ოქსალისი (მჟაველა, კისლიცა) მჟაუნასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც აქტიურად იყენებენ დეკორატიულ მემცენარეობაში. ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურასაც“ ეძახიან, ზოგან - სიყვარულის ყვავილს, და არაერთ ქვეყანაში მისი ჩუქება საახალწლო ტრადიციადაა ქცეული.
არსებობს ოქსალისის როგორც ერთწლოვანი, ისე მრავალწლოვანი სახეობები, რომლებიც აქტიურად გამოიყენება როგორც ღია გრუნტში დასარგავად, ისე საოთახო მემცენარეობაში.
ოქსალისს მინიატურული ზომის, სამ ან ოთხფოთოლაკიანი ფოთლები აქვს (ზოგჯერ გვხვდება 5-6, ან 9-ფოთოლაკიანი სახეობებიც), რომელიც შეიძლება იყოს მწვანე, წითელი ან იასამნისფერი, ყვავილების შეფერილობა კი სადა თეთრიდან, ყვითელ და ვარდისფერ ფერამდე მერყეობდეს.
ოქსალისს ერთი უცნაური თვისება
ევროპაში ოქსალისს „ბედნიერების სამყურას“ უწოდებენ - მიიჩნევენ, რომ ამ მცენარეს ადამიანისთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წელიწადის ბოლო დღეს აჩუქებენ. ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ოქსალისის ჩუქება საახალწლო ტრადიციად იქცა.
განათება და ტემპერატურა
ოქსალისს კარგად განათებული ადგილი მოსწონს, თუმცა ნახევრად ჩრდილსაც მშვენივრად იტანს.
განსაკუთრებულ ზიანს ცივ ოთახში ყოფნა და ორპირი ქარი აყენებს, ამიტომ სასურველია, ოთახში ზამთარ-ზაფხულ ზომიერი სითბო (18-20 გრადუსი) იყოს. ზაფხულობით კარგი იქნება, მცენარე სუფთა ჰაერზე გაიტანოთ, ან თუ ამის საშუალება გაქვთ, შემოდგომამდე ღია გრუნტში გადაიტანოთ.
მორწყვა
ოქსალისი ზომიერად უნდა მორწყათ - ისე, რომ ქოთანში წყალი არ ჩაუდგეს.
შემოდგომაზე მორწყვა ნელ-ნელა უნდა შეუმციროთ, ზამთარში კი იმდენად მცირედი წყლით უნდა მორწყათ, რომ მიწა არა სველი, არამედ ოდნავ ტენიანი ჰქონდეს.
ნიადაგი და გადარგვა
ოქსალისი ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის და თავს ღარიბ ნიადაგშიც კარგად გრძნობს, მაგრამ თუ ნოყიერ ნიადაგში გამოზრდით, ფოთლები გაცილებით დიდი და ხასხასა ექნება. ამიტომ კარგი იქნება, ოქსალისის ნიადაგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისგან, ნეშომპალასგან, ტორფისგან და ქვიშისგან მოამზადოთ.
რაც შეხება ქოთანს, ის აუცილებლად განიერი უნდა იყოს და მასში მცენარის არა ერთი, არამედ რამდენიმე ძირი უნდა გადარგათ. ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟისთვის კენჭები, ან კერამზიტის ნატეხის თხელი ფენა მოუფინეთ. ასე ფესვებში წყლის ჩადგომასა და მცენარის ლპობას აიცილებთ თავიდან.
განოყიერება
ოქსალისი აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში, 2-3 თვეში ერთხელ, რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ. მხოლოდ სასუქის რაოდენობა ინსტრუქციაში მითითებულზე ორჯერ ნაკლები უნდა იყოს.
გამრავლება
ოქსალისი შეგიძლიათ, ძველი მცენარის ირგვლივ განვითარებული ამონაყარით, ფესვით ან თესლით გაამრავლოთ.
ყველაზე მარტივია მცენარის ამონაყარით გამრავლება. ამისთვის საჭიროა: ძველი მცენარის ირგვლივ განვითარებული ამონაყარი (დაახლოებით 5-10 ძირი) ფრთხილად ამოთხაროთ და ახალ ქოთანში გადაიტანოთ.
მცენარის ფოთლით გასამრავლებლად, ოქსალისს ფოთოლი უნდა მოაჭრათ და წყალში მოათავსოთ. დაფესვიანებული მცენარე მიწაში მხოლოდ მაშინ გადაიტანეთ, როცა ფესვი 1-1,5 სმ-ის სიგრძის გახდება. შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
საკმაოდ რთულია ოქსალისის თესლით გამრავლება, რადგან მცენარეს ძალიან წვრილი თესლი აქვს და მეეჭვება, შეძლოთ მისი მოგროვება. თუმცა თუ ოქსალისის თესლი შემთხვევით ხელში ჩაგივარდათ, შეგიძლიათ, მიწაზე ზემოდან მოაბნიოთ და დრო და დრო წყალი მოასხუროთ. სავარაუდოდ, 1-1,5 თვეში ნათესიდან ყლორტები ამოიწვერება.
მარინა ვაშაძე ("ყვავილნარის" რჩევებიდან)