"ძლიერი სიცხის დროს სახლში კარ-ფანჯრებს აღებენ ორპირი ქარის გასაკეთებლად, რაც არაფრით არ შეიძლება" - როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე ძლიერ სიცხეში


როგორ შევინარჩუნოთ სიგრილე შინ, ამ საკითხზე საინტერესო რჩევებს გვაძლევს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნანი მეფარიშვილი:

- სიცხის დროს ბევრი სახლში კარ-ფანჯრებს აღებს ორპირი ქარის გასაკეთებლად, რაც არაფრით არ შეიძლება, რადგან ამ დროს ყველაზე მეტად შემოდის ოთახში სიცხე და აცხელებს შენობას.

როცა ტემპერატურა მაღალია, უნდა დაიხუროს ფანჯრები და ჩამოეფაროს სქელი ფარდები. სასურველია თუ ფანჯრებს გარედან ტენტები ექნება - თუ გარედან ტენტს ჩამოაფარებთ და ფანჯარას შეაღებთ, აღარ დაგცხებათ.

მზე ზედაპირებს აცხელებს და ეს რამენაირად თავიდან უნდა ავიცილოთ, რათა გარედან
ცხელი ნაკადი არ შემოვიდეს.

ვისაც კონდიციონერი არ აქვს, შეუძლია სააბაზანოში შხაპი მოუშვას და კარი ღიად დატოვოს. ასეთ დროს წყალი და ჰაერი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს. წყლის ტემპერატურა გაცილებით დაბალია და ოთახი კარგად გრილდება. კარგი საშუალებაა, თუკი ზედაპირებს სველი წესით დავამუშავებთ. ცხელ ამინდში მინები, მაგიდა, იატაკი, ყველაფერი გაცხელებული და გამთბარია. თუ ამ ადგილებს ცივი წყლით დავამუშავებთ, შესაძლებელია ტემპერატურამ 3-4 გრადუსით დაიწიოს.

-რა ტემპერატურაზე უნდა დავაყენოთ კონდიციონერი?

- უამრავ ადგილას მინახავს 17 გრადუსზე ჩართული კონდიციონერი. ეს არ შეიძლება, ეს არასწორია. როცა ზამთარში 17 გრადუსია ტემპერატურა, ვამბობთ, რომ გვცივა. ზაფხულში კი, როცა კონდიციონერს 17 გრადუსზე ვაყენებთ და მერე ამ ძალიან გაგრილებული შენობიდან გასვლა გიწევთ, სარისკოა. ეს იწვევს ტემპერატურულ შოკს და ადამიანი შეიძლება ცუდად გახდეს. როცა სიცივიდან სიცხეში გადიხარ, უცებ ფართოვდება სისხლძარღვები. ამიტომ, სანამ გარეთ გახვალ, ადაპტაცია უნდა გაიარო.

როდესაც ვაკეთებთ ჰაერის კონდიცირებას, ვიღებთ გადამშრალ ჰაერს, ამიტომ აუცილებლად უნდა დავიცვათ ტენიანობა. კონდიციონერი მუდმივად შიგნით ატრიალებს ჰაერს, ახალი გარედან არ შემოაქვს. ამიტომ ჩრდილოეთ მხარეს აუცილებლად შეღებული უნდა გვქონდეს ფანჯარა, რათა ოთახში მოგვეწოდოს სუფთა ჰაერი.

როდესაც რამდენიმე კაცი ზის ოფისში, ყველაფერი დახურულია და კონდიციონერი ჩართულია, ხდება ჟანგბადის წვა. ერთ კაცს საათში 30 კუბური მეტრი ჰაერი სჭირდება. მერე ოთახში ეს ჰაერიც თავდება და იწყება დისკომფორტი. ადამიანს ჰგონია, კონდიციონერი აღარ აგრილებს, სინამდვილეში კი ეს ჭარბი ნახშირორჟანგით გამოწვეული დისკომფორტია. ამიტომ განიავება, ჰაერის შემოშვება აუცილებელია. ეს ერთ-ერთი აუცილებელი წინა პირობაა. ძალიან მშრალი ჰაერის შედეგად, ძალიან ადვილად მრავლდება ვირუსები.

განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები