ოთახის მცენარეები, რომლებიც თავისუფლად შეგიძლიათ მოათავსოთ თქვენს სამუშაო მაგიდაზე

ოთახის მცენარეები ყველას ძალიან გვიყვარს, თვალსაც ახარებს და გარემოსაც ალამაზებს, თუმცა იმასაც ცოდნა უნდა, რომლის სად განთავსება სჯობს და როგორ უნდა მოვუაროთ. არსებობს მარტივად მოსავლელი, საკმაოდ ლამაზი მცენარეები, რომელთაც თამამად შეგიძლიათ მოუჩინოთ ადგილი თქვენს სამუშაო სივრცეში, კერძოდ კი სამუშაო მაგიდაზე.

კაქტუსი
მინი კაქტუსი ყველაზე პატარა სამუშაო მაგიდასაც კი დაამშვენებს, მით უმეტეს, რომ ეს მცენარე შესანიშნავად გრძნობს თავს კომპიუტერის გვერდით.

სუკულენტები

სუკულენტები კაქტუსების უახლოესი ნათესავები არიან, თუმცა სხვაგვარად გამოიყურებიან. ვარსკვლავების მსგავსი პატარ-პატარა მცენარეებისგან ფლორარიუმში ან ქოთანში შესანიშნავი კომბინაციების გაკეთებაა შესაძლებელი. ლამაზი
კომპოზიციები მოსავლელადაც მარტივია და ესთეტიკურადაც გამოიყურება.

ია
ია ძალიან დიდი ზომის არასდროს იზრდება, ამიტომ მისი დადგმა სამუშაო მაგიდაზე პატარა ქოთნით ძალიან მოსახერხებელია. სწორად მოვლის შემთხვევაში ია რეგულარულად იყვავილებს და გაგახარებთ თავისი ლამაზი ყვავილებით. იის ერთადერთი მოთხოვნა კარგი განათებაა, ფანჯარასთან ახლოს და მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით თავს შესანიშნავად იგრძნობს.

ჰიბეუმი
ფოთლების უცნაური ფორმის გამო ამ მცენარეს ცოცხალ ქვებსაც უწოდებენ. გარეგნულად სუკულენტებს წააგავს, თუმცა უფრო მკვეთრი შეფერილობის არის. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში დიდი ზომის ჰიბეუმიც გვხვდება ხოლმე, სახლის პირობებში ის ზომაში დიდად არ იზრდება, ამიტომ მისი სამუშაო მაგიდაზე განთავსება პრობლემას არ წარმოადგენს.

ლიტოპსი

ცოცხალი ქვების კიდევ ერთი წარმომადგენელი. ლიტოპსი სხვადასხვა ფერის არსებობს, ზოგიერთ მათგანს კი სხვადასხვა სახის გამოსახულება ამშვენებს. ბევრი სახეობა ყვავილობს კიდეც. ყველაზე ეფექტურად ეს მცენარე ქვებიან ქოთანში გამოიყურება. ლიტოპსს არ უყვარს ტენი, ამიტომ მას კარგი დრენაჟი სჭირდება და სასწრაფო გადარგვას საჭიროებს მაშინვე, რაც მისი ფესვთა სისტემა მისთვის განკუთვნილ სიცარიელეს გაავსებს.

კალანჰოე
კალანჰოე შესანიშნავი გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, ვინც ოთახის მცენარეების გახარებას იწყებს, ანუ დამწყებთათვის. ეს მცენარე ძალიან უპრეტენზიოა, ადვილად ადაპტირდება ახალ გარემოსთან და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. გარდა ამისა, ზომაშიც პატარაა, ბუჩქის მსგავსი და არც ბევრი ადგილი სჭირდება.

სურო
სურო ადვილი მოსავლელია, განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, თუმცა, თუ გინდათ, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს და თქვენი სამუშაო სივრცე არ გადატვირთოს დროდადრო შეკრეჭა და შემოკლებას დასჭირდება.

სანდერის დრაცენა

ეს მუქი მწვანე ტოტები რაღაცით ბამბუკს წააგავს. გარკვეული პერიოდი ამ მცენარის ქონა უბრალოდ ლარნაკშიც არის შესაძლებელი, მთავარია წყლის დონის კონტროლი, ის ფესვებს 2 სმ-ზე მეტად არ უნდა სცდებოდეს. დრაცენას არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, შესანიშნავად გრძნობს თავს გაფანტულ სინათლეში.

ალოე ვერა
ალოე ვერა არა მარტო ლამაზი, სასარგებლო მცენარეც არის. ამ მცენარის ფოთლების წვენი ძალიან კარგად ამშვიდებს და ატენიანებს კანს. ალოე განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, წყალი მაშინ სჭირდება, როდესაც გრუნტი გამოუშრება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები