ყვავილების სიყვარული ერთგვარი აზარტია. თუ ჯერ არ ხართ გატაცებული ყვავილების სიყვარულით, შეგიძლიათ თინა ჯამალაშვილის კოლექციას გადაავლოთ თვალი და დამერწმუნეთ, გულგრილი არ დარჩებით, ყვავილების მოშენების დაუძლეველი სურვილი შეგიპყრობთ. 70-მდე ჯიში და 200-მდე ძირი ორქიდეა, ასევე იშვიათი სელექციის ვარდები - ეს ქალბატონი თინას კოლექციის მცირედი ჩამონათვალია.
- მცენარეები ძალიან მიყვარს, ეს სიყვარული და განსაკუთრებული დამოკიდებულება ბავშვობაშივე ჩაისახა ჩემში. როდესაც საქართველოში ვცხოვრობდით, დიდი ეზო გვქონდა, უამრავი მცენარითა და ყვავილებით დამშვენებული. მახსოვს, როგორ უვლიდა ბებო ყვავილებს, მან საგანგებო ადგილიც კი გამომიყო, სადაც ვეწეოდი პატარა მეურნეობას. თუმცა ეს
მე-12 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, ჩასვლისთანავე ვიყიდე 2 ორქიდეა (Phalenopsis), მოვლა არ ვიცოდი და მხოლოდ წელიწად-ნახევარი მქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ გავბედე და გადავწყვიტე ორქიდეების შეძენა. ინტერნეტში სულ ვკითხულობდი მათი მოვლის წესებს, ვეცნობოდი ცნობილი კოლექციონერების სტატიებს, ეს ჰობი სერიოზულ გატაცებად მექცა. ბოლო 2 წელია აქტიურად ვაგროვებ ორქიდეებს და საკმაოდ მრავალფეროვანი კოლექცია შემიგროვდა.
- რამდენი სახეობის ყვავილი გაქვთ?
- ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას უშუალოდ უკავშირდება ორქიდეები. გარდა ამისა, ჩემს კოლექციას ამშვენებს რამდენიმე საუცხოო ჯიშის ვარდი, რომლებიც ასევე გამორჩეულად მიყვარს, პირადად ვაკალმებ და ვამრავლებ მათ.
ორქიდეა ჩემი ფავორიტი მცენარეა, მისი ყველა სახეობა განსაკუთრებულად მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს უიშვიათესი ჯიშის ორქიდეები, მათ შორის მაინც vanda-ს და Phalenopsis-ს გამოვარჩევდი.
- რატომ გამოარჩიეთ ორქიდეა? რით მიიქცია თქვენი ყურადღება?
- პირადად ჩემთვის, განსაკუთრებულად საინტერესო და მისტიური მცენარეა ორქიდეა, თავისი სილამაზით, ფოთლებითა და ფესვების განსაკუთრებული შეასახედაობით. ორქიდეა ეპიფიტი მცენარეა და მას რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, რითაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება და ამიტომ უკვე 2 წელია აქტიურად ვაგროვებ, ვუვლი და ვუფრთხილდები მათ.
- დღესდღეობით რამდენი სახეობა და რამდენი ძირი გექნებათ?
- ამჟამად მაქვს ორქიდეის 70-მდე ჯიში და სულ 200-მდე ძირი. მათი შეგროვება და ასეთი დიდი კოლექციის შეძენა საკმაო დროსა და თანხებს მოითხოვს, ზოგჯერ რაღაც განსაკუთრებული,ბუნებრივი სახეობა მინდა ვიყიდო, მაგრამ მისი შოვნა არც ისე ადვილია, ამიტომ მიხდება მეზობელ ქალაქებში ან, საერთოდ, სხვა ქვეყანაში წასვლა. ხშირად ვიწერ სხვადასხვა კერძო კოლექციონერებისგან პატარა ნერგებს, დავდივარ საკოლექციო სათბურებში, სადაც ახალი სახეობები გამოჰყავთ და ამრავლებენ. ჩემთვის ეს პროცესი მეტად სასიამოვნო და აზარტულია.
- როგორ ახერხებთ ამდენი ძირის მოვლას?
- ორქიდეა იმით არის გამორჩეული მცენარე, რომ ყოველდღე არ სჭირდება მოვლა, გამონაკლის სახეობებს თუ არ ჩავთვლით, რომლებსაც ყოველდღიურად და დღეში ორჯერაც კი სჭირდებათ ყურადღების მიქცევა, თუმცა ეს უკანასკნელიც სეზონზეა დამოკიდებული. მათ მოვლას დაახლოებით 2 საათს ვანდომებ, რაც ჩემთვის საუკეთესო განტვირთვაა, დრო სასიამოვნოდ გადის მათთან ურთიერთობისას. მოვლით მარტო ვუვლი, მაგრამ თუ სამოგზაუროდ მომიწია წასვლა ან საქართველოში ჩამოსვლა, ჩემს ქალიშვილს და დედას ვაბარებ კოლექციას მოსავლელად.
- როგორი პირობები უდა შევუქმნათ ორქიდეას, რომ კარგად იყვავილოს?
- რაც შეეხება მოვლას, ორქიდეებს აუცილებლად სჭირდებათ სპეციალური სასუქები. სასუქს ვხმარობ, მაგრამ როცა ორქიდეა აყვავდება, ვწყვეტ მათ გამოყენებას, ვიდრე არ დაასრულებს ყვავილობას. არის სპეციალური სასუქები, რომლებიც ფოთლებზე ესხურება და ფოთლიდან ხდება მცენარის კვება. მორწყვის რეჟიმის დარეგულირება არის ორქიდეების ერთ-ერთი აუცილებელი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროცესი, უნდა ვარეგულიროთ ტემპერატურა და იმის მიხედვით ვაკონტორლოთ მორწყვის რეჟიმი, ანუ ეს ინდივიდუალურია ყველასთვის, გააჩნია ვინ სად ცხოვრობს და რა ტემპერატურული ცვალებადობაა მასთან სახლში.
- გამრავლება თუ გიცდიათ?
- გამრავლებას რაც შეეხება, ვამრავლებ ჩემი კოლექციიდნ ზოგიერთ მარტივ სახეობას, რომელიც თავისი ბუნებრივი გზით მრავლდება, ჩემი ჩარევის გარეშე.
- როგორც ვიცი, საქართველოში ბევრი მეგობარი გაახარეთ ლამაზი საჩუქრით, ალბათ ისეთი ადამიანeებისთვის გემეტებათ, ვინც იცით, რომ სათუთად მოუვლის.
- მე კარგად მესმის, რა არის ორქიდეების სიყვარული, საქართველოში მყავს მეგობრები, რომლებიც აგროვებენ კოლექციას. ვცდილობ, როცა მაქვს გამოგზავნის ან ჩამოტანის საშუალება, ისინიც გავახარო ახალი, განსხვავებული სახეობებით,რომლებიც საქართელოში არ იყიდება. მიხარია ისეთი ადამიანისთვის ორქიდეის ჩუქება, რომელიც ვიცი, რომ კარგად მოუვლის და გაახარებს მას.
მერი ბლიაძე