შეიძლება თუ არა ყვავილების ონკანის წყლით მორწყვა?


მართალია თუ არა, რომ ონკანის წყალში შემავალი ქლორი ცუდად მოქმედებს მცენარეებზე და შეიძლება თუ არა ონკანის წყლის მცენარეების მოსარწყავად გამოყენება?

ყველა მცენარეს თავისებური მოვლა სჭირდება, თუმცა არსებობს ზოგადი მოთხოვნა, რომელიც ყველას ეხება - ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება სინათლე და წყალი, შესაბამისად, ყველა მცენარე საჭიროებს მორწყვას. მორწყვის თაობაზე მებაღეების თითქმის ყველა რეკომენდაციაში ხაზგასმით არის ხოლმე მითითებული, რომ მოსარწყავად უნდა გამოიყენოთ თბილი, ოთახის ტემპერატურის ნადგომი წყალი.
ამის მიზეზი გახლავთ ერთი მხრივ ქლორი, რომელიც სასმელ წყალში გამოიყენება, და მეორე მხრივ მინერალების შემცველობით გამოწვეული
წყლის სიხისტე.
ქლორმა შესაძლოა გაანადგუროს ნიადაგში არსებული სასარგებლო ნივთიერებები და შესაძლოა ქლოროზი, ანუ მოწამვლაც კი გამოიწვიოს. რაც შეეხება სიხისტეს, მინერალების გადამეტებულმა რაოდენობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მცენარის ზრდასა და განვითარებაზე.

თუმცა გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ჩვენს წყალში შემავალი ქლორი ნამდვილად არ გახლავთ იმ რაოდენობის, მცენარეს რაიმე ზიანი მიაყენოს.
თუმცა, გარდა იმისა, რომ ქლორს აქვს ანტიბაქტერიული თვისება, რის გამოც იყენებენ კიდეც მას სასმელ წყალში, მას აქვს ასევე სწრაფად აორთქლების ფუნქცია. ასე რომ, ნიადაგში მოხვედრილი ქლორი კი კლავს სასარგებლო ბაქტერიებს, თუმცა, ერთ-ორ დღეში ის ორთქლდება და უბრალოდ აღარ არის. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქლორის მიერ დაზიანებული პოპულაცია მყისიერად აღდგება.

რაც შეეხება წყლის სიხისტეს, მისი დარბილება უპრობლემოდ შეგიძლიათ, უბრალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის ფილტრი. თუმცა ეს არ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი მცენარის ნიადაგში მარილი არ მოხვდება. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიადაგს მარილის კვალი შენიშნეთ, ეცადეთ წყლის ძლიერი ნაკადით ძალიან ფრთხილად ჩამორეცხოთ. ეს პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ წელიწადში ერთხელ.
ასე რომ, თუ სიფრთხილით მოვეკიდებით და გავითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს, ჩვენს მცენარეებს ონკანის წყალი ვერაფერს დააკლებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები