იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალბატონის ორქიდეების კოლექცია გაგაოცებთ

ნათია კაკაბაძე მოყვარული მეყვავილეა. ექვსი წელია იტალიაში ცხოვრობს. ძალიან ბევრს მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და ბევრი საოცარი ადგილი აქვს აღბეჭდილი ფირზე. მისი ფავორიტი ყვავილი ორქიდეაა. ნათიას ყვავილების კოლექცია ნამდვილად გაგაოცებთ.

- უკვე მეექვსე წელია იტალიაში ვცხოვრობ. ჩემი ყვავილებით გატაცება ნაწილობრივ ამ ქვეყანას უკავშირდება, თუმცა ბავშვობაშიც აქტიურად ვაგროვებდი ქოთნის მცენარეებს და არა მხოლოდ ქოთნის ყვავილებს - სხვადასხვა სახის ყვავილების შეგროვება და ჰერბარიუმების დამზადება ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მექცა ჰობიდ. მონაწილეობა მიმიღია არაერთ გამოფენაში. პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში მქონდა წრეები და ბავშვებს ვასწავლიდი

ამ საქმეს. სიამოვნებით ვნახულობ წლების წინანდელ დიპლომებს და სიგელებს.


ყვავილებისადმი ჩემი დამოკიდებულება ნაწილობრივ გამოიხატება ჩემს მეორე ჰობიში - კულინარიაში. თავდაპირველად თავის შესაქცევად ვჭრიდი ხილისა თუ ბოსტნეულისგან ყვავილებს, დღეს კი ეს საქმე ჩემს მეორე პროფესიად იქცა.

- ეს ყველაფერი როგორ ისწავლეთ?
- საქართველოში ყოფნის დროს ხშირად მიწევდა ქორწილის თუ სადღესასწაულო სუფრის გაფორმება. ეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის, რადგან ყვავილებთან მქონდა შეხება.

- როგორც ვიცი, ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული და ბევრი საოცარი ადგილი გაქვთ აღბეჭდილი ფირზე.
- დიახ, ამ ყველაფრის პარალელურად მოგზაურობა და ფოტოგრაფობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემთვის ერთგვარი სიამოვნებაა დავიჭირო და შევინახო ყველა ლამაზი კადრი ჩემს ირგვლივ და გავუზიარო სხვებსაც. ფოტოაპარატის გარეშე არასოდეს დავდივარ. ამიტომაც facebook-ზე მაქვს ჩემი პერსონალური გვერდი, სადაც „ჩემი თვალით დანახული“ სამყარო მაქვს.

- დავუბრუნდეთ ყვავილებით გატაცებას. ორქიდეების უნიკალური კოლექცია გაქვთ, როდის დაიწყეთ მათი შეგროვება?
- რაც შეეხება ორქიდეას, აქ იტალიაში შევიძინე პირველად. არ შეიძლება ამ ყვავილმა არ მოგხიბლოს. იმდენად გამოუცდელი ვიყავი, არ ვიცოდი მოვლა და მალევე გამიფუჭდა. ისე შემიყვარდა, კიდევ ვიყიდე და უკვე ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, თუ როგორი მოვლა სჭირდებოდა. აგრეთვე გავწევრიანდი ჯგუფებში და იქაც ვეცნობოდი, თუ რა გარემოში უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა გაზრდილიყო და დიდხანს გავეხარებინე მისი სილამაზით.


იმდენად გამიტაცა ამ ჯადოსნურმა ყვავილმა, რაც მეტს ვყიდულობდი, უფრო მეტი მინდოდა. ორქიდეაზე ამბობენ, ძნელად მისასვლელი ყვავილიაო. მაგრამ ეგრე არ არის. ის ხომ ბუნებაში მზარდი ტროპიკული მცენარეა. ზედმეტად მოვლილი უფრო ფუჭდება. აქ იტალიაში, საქართველოსგან განსხვავებით, განსაკუთრებული კლიმატია და ხშირად მინახავს ზამთარში აივანზე მოყვავილე ორქიდეა, მიწაში ჩარგული სხვა სახის ყვავილებთან ერთად.


- მხოლოდ გახარებულ ორქიდეას ყიდულობთ, თუ თქვენც გიცდიათ გამრავლება?
- გამრავლება იმდენად რთული პროცესია, სახლის პირობებში არ ხდება. თეთრი კი გამიცისფერებია. სათბურებში, სადაც სელექცონერებს ჯიშები გამოჰყავთ, იქ მასწავლეს.


- ორქიდეების გარდა სხვა რა ყვავილები გაქვთ?
- ყვავილები იმდენად მიყვარს, რომ ოქიდეების გარდა სხვა უამრავი ყვავილიც მყავს. რა თქმა უნდა, ყველას თავისებური მოვლა სჭირდება. მე იმდენად დილეტანტი ვარ, ზოგი სახეობის მოვლაში სხვების დახმარებით ვღებულობ ინფორმაციას. მერე კი თავად ვაკვირდები, რა გარემოში მოსწონთ ყოფნა და ვცდილობ შევუქმნა შესაბამისი პირობები.


ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა. იტალია ფერადი ყვავილების ქვეყანაა. ამაში, რა თქმა უნდა, კლიმატი დიდ როლს ასრულებს. ყველა სეზონზე აქ ფერადია ქუჩები. ულამაზესი აივნები ქალაქებს საოცარ ელფერს მატებს. იმდენად დიდია ყვავილების არჩევანი, საყიდლად როცა წავსულვარ, ყოფილა შემთხვევა 30 სხვადასხვა ჯიშის მცენარე მიყიდია. ზამთრის პერიოდში ერთ ოთახში 100-ზე მეტი ყვავილი მყოლია. ხშირად ვმოგზაურობ და სადაც მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, განსხვავებული ჯიშის მცენარეები ვიყიდო. მეგობრებიც ხშირად მჩუქნიან და მანებივრებენ. ნებისმიერ ადგილას, სადაც მივდივარ, პირველად თვალით ყვავილებს ვეძებ და კედელზე - ნახატებს.
გარდა ორქიდეებისა, მაქვს ბევრი სხვადასხვა სახეობის მინიატურული კაქტუსი, სუკულენტები, შობის ვარსკვლავი, რომელიც აქ ახლაც ყვავილობს. ისეთ სურნელებას აფრქვევს, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს. ეს ყვავილი აქ დეკემბრიდან ყვავილობს. ასევეა ტიტები და ნებისმიერი ბოლქვიანი მცენარეები. ყვავილებს, რომლებსაც უფრო მეტად უყვართ ტენი, აბაზანაშიც ვალაგებთ.

ორქიდეაზე ამბობენ, კაზინოში შესულ აზარტულ მოთამაშესავით გემართებაო. მე კი ყველა ყვავილზე შემიძლია ასე ვთქვა. რაც მეტი მაქვს უფრო მეტი მინდა. ოცნებად მაქვს ბუნებაში ველურად მოყვავილე ორქიდეების სხვადასხვა ჯიში ვნახო და ჰოლანდიის ტიტების ფესტივალზე იმ რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმულ პარკში ერთი თვით ვიცხოვრო, თუნდაც სამოგზაურო კარვით.

მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები