს დაიწყო მშენებლობა ხევსურეთის სოფელ ბარისახოში და 2018 წელს ENPARD პროექტის ფარგლებში ამოქმედდა ევროსტანდარტების დონის საწარმო. შემდეგ მივიღეთ მონაწილეობა პროექტში People in need და დამატებითი მოვიპოვეთ საჭრელი და შესაფუთი აპარატები, ევროკავშირის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა და დახმარება მივიღეთ ამ კუთხით.

ხევსურეთში ცხოვრობს ჩემი მეუღლის ოჯახი, მშობლები, ძმა და ყურადღებას აქცევენ საწარმოს. თვითონ ჩაის წარმოება არის სეზონური, მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე ან სექტემბრის ნახევრამდე ხდება მცენარეების მოკრეფა, გაშრობაც, დაქუცმაცებაც.
ვთანამშრომლობთ ადამიანებთან ვინც იცის მცენარეების ცნობა, მათგან ვიბარებთ, ხდება გადარჩევა და ამის მიხედვით მზადდება ჩაი. ეს ისეთი პერიოდია, როცა მეც შედარებით მცალია და შემიძლია ვიყო მთაში. ამ საქმეში რამდენიმე ოჯახი ვართ გაერთიანებული. თავიდან 4 ოჯახი ვიყავი ჩართულნი, შემდეგ დავრჩით სამნი, აქედანაც ორი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა და ახლა მარტოები ვართ.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ავმოქმედდით 2018 წელს, მაგრამ მერე დაიწყო პანდემია და გაჩერდა ყველაფერი, 2021 წლიდან ისევ გავაქტიურდით და ნელ-ნელა ეცნობა საზოგადოება ჩვენს ჩაის.


ძირითადად გამოფენა-გაყიდვებში ვიღებთ მონაწილეობას და ასე ვაცნობთ თავს მომხმარებელს. ჯერჯერობით ექსპორტზე არ გავსულვართ და არც იმხელა შეკვეთა გვქონია, რომ მასშტაბური წარმოება დაგვეწყო. თუ იქნება დაინტერესება და მეცოდინება, რომ მოხდება რეალიზება, მაშინ ვაწარმოებთ შესაბამის მოცულობას. 
 ევროკავშირიდან გვაქვს დიდი მხარდაჭერა, გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებაშიც გვეხმარებიან, შეკვეთებსაც გვაძლევენ საელჩოები, მხოლოდ ჩვენ კი არა, მთის მოსახლეობას უდგანან მხარში.

- სამკურნალო-სასარგებლო თვისებების მიხედვით თუ გაქვთ დაჯგუფებული ჩაის სახეობები?
- სამკურნალო საშუალებად ვერ დაარეგისტრირებ, თუ არ გაქვს სპეციალური ლიცენზია და თუ არ ჩატარდება სპეციალური კვლევები, სიმართლე გითხრათ, გვინდოდა, რომ უფრო დეტალურად გამოგვეკვლია, მაგრამ ქართული ლაბორატორია, მხოლოდ აკეთებს ანალიზს იმის შესახებ, თუ რამდენ ცილას, ცხიმს, ნახშირწყალს და კიდევ რამდენიმე კომპონენტს შეიცავს.
ვიცით, რომ ჩვენი ჩაი დეკა ძალიან კარგი ანტიოქსიდანტია, მატონიზირებელია, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ორგანიზმის დეტოქსიკაციას ახდენს, მაგრამ ამას ანალიზებით ვერ ვადასტურებთ. დოკუმენტი არ გვაქვს ამისი, ამიტომ არა სამკურნალო, არამედ სასარგებლო თვისებებზე ვაკეთებთ აქცენტს.
ბოტანიკოსი გვყავდა ირლანდიიდან, რომელიც ძალიან დაინტერესდა ჩვენი ჩაით და საექსპორტოდ უნდოდა, ნიმუშებიც წაიღო და აპირებდა გამოკვლევას, მაგრამ მერე პანდემიაც დაიწყო და შეფერხდა ეს თემა. 

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები