ანი ციციშვილი 19 წლისაა. აგრარულ უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. საოცარი სამყარო აქვს, რომლის განუყრელი ნაწილია ულამაზესი და მდიდარი ორანჟერია, აკვარიუმი ფერადი და უნიკალური ჯიშის თევზებით, თუთიყუში, ძაღლი. ყველაფერს თვითონ უვლის. ამბობს, რომ დაღლას არასოდეს განიცდის, პირიქით, ყველაფერს დიდი სიამოვნებით ართმევს თავს.
- როდის აღმოაჩინე, რომ მცენარეებთან და ბუნებასთან გასაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა?
- სკოლაში გვედგა ჩვეულებრივი მწვანე გვიმრა. იმდენად ლამაზი და ფუმფულა იყო, ჩემი ყურადღება მიიქცია. ეს იყო დაახლოებით სამი წლის წინ. ამის მერე დავინტერესდი გვიმრებით. ვიყიდე ერთი ხუჭუჭა გვიმრა, ძალიან პატარა
- ორანჟერეის მოწყობაში ვინ გეხმარებოდა?
- მამაჩემის დახმარებით მოვაწყვე ორანჟერეა. დავდიოდი სათბურებში, ყვავილების ბაზრობაზე და ვაგროვებდი ყვავილებს, შემდეგ მე თვითონ ვამრავლებდი. თუ სადმე იშვიათი სახეობის მცენარე ჩამოვიდოდა, პირველი მე გავრბოდი, რომ ყიდვა მომესწრო. ზოგჯერ ჰოლანდიიდან ჩამოდის მცენარეების მიქსები (მიქსი არის ყუთი, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა სახეობის ყვავილი). იქ შეიძლება, ძალიან იშვიათი სახეობები იყოს. მაგალითად მე შევიძინე ასპლენიუმის გვიმრა, საკმაოდ იშვიათი სახეობაა. ასეთი სხვაგან არსად შემხვედრია. გვიმრა ბუჩქის გაყოფით ან სპორებით მრავლდება, როგორც სოკო და ხავსისნაირები. ჩემი ასპლენიუმის გვიმრა პატარაა, ამიტომ ჯერ არ გამიმრავლებია. სპორებიც არ აქვს. სპორით გამრავლება ცალკე სპეციფიკაა და სიღრმისეულ ცოდნას საჭიროებს. შვიდი თვე უნდა, რომ მცენარემდელი ხავსი წარმოიქმნას, რომლითაც იფარება და ამის შემდეგ იწყება მცენარის ზრდა. სხვადასხვა გვიმრას სხვადასხვა პერიოდი აქვს სპორის გამოსაღებად. ყველაზე მარტივი მეთოდია ბუჩქით გამრავლება.
გვიმრა არის უძველესი მცენარე. დედამიწაზე 400 მილიონი წლის წინ წარმოიშვა, დინოზავრების ეპოქაში ეს მცენარე არსებობდა. არ მრავლდება ტოტით და არ იკეთებს თესლს. უყვარს ტენიანი კლიმატი, ხშირი მორწყვა, მაგრამ მიწა ზედმეტად სველი არ უნდა იყოს. მოსწონს ზომიერი განათება, უფრო ნახევრად ჩრდილი. არავითარ შემთხვევაში არ შიძლება პირდაპირი მზე, მაშინვე წვავს ფოთლებს. პლატიცერიუმი გვიმრის სახეობა, ეპიფეტი მცენარეა, რომელიც იზრდება ხეზე. მეც მაქვს და მალე გადავიტან ხეზე. ჯუნგლებში მხოლოდ ხეებზე იზრდება, მიწაზე არ ხარობს. გვიმრების ფორმირებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათებას. თუ დავდგამთ კარგად განათებულ ადგილას, მივიღებთ სწორ ფოთლებს, რომელიც მაღლა ადის. თუ დავდგამთ ჩრდილში, მივიღებთ გადმოშვებულ, დაბლა დახრილ ტოტებს, რის შედეგადაც უფრო ამპელური ხდება მცენარე.
- სათბურში ბევრი სახეობის მცენარე გაქვს. ერთნაირი პირობებისთვის საგანგებოდ შეარჩიე?
- მცენარეებს სპეციალურად ვარჩევ, რომ ერთნაირ პირობებში მოსწონდეთ ყოფნა. 98% არის ტროპიკული ან ტროპიკულ ტენიანი ტყის კლიმატის მცენარეები, როგორც ავსტრალიის, ისე სამხრეთ ამერიკი და აფრიკის. არის რამდენიმე იშვიათი სახეობის კაქტუსი და სუკულენტი. თუ ტენიანობა პრობლემას შეუქმნის, ცალკე გადავიტან და განსხვავებულ პირობებს შევუქმნი.
- სტუდენტი ხარ, ალბათ მათი მოვლა დიდ დროს საჭიროებს. როგორ ართმევ თავს?
- მე თემქაზე ვცხოვრობ. ორანჟერეა ბებია ბაბუის სახლში, ავჭალაში მაქვს. სანამ უნივერსიტეტში წავალ, აქ მოვდივარ, ვრწყავ, ვუვლი, ვასუფთავებ. უნივერსიტეტის შემდეგაც იგივე მეორდება -ისევ დავხედავ ჩემს ყვავილებს და შინ გულდამშვიდებული ვბრუნდები. თუ ძალიან გვიან მომიწია მისვლა, იძულებული ვარ დავრჩე. იმ სახლშიც მაქვს ბევრი მცენარე, ორი აკვარიუმი, მყავს თუთიყუში, ძაღლი, კატა - შესაბამისად იქაც ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ მიჭირს აქ დარჩენა.
ანის ორანჟერიაშიც ჰყავს ორი ულამაზესი თუთიყუში, რომლებიც დროდადრო თავიანთი მჭახე ხმით გვეხმიანებოდნენ.
- მიყვარს თუთიყუშები, რადგან ულამაზესი და ამასთან ერთად მაღალგანვითარებული ინტელექტის მქონე ფრინველები არიან. სახლში რომელიც მყავს, უკვე გაწვრთნილია. გარეთ რომ გამყავს, ხელზე მიზის, რომც გაფრინდეს, დაძახებაზე უკან მოდის. ასრულებს ტრიუკებს, სიტყვებსაც ამბობს, მაგრამ მე არ ვასწავლი ლაპარაკს, ამიტომ აქტიური მოლაპარაკე არ არის.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
- თავიდან მომწონდა მცენარეები და ვფიქრობდი ბოტანიკის განხრით გამეგრძელებინა სწავლა. მაგრამ ბოლო დროს დამაინტერესა მიკრობიოლოგიამ. მიკრობიოლოგია გულისხმობს ბაქტერიების გამრავლებას. მხატვრობიდან დავინტერესდი ბაქტერიებით. პეტრის თასებში ბაქტერიებით ხატავენ ძალიან საინტერესო ნახატებს. ამას განსხვავებული სპეციფიკა აქვს, რადგან ბაქტერია ცალკე ორგანიზმია. იქ ხატავენ როგორც ბაქტერიებით, ისე სოკოებით. ძალიან მომწონს, მაგრამ მე არ მიცდია ჯერჯერობით. მე ჯერ ჩვეულებრივ ვხატავ... ყველა ბაქტერიას სხვადასხვა დრო აქვს, რომ გაიზარდოს, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. სჭირდებათ განსხვავებული ტემპერატურა.
ანის ნახატები
ვფიქრობ ლაბორატორიის აშენებას. იქ გაკეთდება მიწის ქიმიური ანალიზი მიკროელემენტებზე, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი და სხვა. თუმცა ცოტა რთულია ამ ყველაფრის გაკეთება. უსაფრთხოების სტანდარტები მაქვს სასწავლი. როცა სათანადო ცოდნას მივიღება, აუცილებლად ავაშენებ ლაბორატორიას.
მერი ბლიაძე
კომენტარები