ვისაც ინტერიერის გამწვანება უნდა, თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის - ყველაზე "უპრობლემო" მცენარეები

მწვანე ფერი ინტერიერს რომ ალამაზებს და ახალისებს ახალი ამბავი არავისთვისაა. ქოთნის ყვავილები ძალიან კარგია, მაგრამ ყველა ყვავილი ადვილი მოსავლელი როდია, მათ განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა სჭირდებათ, რაც დაკავებული დიასახლისებისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მოდით ვნახოთ შედარებით ადვილად მოსავლელი, ე.წ. უპრობლემო მცენარეების ჩამონათვალი, რომელიც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებს თქვენი ინტერიერის გალამაზებას.

კაქტუსი

ეს ის მცენარეა, რომლის მოვლასაც არ სჭირდება არც განსაკუთრებული დრო და არც განსაკუთრებული ენერგია. თამამად შეარჩიეთ მსხვილი, დიდი ეგზემპლარი, თვალშისაცემი რომ იყოს ინტერიერში. განათავსეთ სახლის მზიან მხარეს ფანჯრიდან არც
ისე მოშორებით. კაქტუსის სიცოცხლის მთავარი ასპექტი მორწყვის რეჟიმია. უმეტესად კაქტუსებს იშვიათად სჭირდებათ წყალი. 3-4 თვეში ერთხელ მორწყვა მისთვის საკმარისია. თუ მოსწყურდება, გაგაგებინებთ, დაიკუჭება.

მონსტერა

მშვენიერი მცენარეა მისაღები ოთახის გასამწვანებლად. დიდ ოთახებს უხდება. გარდა ამისა, კარგად იტანს ჩრდილს და ოთახის შუაგულში ან კუთხეშიც ძალიან კარგად გრძნობს თავს. როდესაც გრუნტი გამოშრება, წყალი დაუმატეთ.

ზამიოკულკასი

ეს მცენარე გამოდგება სამზარეულოს ან საძინებლის გასამწვანებლად. საკმაოდ ნელა იზრდება, ამიტომ, ყიდვის დროს, ეცადეთ დიდი ეგზემპლარი შეარჩიოთ. ბევრი წყალი არ სჭირდება. თვეში ან ორ თვეში ერთხელ შეგიძლია მიაღებინოთ შხაპი.

ფიკუსი

საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა. ძალიან უხდება თანამედროვე და მინიმალისტურ ინტერიერს. მოათავსეთ კარგად განათებულ ოთახში და მოარიდეთ ორპირს. პერიოდულად სცვივა ფოთლები. ზაფხულში დაახლოებით 10 დღეში ერთხელ სჭირდება მორწყვა, ზამთარში - ორ კვირაში ერთხელ.

სპატიფილუმი

კიდევ ერთი დიდი მცენარე, რაც მთავარია, უპრეტენზიო. თავად მიგითითებთ, როდის სჭირდება წყალი. ფრთხილად იყავით, რომ არ გადააჭარბოთ.

ბეგონია

ვისაც ინტერიერში მოყვავილე მცენარე უნდა, ყურადღება ბეგონიაზე უნდა გაამახვილოს. არ არის მომთხოვნი და ხანგრძლივად ყვავის. მოათავსეთ ფანჯრიდან 2-4 მეტრს მოშორებით და მორწყეთ კვირაში ერთხელ ისე, რომ ყვავილებს არ შეეხოთ.

ორქიდეა

ითვლება, რომ რთულად მოსავლელი ყვავილია, თუმცა ყველას შეუძლია ჰქონდეს სახლში. უბრალოდ სჭირდება მზიანი ადგილი და შესაფერისი გრუნტი. ძალიან უხდება გამჭვირვალე ქოთანი. მისი ფესვებისთვის სასარგებლოა მზის სინათლე. მის ასაყვავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სასუქები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები