ოთახის უჩვეულო მცენარეები მათთვის, ვისაც პოპულარული მცენარეები მობეზრდა

ხანდახან შესაძლოა ერთი და იგივე მცენარე უბრალოდ მოგვბეზრდეს და სიახლე მოგვინდეს. შემოგთავაზებთ შედარებით უცნაური მცენარეების ჩამონათვალს. არჩევანის გაკეთება თქვენთვის მოგვინდვია.

ვარდისფერი ანთურიუმი

ყველაზე ქალური და მიმზიდველია ანთურიუმებს შორის. ის ერთგვარი ჯუჯა კაქტუსია, 35-40 სმ-ზე მეტი არ იზრდება. ყვავილებს კი უხვად იკეთებს, ისე, რომ ფოთლებიც კი არ ჩანს ხოლმე. არც პრეტენზიული და მომთხოვნია, გრილი ადგილი უყვარს.

კარმონა (ჩაის ხე)

თუ ბონსაი არასდროს გქონიათ და ამის სურვილი გაგიჩნდათ, გირჩევთ კარმონათი დაიწყოთ. კარმონას მოოქროსფრო-მომწვანო პრიალა ფოთლები ძალიან ლამაზად და ეფექტურად გამოიყურება. გარდა ამისა,
პატრონის ჯანმრთელობაზე ზრუნვაც შეუძლია, საოცრად წმენდს ჰაერს და სასიამოვნო მსუბუქი არომატიც აქვს.

ასპლენიუმი

ეს საოცარი გვიმრა ავსტრალიისა და მალაიზიის ტროპიკებიდან შესაძლოა დიდ ბუჩქად გადაიქცეს, რომლის სიგანეც ზოგჯერ 1 მეტრსაც კი აღწევს ხოლმე. ეს მცენარე უბრალოდ განძია მათთვის, ვინც გზის პირზე ცხოვრობს. მისი ფოთლები ძალიან ეფექტურად წმენდს ჰაერს, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთგვარი ცოცხალი ფილტრია.

სენეციო როული

ამ უჩვეულო მცენარეს მარგალიტის მძივებსაც ეძახიან, გამორჩეულია არა მარტო ფორმით, არამედ აგებულებითაც. ფოთლებიც უჩვეულო აქვს, მძივებს წააგავს. მისი დანახვა ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს. ისე, როგორც ყველა სუკულენტი, ადვილად მოსავლელია, ადაპტირებულია სიმშრალესთან.

სტრელიცია

თუ მრავალწლოვანი მცენარეები გიყვართ, მაშინ სტრელიცია სათქვენო ყოფილა. მისი ნარინჯისფერო ყვავილი ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს და არც მოსავლელად არის რთული, ერთადერთი მოთხოვნა აქვს, ზამთარში ტემპერატურა 15-16 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს და მშვიდ გარემოში უნდა განათავსოთ. ზაფხულში კი თამამად შეგიძლიათ გააბრძანოთ აივანზე.

სპარსული ციკლამენა

ეს მართლაც განუმეორებელი სილამაზის, თითქოს ხავერდის ყვავილი მებაღეებში ერთ-ერთ რთულად მოსავლელ, მომთხოვნ ყვავილად არის ცნობილი. ყვავილობას ზამთრის დასაწყისში იწყებს. ამ პერიოდშივე საჭიროებს ნიადაგის გამდიდრებას და ოპტიმალურ ტემპერატურას, არანაკლებ 10 გრადუსისა. ეს ყვავილი სითბოში პრაქტიკულად არ ყვავის, მისი ყვავილების ზედა იარუსი ლპობას იწყებს. იმისთვისაც მზად იყავით, რომ შუა გაზაფხულზე ფოთლებს ჩამოყრის და მიიძინებს.

ციკასი

მსგავსი პალმის ხე შესაძლოა ზღვის სანაპიროზე გაქვთ ნანახი. უმეტეს ქვეყანაში ეს მცენარე შეაქვთ, მისი სამშობოლოა ფიჯი, პოლინეზიის კუნძულები, სამოა. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ის პლანეტას ჯერ კიდევ მეზოზოური ეპოქიდან ამშვენებს. ეს ადვილი დასაჯერებელიც არის, რადგან ფოთლები ისეთი სქელი და ტლანქი აქვს, გეგონება ხელოვნური მასალისგან არის დამზადებულიო.

მედინილა

ეპიფიტური (მცენარე, რომელიც სხვა მცენარეზე, ძირითადად ხის ტოტზე ან ღერზე სახლდება) მცენარეების ფონზე მედილინა გიგანტური ზომის გახლავთ. სახლის პირობებში შესაძლოა 120 სმ-მდეც კი გაიზარდოს.
ულამაზესი ყვავილები აქვს, თუმცა მოვლასაც სპეციფიკურს საჭიროებს და თუ მის ყიდვას გადაწყვეტთ, მოვლის წესებსაც საგულდაგულოდ უნდა გაეცნოთ.

სერაცენია

ეს ერთგვარი ველური, მტაცებელი მცენარეა დაფარული სპეციალური წებოვანი სითხით, რომელიც მწერებს იზიდავს და შემდეგ მათ იკრავს. სერაცენიას უყვარს წყალი და დღის სინათლე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები