"კიდევ უფრო სახიფათო იქნება თბილისი და ბათუმი" -უხილავი სითბური ტალღები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ემუქრება


აუტანელი სიცხეები და პაპანაქება ზაფხული მხოლოდ დისკომფორტი აღარ არის. გლობალური დათბობის გამო სიცხესთან ერთად სითბური ტალღებიც გაჩნდა, რაც საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო. რეკორდული სიცხეები ფარულად ახდენს გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე და ჩვენი მხრიდან მეტ სიფრთხილეს და ზომების მიღებას მოითხოვს. კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხების მკვლევარი გიორგი მუხიგულიშვილი კვირის პალიტრას სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდება ამ ინტერვიუდან:

საქართველო მრავალფეროვანია თავისი ლანდშაფტებით, რესურსებით, ამიტომაც განსაკუთრებით კრიტიკულია კლიმატის ცვლილების გავლენა. ბევრია საფრთხე, რაც შეიძლება კლიმატის ცვლილებას ახლდეს. ეს არის სითბური ტალღების მოხშირება, კლიმატური
ექსტრემალური მოვლენების გააქტიურება. ამიტომ მთავარია, მომზადებული ვიყოთ. არა მარტო ტექნოლოგიები, მნიშვნელოვანია მზაობის გეგმებიც, მონიტორინგის სისტემები, ადრეული შეტყობინება თუ სხვა, რაც კომპლექსურად შეუწყობს ხელს ქვეყნის მედეგობისა და ადაპტაციის უნარის გაძლიერებას.

- უახლოესი პროგნოზები როგორია?

- სითბურ ტალღებზე ცოტა მეტ ყურადღებას გავამახვილებ. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ცხადია, ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველი წელი რეკორდებს ხსნის. ყოველწლიურად იზრდება საშუალო ტემპერატურა. წლევანდელი წელიც, სავარაუდოდ, იმავე ტენდენციით გაგრძელდება. რაც შეეხება საქართველოს, ურბანიზებული ანუ ქალაქური დასახლებები კიდევ უფრო სახიფათო იქნება, განსაკუთრებით თბილისი და ბათუმი, რადგან აქ მწვანე საფრის ზონა ყოველწლიურად მცირდება, იზრდება შენობების რიცხვი, რაც უფრო აძლიერებს სითბური ტალღების გავლენას.

- რა უნდა გავაკეთოთ?

- ერთი მხრივ, მარტივი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ, ვეცადოთ ვიყოთ ჩრდილში, მეტი წყალი ვსვათ და ასე შემდეგ, მეორე მხრივ, საჭიროა კონკრეტული ინსტიტუტების ეფექტური მუშაობა. წინასწარი გაფრთხილება არა მხოლოდ ტელეგადაცემებით უნდა შემოიფარგლებოდეს, რომ ამ დღეებში მოსალოდნელია ესა და ეს, არამედ ამას რეკომენდაციები და ქმედებებიც უნდა მოჰყვებოდეს. მოწყვლადი ჯგუფებისთვის გაკეთდეს თავშესაფარი...

- სხვა ქვეყნებში როგორ ზრუნავენ მოწყვლად ჯგუფებზე?

- მაგალითად, საფრანგეთში 2003 წელს ძლიერი სითბური ტალღის დარტყმის შედეგად კვირა-ნახევრის განმავლობაში 15 000-ზე მეტი კაცი დაიღუპა. მაშინ ამისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა ქვეყანა, განსაკუთრებით პარიზი. შემდეგ გამოიკვლიეს, ვინ იყვნენ ძირითადი ჯგუფები, ვინ გარდაიცვალა, ვის ჯანმრთელობა გაუუარესდა. გააანალიზეს ყველა ფაქტორი: გენდერული, რელიგიური, ასაკობრივი, სოციალური და ა.შ. და გამოავლინეს საერთო მახასიათებლები. შედეგად გამოიკვეთა, რომ განსაკუთრებით 40 წელს ზემოთ მარტოხელა ქალები იყვნენ მოწყვლადი, რომელთაც კონდიცირების ნაკლებობა ჰქონდათ. ასევე გულ-სისხლძარღვთა და კლიმატური ცვლილებების მიმართ მოწყვლადი დაავადებების მქონე ადამიანები, რომელთათვისაც წინასწარ მომზადდა საერთო ზონები. ხელისუფლებამ, მუნიციპალიტეტებმა, მერიებმა იმუშავეს, რომ ამ ჯგუფებს საფრთხე აღარ შეჰქმნოდათ და 2015-16 წლებში, მხოლოდ ათეულობით გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ყოველწლიურად საინტერესო კვლევები მიმდინარეობს გერმანიაშიც. მაგალითად, შეისწავლეს, რა გავლენას ახდენს სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა მოსახლეობის არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე. ამ მიზნით ერთ-ერთ ქალაქში 10 წლის განმავლობაში სრულად შეზღუდეს ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ტრანსპორტი და მხოლოდ სუფთა სატრანსპორტო საშუალებები იქნა დაშვებული. ამ 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, როგორ იცვლებოდა ჰაერის ხარისხი, სკოლებში სწავლის ხარისხი და აღმოჩნდა, რომ მოსწრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, საავადმყოფოებში კი მიმართვიანობა შემცირდა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები