ბოლო დროს დიდი მოთხოვნაა ოთახის მცენარეებზე, რომლებიც ნაყოფსაც იძლევიან. ჯუჯა ბროწეული, ჯუჯა ლიმონი, ოთახის წიწაკა და სხვა - სახლსაც ალამაზებენ და ზოგიერთი მათგანის ნაყოფიც იჭმება. ასეთი ნაყოფდეკორატიული მცენარეები ჩვენს ქვეყანაში ადვილად მოიპოვება და ხარობს კიდეც. საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი მაია ქურდაძე რამდენიმე მათგანზე გვიამბობს და პრაქტიკულ რჩევებსაც გვაძლევს.
ოთახის წიწაკა სხვადასხვა ფერის ნაყოფით საკვებად გამოსაყენებელი მცენარეა. ყვავილობისა და ნაყოფობისათვის სჭირდება ნოყიერი მიწა და ნათელი, მზიანი ადგილი. ზაფხულში შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ ვერ იტანს ცივი წყლით
ჯუჯა ბროწეული ოთახის მცენარეა. ზაფხულში თუ გარეთ გაიტანთ, აუცილებლად ჩრდილში უნდა დადგათ. ოთახში მზიანი, ორპირი ქარისაგან დაცული ადგილი სჭირდება. ჩრდილში ყვავილობას წყვეტს. ნოყიერი მიწის გარეშე ნაყოფს ვერ შეინარჩუნებს, დასცვივდება. მორწყვა ზომიერი სჭირდება, რადგან მიწისა და ჰაერის ზედმეტი ტენიანობისაგან ადვილად ავადდება მავნებელი მწერებით. არახელსაყრელი პირობების გამო თუ ფოთოლცვენა დაეწყო, არ შეგეშინდეთ, უკეთესი პირობები შეუქმენით და მალე გამომჯობინდება. ზედმეტად ჩახშირებული ტოტები მოაჭერით. შეიძლება გრილ ოთახში გამოაზამთროთ. როცა მცენარე ქოთანს ფესვებით გაავსებს, გადარგეთ ზრდის შესაბამისად. ადვილად მრავლდება ტოტის კალმებით: წყალში, ქვიშაში ან პირდაპირ მიწაში. შესაძლებელია თესლით გამრავლებაც: მომწიფებული, გამსკდარი ნაყოფიდან მარცვლები გამოარჩიეთ და ნესტიან მიწაში დათესეთ.
ლიმონი ბუნებრივად პატარა ხეა, რომელიც ქოთნის პირობებში ისხამს ნაყოფს. შეგიძლიათ ოთახშიც გაზარდოთ და აივანზეც. ორივე შემთხვევაში მზიანი ადგილი სჭირდება. სუბტროპიკულ ხეს ჰაერის მაღალი ტენიანობა ურჩევნია. ძლიერი მცენარეა, ამიტომ პატარა ქოთანში ყვავილობა და ნაყოფობა გაუჭირდება. სჭირდება ნოყიერი მიწა და უხვი რწყვა, მხოლოდ კარგი დრენაჟი გაუკეთეთ, რომ ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს. ვერ იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას, ორპირ ქარს და ადგილის შეცვლას. ამ დროს ფოთლები სცვივა და შეიძლება სულ გაშიშვლდეს. თუმცა, არ მოკვდება და მოსვენების შემდეგ ისევ შეიფოთლება. მოსვენების პერიოდში, გაზაფხულის დადგომამდე, გახშირებული ტოტები ძირში მოაჭერით. თუ პერიოდულად უნივერსალურ სასუქს ან გადამწვარ ნაკელს მიაწვდით, მეტ ნაყოფს შეინარჩუნებს. ზამთარში ყინვების დადგომამდე ქოთანს ჯვალო ან ვატინა შემოახვიეთ. მიწისზედა ნაწილს -5 გრადუსამდე შეფუთვა არ სჭირდება, შეფუთვისას კი ცელოფანი ან ჰაერგაუმტარი ქსოვილი არ გამოიყენოთ. მრავლდება თესლით და მყნობით. უმჯობესია, თუ წამოზრდილ ნამყენს შეიძენთ.
ნერტერა ოთახის ხალიჩოვანი მცენარეა. მისი პატარა კენკრასავით ნაყოფები შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი. საჭმელად უვარგისია. სიმაღლით 2 სმ-ია, ქოთანს ამობურცული ხალიჩასავით ეფინება და ნაპირებზე გადმოდის. ციცქნა თეთრი ყვავილებიდან ბურთისებური ნაყოფები ვითარდება, რომლებიც მცენარეზე რამდენიმე თვე რჩება და თვალს იტაცებს. ზრდის პერიოდში უყვარს სითბო და მაღალი ტენიანობა. მიწა მუდმივად სველი უნდა ჰქონდეს. მზის პირდაპირ სხივებზე ფოთლები ეწვება. თუ მინერალური სასუქით მორწყვას არ დაიზარებთ, ფოთლებისა და ნაყოფების ფერი უფრო ხასხასა გაუხდება. ზამთარში სიგრილე ურჩევნია: ასე უკეთ ნაყოფმსხმოიარობს. ადვილად მრავლდება მცოცავი ღეროების მიწის ზედაპირზე დაფესვიანებით. აგრეთვე თესლით და ძირის დაყოფით.
თეა ცაგურიშვილი
კომენტარები