ძირითადი წესები, როგორ მოვამზადოთ ოთახის მცენარეები ზამთრისთვის


ზამთარი ოთახის მცენარეებისთვის მარტივად გადასატანი პერიოდი არ არის. მართალია, შენობაში თოვლი და ყინვა არ ეხებათ, თუმცა გარკვეულ სირთულეებთან შეჭიდება მაინც გარდაუვალია. როგორ უნდა შევუქმნათ ჩვენ მწვანე მეგობრებს სათანადო კომფორტი ზამთრისთვის. საამისოდ არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი.

ოთახის მცენარეები, როგორც წესი, გაზაფხულსა და ზაფხულში იზრდებიან, შემოდგომასა და ზამთარში კი ეს პროცესი ძალიან შენელებული ან საერთოდ შეჩერებულია. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტია პატრონისთვის, რადგან ამ დროს მცენარეს არ სჭირდება ზაფხულისთვის ჩვეული წყალი და სასუქი. ასევე მასზე ცუდად მოქმედებს შენობაში ჩართული გათბობა და სითბო. ამიტომ
ჩვენი პირველი რჩევა იქნება, უარი თქვათ სასუქზე. დასვენების და მიძინების პერიოდში ყვავილებს ზედმეტი საკვები არ სჭირდებათ, რათა ზრდის პროცესი შეჩერდეს, ვინაიდან ზრდა ზამთრის პერიოდში მაინც არ იქნება სრულფასოვანი. სასუქი მხოლოდ იმ მცენარეებს სჭირდებათ, რომლებიც ყვავილობენ და აგრძელებენ ზრდას, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ კომპლექსური მინერალების გამოყენებას გირჩევთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კარგად შეამოწმოთ,  მწერები ხომ არ ჰყავს მცენარეს. დროულად აღმოჩენის შემთხვევაში, ეს პრობლემა საკმაოდ მარტივი მოსაგვარებელია. თუ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, მაშინ მცენარეზე უარის თქმა მოგიწევთ.

ზამთარში რადგან დღე მოკლეა, მცენარეებს არ აქვთ იმდენი მზის სინათლე, რამდენიც ზაფხულში ჰქონდათ. ამიტომ დის განმავლობაში ის მაქსიმალურად განათებულ ადგილზე უნდა მოათავსოთ. თუ ამის გაკეთება ვერ ხერხდება, მაშინ უნდა მოიშველიოთ ხელოვნური განათება, რომელიც 8-12 საათის განმავლობაში უნდა ენთოს.

განსაკუთრებულ აღნიშვნას ალბათ არ საჭიროებს ის, რომ მორწყვა და წყალი ყვავილებს იმ რაოდენობით აღარ დასჭირდებათ, როგორ ზაფხულში. ამიტომ წყლის რაოდენობა აუცილებლად უნდა შეამციროთ. ყველაზე მარტივი მეთოდი, გაიგოთ, სჭირდება თუ არა მცენარე წყალი, გახლავთ მისი ნიადაგის თითით მოსინჯვა, თუ ორი სანტიმეტრის სიღრმეზე ნიადაგი გამომშრალია, წყალი უნდა დაამატოთ, თუ ნიადაგი სველი დაგხვდათ, წყლის დამატება საჭირო აღარ არის. გახსოვდეთ, სუკულენტებს წყალი 4-6 კვირაში ერთხელ სჭირდებათ. კაქტუსები კი წყლის გარეშე მშვენივრად იგრძნობენ თავს გაზაფხულამდე.

და ბოლოს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ის ფაქტორი, რომ ცენტრალური გათბობა ჰაერს აშრობს, რაც ერთგვარ პრობლემას უქმნის არა მარტო ადამიანებს, არამედ მცენარეებსაც. მომატებულმა ტემპერატურამ შესაძლოა მცენარის ზრდა გამოიწვიოს, თუმცა არასათანადო განათების პირობებში ეს პროცესი სრულყოფილად ვერ განვითარდება, რაც, რაღა თქმა უნდა, არ აისახება დადებითად მცენარეზე. იმისათვის, რომ მცენარემ თავი კარგად იგრძნოს, ოთახში ჰაერის ტენიანობა 60% მაინც უნდა იყოს. ეს ეხებათ ადამიანებსაც.

კომენტარის დამატება