2 შვილის დედის მიერ მაღალსართულიანი კორპუსის აივანზე მოწყობილი წალკოტი

მაკა რახრახაძე პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამჟამად დიასახლისობს. მეუღლესა და 2 შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და თავის ჰობის - ყვავილების მოვლას დიდ დროს უთმობს. მისი ბინის აივანი თანდათან წალკოტად იქცა.

- ყვავილების სიყვარული ჩემმა დამ - ეკამ "გადამდო“. ბავშვობიდან აგროვებდა და ზრუნავდა ყვავილებზე. როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი შევქმენით, ჩვენი ბინის მოწყობა-გალამაზება დავიწყეთ. ეკამ ჯერ ერთი ყვავილი გვაჩუქა - ე.წ. ბარაქის ხე, შემდეგ კი დროთა განმავლობაში მისი ყვავილების უმრავლესობა ჩვენს სახლში აღმოჩნდა. თურმე ასე სცოდნია ყვავილების სიყვარულს: თუ დაიწყე მათი მოშენება, ვეღარ ჩერდები.

8 წელია ყვავილებს ვაგროვებ და ვუვლი და უკვე 150 -მდე სახეობის მწვანე მეგობარი მყავს.


- მაღალსართულიან კორპუსში ცხოვრობთ, ზამთარში ყვავილებს როგორ უვლით? სახლში შეგაქვთ?
- ზამთარში უმეტესობა სახლში შემყავს, თუმცა არის ბევრი ისეთი სახეობაც, რომელიც ყინვაგამძლეა და აივანზე ვაზამთრებ.


- ვინმე გეხმარებათ მათ მოვლაში თუ თქვენ თვითონ ახერხებთ?
- ყვავილებს მარტო ვუვლი. ხშირად მეკითხებიან, თუ როგორ ვახერხებ ამდენი ყვავილის მოვლას. რაც გიყვარს, იმის კეთება ძნელი არასოდეს არ არის, პირიქით, თითოეული ყვავილის კვირტის გაშლას მოუთმენლად, დიდი სიხარულით ველოდები და ვხვდები.


- მოვლის წესები იცოდით, თუ რაც ეს აივანი გაამწვანეთ, მას მერე ისწავლეთ?
- გამოცდილებაც დროსთან და წლებთან ერთად მოდის, მაგრამ ამავე დროს ძალიან მეხმარება სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფები: "ყვავილნარი", "მცენარეები", "სახლის მცენარეები და ყვავილები" და ა.შ. ბევრ საინტერესო და კვალიფიციურ რჩევას იძლევიან და ბევრი მათგანი პრაქტიკაშიც გამომიყენებია. ასევე, დიდი ინტერესით ვკითხულობ თქვენს ჟურნალს, ხშირად ვსტუმრობ თქვენს ვებ-გვერდს, საიდანაც ბევრი არაჩვეულებრივი და სასარგებლო რჩევა მივიღე.
რაც შეეხება ყვავილების მოვლას, კვირაში ერთხელ მიწას ვუფხვიერებ, ხმელ ფოთლებს ვაცლი, ფოთლებზე მტვერს ვწმენდ და ბანანის ნაყენს ვუსხამ, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ყვავილობას. ასევე ძალიან მოსწონთ ჩემს ყვავილებს სამ თვეში ერთხელ ხახვის ფოთლის ნახარში და ერთი-ერთზე წყალში გაზავებული კონსისტენცია. მიწას არ ვუცვლი ხშირად, სამაგიეროდ სასუქით ვამდიდრებ.


- თქვენს ფანტაზიას გასაქანი მიეცა თქვენს აივანზე და კომპოზიციებიც გაქვთ გაკეთებული...
- ესთეტიურ გარემოს, სილამაზეს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რაღაცნაირად ყველა სახლი თავის დიასახლისს გავს. ჩემს აივანზე ყველაფერი ჩემი დიზაინით მოვაწყვე, ბევრი რაღაც ჩემი ხელით გავაკეთე. სივრცე რომ უფრო მეტი მქონდეს, ბევრად მეტი ლამაზი და საინტერესო იდეის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა მე ჩემი აივნითაც კმაყოფილი ვარ. ჩემი აივანი ჩემი მეგობრების შეკრების საყვარელი ადგილია. არაფერი ჯობს დილით, როცა მე და ჩემი მეუღლე ყავის ფინჯანით ხელში მზის ამოსვლას ვხვდებით აივანზე, ამ მწვანე სამოთხეში. მე ეს მაბედნიერებს...

ჩვენს ქალაქში არ მინდა ვხედავდე ამდენ ცარიელ ბეტონურ აივანს, ამდენ ქვის და რკინის კონსტრუქციას, სადაც ძალიან ბევრი ხმაური, მტვერი და გამონაბოლქვია. მინდა ჩვენც ვგავდეთ ყვავილების სიყვარულში იტალიას, გერმანიას, ესპანეთს და ბევრ სხვა ქვეყანას, სადაც იციან სუფთა ჰაერის ფასი, ყვავილების მოშენება-მოვლა. მინდა ყველა აივანზე ვხედავდე ბევრ სიმწვანეს და მხიარულ ფერებს. "მწვანე ფილტვები" ჟანგბადის წყარო იქნება და მოსახლეობას სუნთქვის საშუალებას მისცემს.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები