თაკო დოლაბერიძის "წალკოტი ნინოშვილზე"

მიუხედავად იმისა, რომ ივენთმენეჯერის თაკო დოლაბერიძის გრაფიკი ყოველთვის მეტისმეტად გადატვირთულია, მას ყვავილების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აქვს. როგორც თვითონ გაგვანდო, საზღვარგარეთ ვიზიტის დროს, ყოველთვის იძენს ყვავილების ნერგებს და მგზავრობის დროს ხელით ჩამოაქვს... უმშვენიერესი ბაღის შესახებ, თაკო დოლაბერიძე თავად გვესაუბრა.

- ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე! რაც თავი მახსოვს, ეს ბაღიც არსებობს, მაგრამ დაახლოებით ათი წელია, კიდევ უფრო მეტად ვუვლით! ვრგავთ და ვრგავთ ყვავილებს და ბაღი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა, ჩემთვისაც და ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვისაც...


- როგორ მოქმედებს თქვენზე ბაღის მოვლა?
-

ძალიან კარგად მოქმედებს ბაღის მოვლა ყველა ადამიანზე! ზამთარია თუ ზაფხული, ყოველ დილას, საუზმის პერიოდამდე ბაღში ვზივარ, ყავას ვსვამ და მერე მივდივარ სამსახურში. ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებთ მეგობრები კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჩემთან შევიკრიბოთ. ძალიან გვიყვარს ჩემთან შეკრება, გარეთ ეზოში კომფორტულად ვზივართ და ვაწყობთ ათასგვარ რამეებს... ხან ჩაქაფულს ვაკეთებთ, ხანაც მწვადებს ვწვავთ და ვერთობით!


- ხშირად ყოფილხართ საზღვარგარეთ, თუ ყოფილა შემთხვევა ყვავილები ჩამოგეტანოთ?
- დიახ, ყოველთვის ჩამომაქვს! ხელით მომაქვს მგზავრობის დროს და არასოდეს არ მეზარება! მართალია ძალიან ძნელია, მაგრამ იმდენად მიყვარს, არ მიჭირს, ეს დისკომფორტი ავიტანო! ყვავილები ძალიან დიდ დადებით ენერგიას მაძლევს!.. რაც შეეხება ბაღს, უმეტესწილად დედაჩემი უვლის. როცა თბილისში არ არის, ყოველ დილას და საღამოს მირეკავს, არ დაგავიწყდეს ყვავილების მორწყვა, მოვლაო... ზამთარში კიდევ უფრო რთულია ყვავილების მოვლა. ქოთნებში ვრგავთ, სახლში შემოგვაქვს და გაზაფხულზე დიდი ბედნიერებაა, როცა ისევ ეზოში უნდა გადავრგოთ.


- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, თბილისში ლამაზი ბაღი ჰქონდეთ?
- ძვირი ნამდვილად არ ჯდება, თუმცა ძალიან ბევრ დროს და ყურადღებას მოითხოვს! მართალია, არსებობს ძვირიანი მცენარეებიც, მაგრამ გამოსავალი არსებობს... ყველანაირი თანხის პირობებში შეიძლება ყვავილების შეძენა, წელიწადში ერთხელ ხომ არის გამოფენები, ყოველთვის მივდივარ გამოფენაზე და იქ შესაბამისად ფასებიც ძალიან დაბალია სხვა დროსთან შედარებით! სამომავლოდ თუ საკუთარ სახლს ავიშენებ, ბაღი აუცილებლად მექნება! ბაღის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია! საერთოდ კორპუსში ცხოვრება ჩემთვის ძალიან რთული თემაა! ძალიან ცოტა ხნით მომიხდა ცხოვრება და გამიჭირდა!
Dდილას რომ თენდება, პირველად ბაღში გავდივარ... კიდეც რომ წვიმდეს, ბაღში გადახურული ადგილიც არის და იქ ვზივარ. ყველაზე მეტად კი ის მიყვარს, კარგი ამინდი რომ არის და გარეთ ვზივართ სამეგობრო! ბაღში ყოველთვის არნახული სურნელიც ტრიალებს!სამსახურშიც მაქვს ყვავილები და ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა იქაც!

ხატია შამუგია:

 

- ძალიან კარგია თაკო დოლაბერიძის ბაღი, ძალიან ლამაზი! ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვისვენებთ მეგობრები! ჩვენი განტვირთვის ადგილია... ულამაზესი ყვავილებია, რომლებსაც მედიკო დეიდა იმდენად უვლის, თან ყვება! ეს არის ბაღი, სადაც ყველაფერი პირველი ყვავის მთელ თბილისში! გარდა იმისა, რომ მოსასვენებელი და ულამაზესი ადგილია, ხშირად გასარუჯადაც ვიყენებთ ზაფხულში... ეს გახლავთ მთელი ჩვენი სამეგობროს შეკრებების ადგილი! ერთმა ჩვენმა მეგობარმა ამ ბაღს ადრე – წალკოტი დაარქვა... მართლაც ასეა და სულ ვამბობთ, წავიდეთ წალკოტზე ნინოშვილზე-თქო...


მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ინგა 2017-08-27 12:24
ძალიან სასიამოვნო გარემოა,დადებითი ენერგიის მომცველი,

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები